ერთ აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარია. შემცირებულია დოლარზე მოთხოვნაც. როდემდე გაგრძელდება ვალუტის კურსის ზრდა, ამ საკითხზე პასუხი არ არსებობს, რადგან, ვალუტის კურსი ყოველწუთიერად იზრდება. მმართველ უმრავლესობაში კი, სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში არიან. უმრავლესობის წევრები ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს არ გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე საბიუჯეტო-საფინანსო-ეკონომიკური პროცესების ფონზე, მთავრობაში საკადრო ცვლილება აუცილებელია.
ეკონომიკის ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის თამაში გაცვლით კურსზე. ახლა აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება. მისივე თქმით, თუ არ იცის ეროვნულმა ბანკმა როგორ უნდა იმოქმედოს, შეუძლიათ დაურეკონ ირაკლი მანაგაძეს და ჰკითხონ, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული ვალუტის გამყარება.
for.ge სანდრო თვალჭრელიძეს ესაუბრა.
ბატონო სანდრო, შექმნილ ვითარებაში, რამდენად დროულია მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადახალისება?
- სამწუხაროდ, მთავრობა ჯერჯერობით, ვერ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. ეროვნულ ბანკსაც შევეხებოდი - არ შეიძლება ასეთი რაღცეების კეთება. ჩვენი ერთადერთი მონაპოვარი არის ჩვენი ეკონომიკის მყარი ლარი. ახლა თუ დავასუსტეთ ლარი და ასეთი პროცესები წარიმართა, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის. გუშინ, ბატონმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ეს არის საერთო გლობალური პროცესები - დოლარის საერთო გამაგრება და ნავთობის პროცესის დაცემა.
ჩვენი ეროვნული ვალუტა მიბმულია დოლარზე, ხოლო ცენტარლური ბანკი დოლარებზე. ამიტომ, კურსი უნდა შეცვლილიყო ლარსა და ევროს შორის და არა ლარსა და დოლარს შორის. ლარის ასე დასუსტება ჩვენთვის ძალიან ცუდია. თუ ეროვული ვალუტისადმი ნდობა დაიკარგება, ჩათვალეთ, რომ ნდობა არასოდეს არ აღდგება და ჩვენ ისევ მოგვიწევს ახალი სავალუტო რეფორმის განხორციელება. ეს არის ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, დევალვაციური პროცესი დაიწყო.
მაგრამ, თუ ინფლაციური პროცესები დაიწყო და რისი შანსიც ძალიან მაღალი ალბათობით არსებობს, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს?
- სამწუხაროდ, ნელ-ნელა უკვე იწყება. რასაკვირველია, რაღაცა სერიოზული უნდა გაკეთდეს. მაგალითად, 2001 წელს ლარი დავარდა, მაგრამ, ისევ გაამაგრეს. ახლა აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება. ეროვნულმა ბანკმა თუ არ იცის რა უნდა ჰქნას, დაურეკოს ირაკლი მანაგაძეს და ჰკითხოს, როგორ უნდა მოხდეს ეროვნული ვალუტის გამყარება.
თქვენ თვლით, რომ აუცილებელია ეკონომიკური გუნდის გადახალისება, მაგრამ ამით რა შეიცვლება? ყოფილი პრემიერის შეფასებით, საგანგაშო არაფერი არ ხდება, რადგან დოლარი მთელს მსოფლიოში მყარდება...
- შეიძლება ბატონი ყოფილი პრემიერისთვის, ასეთი დიდი ქონების პატრონისთვის ეს ვითარება საგანგაშო არაა, მაგრამ, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელსაც ლარებში აქვს შემოსავალი, ადამაინი, რომელიც სამუშოდ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ეს მისთვის ტრაგიკულია. ფულს კარგავს, ბილეთი, რომელიც ღირდა 300 ლარი, ახლა ეღირება 350-400 ლარი, ასე არაა საქმე. ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირივით კარჩაკეტილი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი ვალუტა და თავისუფალ სამყაროში ცხოვრება. ამიტომ, ჩემის აზრით აუცილებელია, რომ ლარი გამყარდეს. ვისაც პატარ-პატარა თანხები გვაქვს შენახული, ისევ დოლარში გადავიტანოთ, ბანკაში ჩადოთ და მიწაში ჩავმარხოთ? ასე როგორ შეიძლება?! საბანკო სისტემაში სასწრაფოდ დრაკონული მეთოდების გამოყენებაა საჭირო.
ყველაფერი ალბათ დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკა, რამდენად სწორად იქნება ორიენტირებული ამ პრობლემის მოგვარებისთვის ხელისუფლება. რამდენად, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ამ პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს?
- ძალიან მარტივი ტექნოლოგიებია გამოსაყენებელი. შეუქცევადი არაფერი არაა. ეს არის თამაში გაცვლით კურსზე. ეტყობა დასაბრუნებელი აქვთ უცხოეთში კრედიტები, რადგან ლარებშია ფიქსირებული, ამიტომ ასუსტებენ ლარის კურს, რომ ნაკლები გადაიხადონ საზღვარგარეთ. ასე არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, ამ მოსახლეობას მოვლა სჭირდება. მთავრობა იმისთვის გვყავს დაქირავებული, რომ ჩევნს კეთილდღეობაზე იზრუნოს. ასეთი ზრუნვა კი, ნამდვილად არ მაწყობს.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსის ძველ ნიშნულთან დაბრუნება, ალბათ, გამორიცხულია და შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნის...
- მოდით რა, ყველას ყველაფერი მოვკითხოთ თავისი მისამართით. ლარის დაცემის კურსზე პასუხსიმგებელი ნოდარ ხადური ნადვილად არააა. ის პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებაზე, სწორ პარამეტრებზე, მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზე და ა.შ. მთავრობა ამ შემთხვევაში არაა ის ძირითადი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში საფინანსო-პოლიტიკაზე. საფინანსო პოლიტიკა არის ეროვნული ბანკის პირდაპირი საქმე. თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი თავს ვერ ართმევს ამ ვითარებას, დაწეროს განცხადება და წავიდეს. მოვა ის, ვინც იცის, როგორ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ მარტივი ტექნოლოგიებით შეიძლება ამის გამოსწორება.
თუ კი მარტივად არის პრობლემის მოგვარება შესაძლებელი, მაშინ რა ხდება?
- არ დაგვავიწყდეს ვინ არის დღეს ჩვენს ეროვნულ ბანკში. ესენი ნორმალური ფინანსიტები არ არიან. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკიური ნიშნით დანიშნული ხალხია. ყველა პროფესიონალი ვინც იყო, იქიდან გააგდეს. მათ შორის მერაბ კაკულია, რომან გოცირიძე და ა.შ. მე მეჩვენება, რომ ისინი თავის საქმეს ვერ აკეთებენ. თუ ეს არის პოლიტკური ობსტრუქცია, ფაქტიურად ზურგში დანა, მაშინ ისინი ციხეში უნდა წავიდნენ, ან საკითხისადმი უცოდინარობაა. ამისთვის არსებობს დაზვერვა და შსს, ეს მათი საქმეა.