„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და შევქმნით საწვრთნელ ცენტრს საქართველოში“

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და შევქმნით საწვრთნელ ცენტრს საქართველოში“

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და შევქმნით საწვრთნელ ცენტრს საქართველოში“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივნი იენს სტოლტენბერგი, რომლის განცხადებით, ნატო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება „ახალი საწვრთნელი ცენტრი ქართული არმიისთვის, რომელშიც ნატოს ინსტრუქტორები იქნებიან“.

მისივე განცხადებით, საქართველოსთან ალიანსის თანამშრომლობა არ არის მიმართული მესამე ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ და არც ერთ ნატოს წევრ სახელმწიფოს ამ საკითხზე ვეტოს დადების უფლება არ გააჩნია. საქართველოს გარდა, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, კიდევ ორ სახელმწიფოსთან - მოლდოვასა და იორდანიასთან გააღრმავონ თანამშრომლობა.

საქართველოს ატლანატიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მესამე ქვეყანას არანაირი უფლება არ აქვს ნატოს და მისი პარტნიორ ქვეყანას შორის განხორციელებული ურთიერთობებზე ზემოქმედება მოახდინოს. მისივე თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად, ნატოში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის ფორმატები, რომელიც ნატომ უელსის სამიტზე შესთავაზა საქართველოს.

for.ge გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.

საქართველოში ნატოს საწვთნელი ბაზის შექმნას, მესამე ქვეყანა მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღიქვამს. საინტერესოა, რატომ ცდილობს რუსეთი ამტკიცოს, რომ ეს არის მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რა არის რუსეთის მიზანი რეალურად?

- რუსეთის მიზანია საქართველო არ იყოს ტერიტორიულად მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო. საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია სწორედ ამას ემსახურება. სამწუხაროდ, იმპერიული რეჟიმის ამბიციების მქონე პუტინის რუსეთს არ აწყობს მისი სახელმწიფოს გარშემო დემოკრატიული, ძლიერი და განვითარებული მეზობლების ყოლა.

ნატოს მინისტერილაზე დღის წესრიგი კონცენტრირებულია საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. მინისტერიალამდე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არ შეიცვლება გადაწყვეტილება და საქართველოში აუცილებლად შეიქმნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი. რა მასშტაბების იქნება ეს ცენტრი?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოსა და ნატოს შორის. რაც შეეხება კონკრეტულად ნატოს ექსპერტების გამოგზავნას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და მათი მაქსიმალურ ჩართულობას ამ პროცესში, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. რასაც ახლა უნდა ველოდოთ, ეს არის მეტი დეტალიზაცია, ცენტრის ადგილმდებარეობა, კონკრეტული პროგრამები და ა.შ. ეს საკითხები ამჟამად ინტენსიური განხილვის პროცესშია. ამჟამად ნატოში იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. თებერვალში გაიმართება თავდაცვის მინისტრების შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის, უკვე, შეთანხმებული იქნება ნატოსა და საქართველოს შორის კონკრეტული ფორმატი საწვრთნელი ცენტრის შესახებ.

რაც შეეხება რუსეთის ქმედებას და ოპონენტების განცხადებას, რომ ამით საფრთხეს ვუქმნით საქართველოს უსაფრთხოებას, 90-ანი წლებისა და უკრაინის გამოცდილებამ სკეპტიკოსებს თვალი უნდა აუხილოს. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის დროს მოხდა ჩვენი ინტეგრაცია დსთ-ში, 2 რუსი გენერალი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად, „კგბ“-ეს წარმომადგენლი დაინიშნა უშიშროების მინისტრად და ამის მიუხედავად არანაირი პროგრესი 90-ანი წლების დასაწყისში კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხით არ ყოფილა. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ უკრაინა, რომელმაც დროებით უარი თქვა ნატოში გაწევრიანებაზე, მაინც ვერ ასცდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

იგივე მოლდოვა, რომელსაც 1993 წლიდან აქვს ნეიტრალიტეტი გამოცხადებული, ასევე ვერანაირ პროგრესს ვერ აღწევს რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებაში. სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მოგვიტანს მეტ შესაძლებლობას ჩვენი სახელმწიფოების განმტკიცებისა და მისი სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბების კუთხით.

ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ, რამდენად ერთიანია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია?

- პრემიერის მხრიდან არის ძალიან მკაფიო განცხადება ევროატლანატიკური კურისის გაგრძელების შესახებ, რაც ამავე დროს, ეს კარგად უნდა გამოჩნდეს საქმეში. სწორედ ნატოსთან ამ პაკეტის განხორციელებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში გამოჩნდება რამდენად რეალურად ხორციელდება ის განცხადებები და მისწრაფებები, რომელიც გამოხატული იყო მთავრობის მიერ.

რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ეს საქმე ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. სამწუხაროდ, ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაცებმა და მათ შორის, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ღიად აღნიშნეს, რომ არის ძალიან სერიოზული ხარვეზები და არა მხოლოდ ხარვეზები, არამედ პროცედურული დარღვევები. ამას თუ დავუმატებთ იმ ფაქტს, რომ წინასწარ პატიმრობაში არიან აყვანილი პირები, რომელთა ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება სრული წვდომა ჰქონდეთ საქმესთან დაკავშირებულ მასალებზე, ყველაფერი ეს ერთად ქმნის ძალიან ცუდ აზრს და ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს იმიჯზე, ჩვენს უცხოელ პარტიორებთან რომლებიც სვამენ კითხვებს.

საქმის განხილვის გადადება 10 თებერვლამდე მოითხოვა პროკურატურამ იმ მოტივით, რომ ახლა უნდა დაიწყონ მოწმეთა დაკითხვა, საქმის მასალების გამოკვლევა და მტკიცებულებების შეკრება. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ მტკიცებულება არ იყო, არ იყო დაკითხული მოწმეები, მაშინ როგორ მოხდა ბრალის ფორმულირება. ამ თემის გარშემო თუ სვამენ კითხვებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები?

- ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ მიუთითეს, რომ ამ მხრივ ძალიან სერიოზული კითხვები გააჩნიათ. შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის კარგად აღქმული. მე ვსაუბრობ როგორც აშშ-ის განცხადებაზე, ასევე ლიტველი და სხვა ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე. ისინი არ მალავენ თავიანთ წუხილს და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ მაქსიმალურად ეცადონ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რომ საქმეს ჩამოშორდეს პოლიტიკური დევნის ეჭვები.

კანონის შესაბამისად განახორციელონ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე, რომ არ დარჩეს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები გამოიყენება პოლიტიკური მიზნით. მათი პოზიცია სავსებით ცალსახად არის დაფიქსირებული და ახლა უკვე მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი ჩამოშორდეს. პროკურატურა და შსს არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც პოლიტიკური იარაღი.

თუ დადასტურდა, რომ 5 დაკავებული იყო უდანაშაულო, ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ ეს ადამიანი ამ დრომდე იმყოფებიან საპატიმროში, იმ დანაშაულზე, რომლის მოტივი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია?

- რასაკვირველია, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მთავრობამ და პროკურატურამ. თუ რამე კონკრეტული დარღვევები იყო, მათ შორის სისხლის სამართლის კუთხით, კონკრეტულმა დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამაზე პასუხი უნდა აგოს. იმედია, ამას გამოავლენს გამოძიების პროცესი. ბოლო სიტყვა სასამართლოს ეთქმის. თუ დადასტურდა კანონის დარღვევა, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ეს პიროვნება, პროკურატურის თანამშრომელი, თუ რიგითი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი.