„ყაჩაღურად დაკარგული“ საყდრისი-ყაჩაღიანის დოკუმენტი

„ყაჩაღურად დაკარგული“ საყდრისი-ყაჩაღიანის დოკუმენტი

„არ-ემ-ჯი გოლდი“ პოზიციას იცვლის და საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს კულტურულ ობიექტად აღარ მიიჩნევს. შესაბამისი განცხადება კომპანიის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბოლო სხდომაზე გაახმაურა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, იმავე სააპელაციო სასამართლოში „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელმა სხდომის დეკემბრამდე გადადება იმ მოტივით დაასაბუთა, რომ კომპანია საყდრისი-ყაჩაღიანს კულტურულ ობიექტად აღიარებდა და მნიშვნელოვნი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე „არ-ემ-ჯი გოლდის“ დამფუძნებელს დაპირისპირებულ მხარეებთან შეხვედრა გაემართა. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე გაირკვა, რომ მსგავსი შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა, ხოლო, „არ-ემ-ჯი გოლდი“ უკვე სადავოდ ხდის საკითხს, რომელიც წინა სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ მიაჩნდათ. მორიგი პროცესი 10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი კულტურის სამინისტროსთან პერფორმანსი მოეწყობა - „ყავის სმის“ სიმბოლურ აქციაზე „საყდრისის მცველები“ მივლენ და სამინისტროს საყდრისის საკითხზე სათანადო რეგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომის დეტალებზე და სამინისტროსთან დაგეგმილი აქციის შესახებ for.ge „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრს“ ირაკლი მამალაძეს ესაუბრა.

ირაკლი მამალაძე: სააპელაციო სასამართლოში განიხილება „მწვანე ალტერნატივა - დავით სახვაძის“, როგორც აპელანტი მხარის საქმე. მათ მოიგეს საქალაქო საამართლოში პროცესი სახელმწიფოსა და „არ-ემ-ჯი გოლდის“ წინააღმდეგ. რითიც გაუქმდა კულტურის მაშინდელი მინისტრის გურამ ოდიშარიას უკანონო გადაწყვეტილება საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მასთან ერთად საქართველოს მთავრობამ.

4 ნოემბრის სხდომისგან განსხვავებით „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენლებმა ბოლო პროცესზე სულ სხვა სტრატეგია გააჟღერეს. ისინი სასამართლო სხდომაზე ღიად ამტკიცებდნენ, რომ საყდრისი არ არის უძველესი ოქროს მაღარო, მეტიც, ის არ არის არქეოლოგიური ობიექტი და იქ თუ რამე ინფორმაცია არსებობდა არქეფაქტების სახით, ამოღებულია უკვე და არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას. შესაბამისად, „არ-ემ-ჯი გოლდი“ და სახელმწიფო ითხოვს, მიეცეს კომპანიას ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოების საშუალება, საყდრისის-ყაჩაღიანის უბანზე.

ამ საკითხზე ერთსულოვანნი იყვნენ ეკონომიკის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო და „არ-ემ-ჯი გოლდი“. სასამართლო სხდომაზე საკუთარ გამოსვლებში მათ ყველაფერი დააბრალეს სააკაშვილს და მის მინისტრებს - ნიკა რურუასა და გოკა გაბაშვილს. მათი განცხადებით, ამ ადამიანებმა უკანონოდ მიანიჭეს საყდრისს ძეგლის სტატუსი, რაც ახალი ზღაპარია მათი მხრიდან. პირდაპირ ვაცხადებ, დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე 2006 წელს საყდრისს მიენიჭა ძეგლის სტატუსი, მოიპარა და გააქრო ნიკოლოზ ანთიძემ - ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა. ეს კარგად იციან კვალიფიციურმა არქეოლოგებმა და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა. შესაბამისად, ეს დოკუმენტაცია მხარეებმა დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლოში.

მე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვდგები წინა მთავრობის დამცველად. ერთი რამ არის ფაქტი, საყდრისის დანგრევა ისევე უნდოდა წინა მთავრობას, როგორც მოქმედ მთავრობას სურს. თუმცა, გერმანულ-ქართული ექსპედიცია უშლიდა ხელს მათაც და ამჟამინდელ მთავრობასაც.

გზა, რომელიც აირჩია „არ-ემ-ჯი გოლდმა“ და, ზოგადად, სახელმწიფომ, არის ძალიან სახიფათო გზა. ისინი, ფაქტობრივად, ღიად წავიდნენ პროვოკაციაზე - ცდილობენ, ამ ბინძური მეთოდით გავიდნენ ფონს და ააფეთქონ საყდრისი.

წარმოუდგენელია, რომ ძეგლს მიენიჭოს ეროვნული კატეგორია და შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობდეს. ზუსტად აქ არის დამარხული ძაღლის თავი და ეს ძაღლის თავი დამარხა ნიკოლოზ ანთიძემ.

როგორ შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ ნიკოლოზ ანთიძემ დოკუმენტი ნამდვილად გააქრო?

- პირდაპირ გეტყვით, ირინა ღამბაშიძემ და რამდენიმე არქეოლოგმა ჩემთან პირად საუბარში თქვეს, რომ იციან იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც აღიარა, რომ ეს დოკუმენტაცია ნიკოლოზ ანთიძემ შეგნებულად ამოიღო და დაკარგა. კარგად იციან აკადემიურ წრეებში ეს ისტორია და ფაქტი - ნიკოლოზ ანთიძემ მოიპარა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც 2006 წელს გოკა გაბაშვილმა მიანიჭა ძეგლის სტატუსი საყდრისს. ამგვარი სტატუსის მინიჭებას საკმაოდ რთული პროცედურის გავლა სჭირდება. შესაბამისი დოკუმენტაციის გაქრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული და, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ნიკოლოზ ანთიძე ამისთვის ძალიან დიდ ხანს დაჰყოფს ციხეში. ამიტომ, სჯობს, დროულად მოიტანონ და დადონ ეს დოკუმენტი, რომელსაც ამდენი ხანია ითხოვს სასამართლო.

წინა სასამართლო სხდომაზეარ-ემ-ჯი გოლდისწარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არ ხდიდნენ სადავოდ საკითხს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი არის კულტურული ობიექტი და ელოდებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელის ტროიცკის ჩამოსვლას, რომელსაც საქმეში ჩართულ მხარეებთან უშუალო მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა. რა ინფორმაცია გაქვს თქვენ, ჩამოვიდა ტროიცკი საქართველოში და გაიმართა შეხვედრები?

- სწორედ, ამ საკითხზე საუბრით გაიხსნა 3 დეკემბერს სასამართლო პროცესი. მოსამარლე დაინტერსდა, შედგა თუ არა ეს შეხვედრა. „არ-ემ-ჯი გოლდის“ იურისტმა თავი დაიძვრინა და განაცხადა, რომ კომპანიის დამფუძნებელმა ვერ მოიცალა და ამ ეტაპზე ვერ შეხვდა დაპირისპირებულ მხარეებს. არ უთქვამს, აპირებს თუ არა სამომავლოდ მსგავს შეხვედრებს.

წინა სასამართლოზე ნათქვამი მათ დღეს სრულად უგულებელყვეს და სრულად გადაერთნენ ახალ სტრატეგიაზე. დღეს აცხადებენ, რომ საყდრისი არასდროს ყოფილა არქეოლოგიური ობიექტი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 99 გრადუსით შემოტრიალდა მათი ხედვა. მათმა ამ პოზიციამ დააბნია მოსამართლეც და დარბაზში მსხდომი ყველა მხარე.

დღეს, 4 დეკემბერს, კულტურის სამინისტროსთან საზოგადოების წარმომადგენელთა აქცია-პერფორმანსი - „ყავის სმა“ - იგეგმება. სწორედ, კულტურის სამინისტროა ის მთავარი მხარე, რომელსაც თქვენ საყდრისის გამო უპირიპირდებით. აპირებთ თუ არა აქციაში მონაწილეობას და დაისმება თუ არა ამ აქციაზე საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი?

- აქციაზე წარმოდგენილი იქნება „საყდრისის კომიტეტი“ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვითხოვთ კულტურის მინისტრთან შეხვედრას, რომელმაც სამი თვის განმავლობაში ვერ მოიცალა ჩვენთვის. დიახ, დღეს იქნება ყავის სმა კულტურის სამინისტროსთან და ამ აქცია-პერფორმანისით საზოგადოებას ვეტყვით, რომ ეს სამინისტრო იქცა, ერთგვარად, ყავის სმის, მკითხაობის, „ფეისბუქზე“ ჭორაობის სამინისტროდ. ეს აღარ არის უკვე არც კულტურის, არც ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ესთეტიკის უწყებას უფრო ჰგავს. საქართველოს მოსახლეობა გაიგებს, რომ სამარცხვინოდ იქცევიან ამ სამინისტროში და აქ დასაქმებული ადამიანები ყველა სხვა სამინისტროზე მეტ ყავას მიირთმევენ. შემიძლია გითხრათ, რომ თვეში დაახლოებით 1500 ლარის ყავას სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე. ფაქტია ისიც, რომ საქმეს არ აკეთებენ - ენგრევათ მუზეუმები, თავზე დაენგრათ საყდრისი, უმძიმეს მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობა, სავალალო მდგომარეობაშია ეროვნული საგანძური, არანაირი ხედვა არ არის გაჟღერებული მინისტრის მხრიდან, თუ რა სტრატეგია აქვს და როგორ აპირებს კულტურული მეკვიდრეობის გადარჩენას.

დღევანდელ აქციაზე იქნება ყავის სმა და ჯაზი, როგორც ერთგვარი პროტესტი. ჩვენ არავის ვუკრძალავთ ყავის დალევას, მაგრამ არ შეიძლება ამ რაოდენობის ყავის სმა ბიუჯეტის ხარჯზე. პრობლემა არ არის მხოლოდ ყავა, საკმაოდ დიდია მათი რესტორნისა და ბანკეტის ხარჯები, გაუგონარი ოდენობის თანხაა გადახდილი ალკოჰოლურ სასმელებში. არ შეიძლება, ამ ადამიანებმა მართონ ისეთი სფერო, როგორიცაა კულტურა. ბატონ გიორგაძეს შეუძლია გააკეთოს ჯაზის სამინისტრო და მას უხელმძღვანელოს.

რაც შეეხება საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცეს, როდის იგეგმება სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა?

- სასამართლო პროცესი გაგრძელდება 10 დეკემბერს. აპელანტ მხარეს - „მწვანე ალტერნატივა - დავით სახვაძეს“ - მიეცემა სიტყვა. ისინი დაასაბუთებენ და დადებენ ფაქტებს, თუ რატომ უნდა დატოვოს ძალაში სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც აბსოლუტურად კანონიერად აღუდგინა საყდრისს, რაღაც დონეზე, სტატუსი. არ შეიძლება, ეს გამარჯვება წაგვართვას, ერთი მხრივ, სახელმწიფომ და მეორე მხრივ კომპანიამ, რომლის ძალაუფლება, შეიძლება ითქვას, განუსაზღვრელია.