ასპინძის რაიონის მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. მტკვარი, რომელიც ადგილობრივებისთვის წყლით მომარაგების ერთადერთი საშუალება იყო, თითქმის დამშრალია. მდინარის დონე ასპინძის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 90 პროცენტით შემცირდა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, თურქეთის საზღვრიდან, ვიდრე სხვა შენაკადები შეურთდებოდეს, მტკვარი აღარ მოდის, აღარ არსებობს! მის ადგილზე მხოლოდ გუბეებია დარჩენილი. იმ ტერიტორიიდან კი, სადაც მტკვარს მარცხნიდან პატარა მდინარეები: დუმელია და ბუზმარეთი უერთდებიან, ხოლო მარჯვნიდან - ხავეთი და ოკამი, მტკვრის კალაპოტში უკვე წყალი მიდის, მაგრამ ძველებურ დიდ მდინარეს არ ჰგავს. მცხეთასთან და თბილისთან ახლოს, შენაკადების გამო, მდინარეს პრობლემა არ შექმნია.
სამცხე-ჯავახეთში მტკვრის დაშრობის ზუსტ მიზეზებზე ჯერ მსჯელობენ. გარემოსდამცველები ორ ვერსიას განიხილავენ. ერთი ვერსიის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე წყალსაცავის მშენებლობა მიმდინარეობს და წყლის დიდი ნაწილი სწორედ მის შესავსებად გამოიყენება. მეორე ნაწილი შექმნილ მდგომარეობას ბუნებრივ კატასტროფასაც უკავშირებს.
მტკვრის დონის კლებას საგანგაშოს უწოდებენ გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები. ორგანიზაცია „აწყურის“ თავმჯდომარის ნანა ნათენაძის ინფორმაციით, მტკვრის დაშრობა დიდი ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოსისტემას და მათ ბინადართ. მდინარის დაშრობის პროცესის გახანგრძლივება კი ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ნათენაძე მონიტორინგის ჯგუფის შექმნას მოითხოვს, რათა გაირკვეს რა მოხდა სინამდვილეში.
მდინარე მტკვარში წყლის დონის კლებას ადასტურებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროც და კონკრეტულ მიზეზსაც განმარტავს.
მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს ეროღლუს წერილი გაუგზავნა.
„თურქული მხარე განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე „ქაიაბეის“ კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ, თურქულმა კერძო კომპანიამ, დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყლის რესურსის გამოყენების შესახებ.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობიდან, ამჟამად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს მომავალში ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
თურქული მხარის ინფორმაციით, წყლის მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე ნორმალურ დონეს დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დაუბრუნდება.
„ამასთან, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე შემოდის თურქეთიდან. შესაბამისად, წყლის დონის დროებითი შემცირება არ იწვევს სერიოზულ რისკს. მიუხედავად, ამისა, სამინისტრო განუწყვეტლივ აწარმოებს მონიტორინგს და ნებისმიერი ცვლილების შესახებ უმალვე ამცნობს საზოგადოებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
ასპინძის რაიონის სოფელებში მტკვრის წყალს სარწყავად იყენებენ. უხუცესები ამბობენ, რომ წყლის დონის ასეთი კლება არ ახსოვთ. ადგილობრივები მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და შიშობენ, რომ მტკვრის დონის საგანგაშო კლება მორწყვის პრობლემას გამოიწვევს და მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.