საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზებს მეტწილად ჩაშლილ ტენდერებს უკავშირებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამ ჩაშლილი ტენდერების უკან პოლიტიკური ინტერესები იდგეს.
ტენდერებთან დაკავშირებით ტენდენციურობა განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს იკვეთებოდა, როცა ტენდერს ვერ მოიგებდი, თუ ყოფილი მაღალჩინოსნები არ გმფარველობდნენ. სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა კითხვები, რატომ იგებდნენ ტენდერებს მაინცდამაინც დავით ბაქრაძისა და პეტრე ცისკარიშვილის სიმამრები?
დღეს კი სახელმწიფო ტენდერებში უცხოური კომპანიების გააქტიურება ექსპერტთა ნაწილში კითხვებს იწვევს. ცუდ ტენდენციად მიიჩნევს ამას ექსპერტი გია ხუხაშვილი და ხელისუფლებას ტენდერების ირგვლივ სახელმწიფო მიდგომების შემუშავებისაკენ მოუწოდებს.
კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე აცხადებს, რომ ქართულ და უცხოურ კომპანიებს თანაბარ პირობებში არ უწევთ საქმიანობა და დოკუმენტში ისეთი ნორმებია ჩადებული, რომელსაც ვერც ერთი ქართული კომპანია ვერ დააკმაყოფილებს. For.ge შეეცადა პაატა ტრაპაიძის მოსაზრების გარკვევას, თუმცა როგორც აგვიხსნეს, ამ თემაზე საუბარი მას აღარ სურდა და ჯობდა, არც თავის დროზე ეთქვა რაიმე.
მოგვიანებით სადაზღვევო კომპანია „არდის“ წერილი გავრცელდა. კომპანიის წარმომადგენლები წუხდნენ, რომ „არაპროფესიონალი მოხელეების პანიკური შიშით შედგენილი სატენდერო პირობები ბიზნესს ანგრევდა. ამიტომაც ტენდერების სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესებას პრემიერ-მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოს სთხოვდნენ.
„სახელმწიფო ტენდერები ბიზნესისთვის მახედ იქცა და ჯანსაღი ქართული სამშენებლო კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება“, - აცხადებენ კომპანიაში. For.ge-ს მცდელობის მიუხედავად, „არდის“ წარმომადგენელთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. როცა თემის შინაარსის შესახებ ვაცნობეთ, არც სხვა კომპანიებში ისურვეს საუბარი.
საკითხში გასარკვევად ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით, მათ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში გადაგვამისამართეს, ამ უწყებაში კი აგვიხსნეს, რომ ტენდერებზე კომენტარს მთავრობის კანცელარიაში მოვისმენდით. საბოლოოდ, რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის -გიორგი კობერიძისგან მივიღეთ წერილობითი პასუხი. ჩვენს შეკითხვაზე, „ტენდერებთან დაკავშირებით რა პროდუქციის შეთავაზება შეუძლიათ ქართველებს და რამდენად იოლია მათთვის ტენდერების მოგება?“, - მინისტრის მოადგილემ გვიპასუხა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2 კატეგორიის ტენდერები ტარდება: ა) ტენდერები სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებზე, სადაც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებული კომპანიების რაოდენობა დაახლოებით 98% შეადგენს. ბ) საერთაშორისო ტენდერები - დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, მათივე მოთხოვნითა და სავალდებულო რატიფიცირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად.
„თუკი რომელიმე სამშენებლო კომპანიას სურს საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობა, მისი წლიური სამშენებლო ბრუნვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს პროექტის ბიუჯეტის საშუალოდ 80%-ს. იმ შემთხვევაში, თუ ქართულ ან უცხოურ კომპანიას არ გააჩნია ამ მასშტაბის ფინანსური რესურსები, ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმს“, - ნათქვამია სამინისტროსგან მიღებულ წერილში, სადაც, ასევე, განგვიმარტეს, რომ ტენდერების ჩატარების დროს როგორც ქართული, ასევე, უცხოური კომპანიები თანაბარი პირობებით სარგებლობენ.
რამდენად თანაბარია სატენდერო პირობები ქართული და უცხოური კომპანიებისთვის? ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული კომპანიები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებენ. შესაძლოა, ეს პირდაპირი გაგებით პროტექციონიზმი და სასათბურე პირობების შექმნა არ იყოს, მაგრამ გარკვეული მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან საქართველოში მაღალი დონის ტექნოლოგიები არ არსებობს და არც იმის ფინანსებია, საერთაშორისო ტენდერებს გავუტოლდეთ, ან კონკურენციაში შევიდეთ უცხოურ კომპანიასთან, თუნდაც იმავე თურქულ ან რუსულ კომპანიასთან. ამიტომ ქართველებისთვის შეიძლება შევარბილოთ სატენდერო პირობები, მაშინ ეს გადასახადების სახით შევა ბიუჯეტში და 73 მილიონი ლარი, ასეთი დიდი თანხა, აღარ გავა საქართველოდან.
„ფინანსური კრიზისის პერიოდში მერკელმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ საჭიროა ადგილობრივი კომპანიების დახმარება. აშშ-მ „ჯენერალ მოტორსს“ პირდაპირი სახელმწიფო სუფსიდია მისცა. ეს არ ნიშნავს ეკონომიკის პრინციპთა დარღვევას, ეს ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. ჩვენ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ უპირატესობა გვაქვს სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური პროდუქციის სახით. ჭარბწარმოება სოფლის მეურნეობის არცერთ დარგში არ გაგვაჩნია, მაგრამ ქართული ჯარი ამ პროდუქციით შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ. რაც შეეხება ტენდერების უარყოფით მხარეს, ვთქვათ, რომელიმე მსხვილმა ქართულმა სამშენებლო კომპანიამ მოიგო ტენდერი, თანხების დაზოგვის მიზნით, ის ქვემოიჯარეს ქირაობს და არაპროფესიონალ კადრებს ქუჩიდან იყვანს, რაც სამშენებლო ხარისხზე აისახება. უცხოელს კი ჩამოჰყავს თავისი მუშა, ესეც უარყოფითია ჩვენთვის, რადგან ამით უცხოელი საქმდება. ამიტომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ პროფესიონალების დასაქმებაზე. ჩვენთან არც ისე დაქცეულია ქვეყანა, რომ რადგან იაფი მუშახელის ქვეყანა ვართ, ინტელექტის დონე მწირია. ინტელექტის მხრივ საკმაოდ მაღალ დონეზე ვართ“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავისი ბუნებით, ბიზნესი კოსმოპოლიტია და მისთვის ეროვნული საზღვრები ნაკლებად საინტერესოა. ის მოგების ნორმით ინტერესდება, ამიტომ ჩვენ ვერ შევზღუდავთ კაპიტალის მოძრაობას უცხოეთიდან თუ პირიქით. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად არიან ჩვენი კომპანიები მზად, ასეთ რთულ პირობებს და გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხონ. ამიტომ სახელმწიფოს დასჭირდება გარკვეული პროტექციონისტიული პოლიტიკა, რომ იმ ქართულ კომპანიებს მიეცეთ უპირატესობა, რომლებსაც აღნიშნულ ბაზარზე საქმიანობის გამოცდილება უკვე აქვთ ან ადგილობრივ სპეციფიკას იცნობენ.
„თანაბარი პირობების დროს ორი კომპანიიდან უპირატესობა ადგილობრივს, ეროვნულ პროდუქციას უნდა მიენიჭოს. ეს ზოგადი პრინციპია და ევროპის ქვეყნებშიც ასეა. იმავე სამუშაო ადგილების შემთხვევაში, თუ ვაკანსიაზე არ გამოითქმის ადგილობრივი, ანუ ევროკავშირის მოქალაქის სურვილი, მხოლოდ მაშინ იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. მახსენდება ქართული ანდაზა - რძით პირდამწვარი დოს უბერავდაო. იმისთვის, რომ არ დაგვდონ ბრალი ქსენოფობიაში, ზედმეტად გახსნილები და ლიბერალები გავხდით, ეს ხანდახან ბუმერანგივით ურტყამს ჩვენს ეროვნულ ინტერესს. თავის დროზე საქართველოდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსი იქნა გატანილი ოფშორულ ზონებში და საქართველოს უცხოური ინვესტიციის სახით დაუბრუნდა. ამიტომ უნდა შევზღუდოთ ოფშორებიდან კომპანიების მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ ორი კომპანია მუშაობს და ერთი იხდის გადასახადებს, მეორე - არა. შედეგების მიხედვით, ისინი არათანაბარ პირობებში არიან. ეს ამტკიცებს, რამდენად დაუცველია ჩვენი ბაზარი და რამდენად ძლიერია უცხოური კაპიტალის კონკურენცია შიდა ეროვნული ბიზნესის მიმართ“, -აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
გვაქვს კი ისეთი პროდუქცია, რომელიც ტენდერების დროს კონკურენციას გაუწევს უცხოურს?! ამის პასუხად სოსო არჩვაძე ამბობს, რომ უნდა ვაღიაროთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მრეწველობის სიდიდით მთლიან შიდა პროდუქტში, ჩვენი მეზობელი სომხეთის მრეწველობას უფრო მაღალი პროცენტი უჭირავს სომხეთის ეკონომიკაში. ამ მიმართულებით სამუშაოებია დასაწყები, რადგან მხოლოდ 32% უჭირავს ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში რეალურ სექტორს - სოფლის მეურნეობას, თავის ყველა დარგიანად, მრეწველობას, მშენებლობას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სეგმენტური უპირატესობის მოსაპოვებლად ამა თუ იმ დარგში.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ სწორედ ღია ტენდერების ბრალია, რომ ძალიან ბევრ უცხოურ კომპანიას საქართველოში ინვესტირება სურს. ადრე კი ძირითადად ნაცმოძრაობის გუნდთან დაახლოებული ადგილობრივი კომპანიები იგებდნენ ტენდერებს.
„ახლანდელ ტენდერებში რეგიონის ქვეყნებიდანაც იღებენ მონაწილეობას - ავსტრია, უკრაინა, თურქეთი. არანაირ საფრთხეს არ ვხედავ ამაში, პირიქით, ბაზარი გახსნილია.
კონკრეტული საქმე მაღალტექნოლოგიურმა კომპანიამ უნდა შეასრულოს, მათ შორის - უცხოურმა. თუ არათანაბარი პირობები ფიქსირდება ტენდერებში, ამაზე შეუძლიათ ბიზნესმენებს ღიად ისაუბრონ და კონკრეტული ფაქტები დადონ, რომელ პოზიციებზე შეუქმნეს პრობლემები. პროტექციონისტული პოლიტიკა არ უნდა გატარდეს, რადგან ქართული ეკონომიკა იგებს იმით, რომ საქმე სრულდება ხარისხიანად. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით კი საქმე მხოლოდ წააგებს. თუკი ორი ერთნაირი პროდუქცია იწარმოება - უცხოური და ქართული, იმას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელსაც უკეთესი პირობები, დაბალი ფასები ექნება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უფროსი მკვლევარი ანა დაბრუნდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაზე მეტ ტენდერში თურქეთს აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევეა, ევროპული ქვეყნები, ჩინეთი, აშშ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, გაორმაგდა უცხოური კომპანიების მონაწილეობა, მთლიანობაში, მათი წილი მაინც უმნიშვნელოა.
რაც შეეხება სფეროებს, ანა დაბრუნდაშვილის თქმით, ტენდერების დროს უცხოელები ინტერესდებიან სამშენებლო სფეროთი, ტექნიკის მიწოდებით. ყველაზე მსხვილი ტენდერი იყო თეთნულდში სათხილამურო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ტენდერებთან დაკავშირებით For.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ბოლო პერიოდში სახელმწიფო ტენდერებში უცხოური კომპანიების მონაწილეობის გააქტიურება-გაორმაგებას რით ახსნით? ძირითადად, რომელ კომპანიებზეა საუბარი და რატომ ხდება, რომ ამით ჩვენი ბიუჯეტი თანხებს კარგავს?
- დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ინფორმაციას არ ვფლობ. რაც შეეხება უცხოური კომპანიების მონაწილეობის გაორმაგებას, ამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. მინუსია ის, რომ სჯობს, დამატებითი ღირებულება ქვეყანაში იქმნებოდეს და აქ რჩებოდეს. ეს უკავშირდება სამუშაო ადგილებს, რეინვესტირების საშუალებებს და ა.შ. გასაგებია, ეს ღია ტენდერია, ვერანაირად ვერ შეზღუდავ უცხოურ კომპანიებს, რადგან თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყოს ყველა კომპანია. თუმცა გამჭვირვალეობის თვალსაზრისითაც, ჩემი აზრით, მეტი პრობლემაა უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებით, რადგან თუ ვინმეს აქვს რაიმე ტიპის დაინტერესება, ამის გაკეთება უცხოურ კომპანიაში უფრო მარტივია, ვიდრე ქართულ კომპანიაში. უცხოურ კომპანიაში უფრო ნაკლები რისკია. თუ ეს არის ოფშორული კომპანია, მისი დამფუძნებელი და პატრონი მაინც და მაინც კარგად არ ჩანს და აქ უკვე ჩნდება ეჭვი, რომ მთლად წესრიგში არ არის საქმე. თუმცა, თუ უცხოური კომპანია გამოცდილია და ტენდერი იმართება ისეთ პროდუქტზე, რისი ხარისხიანად წარმოებაც საქართველოში შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ტენდერებში უცხოური კომპანიების მონაწილეობა გასაგებია და მე არ ვამბობ, რომ ყველა შემთხვევა დარღვევას უკავშირდება. ხარისხის მოთხოვნა ზოგჯერ საჭიროებს უცხოური კომპანიების ჩართვას.
2014 წლის 9 თვის მონაცემებით, უცხოურმა კომპანიებმა სახელმწიფო კონტრაქტების გზით 73 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს მაშინ, როცა წინა 3 წლის განმავლობაში მათმა შემოსავალმა ჯამში 58 მლნ ლარი შეადგინა. ალბათ, ეს ფაქტიც რაღაცაზე მეტყველებს.
- ეს 73 მილიონი ლარი შეიძლებოდა დარჩენილიყო ქართულ ეკონომიკაში და საქართველოში ბრუნვაში ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შეიძლება მთლიანად არ დარჩენილიყო, რადგან არის პროდუქტი, რომელიც ადგილზე არ იწარმოება, მაგრამ პროდუქციის გარკვეულ ნაწილს თუკი საქართველოში აწარმოებდნენ, ეს სასარგებლო იქნებოდა.
თქვენ პროტექციონისტული პოლიტიკის მომხრე ხართ. რატომ არ ტარდება საქართველოში პროტექციონისტული პოლიტიკა, რაც შიდა ბაზრის იმპორტისგან დაცვას განაპირობებს?
- ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, თუ ჩვენ ვერ განვავითარებთ ეკონომიკის რეალურ სექტორს, ჩვენ გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას ვერ მივიღებთ ქვეყანაში. იმისთვის, რომ შევქმნათ საკუთარი კონკურენტული წარმოება, რომელიც მომავალში კონკურენტუნარიანი იქნება როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, გარკვეული პროტექციონისტული პოლიტიკა გასატარებელია. გასაგებია, ჩვენ ვერ დავიწყებთ ამ ნიშნით კომპანიების გადახარისხებას, თუმცა იმავე სატენდერო პირობებში, მაგრამ ისე რომ კანონი არ დაირღვეს, შეიძლება გარკვეული პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. ეს რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე. თუ ჩვენ შეგვიძლია ერთი და იმავე ხარისხის პროდუქცია მივიღოთ ქართული და უცხოური კომპანიიდან, ყოველთვის ჯობია, რომ ეს პროდუქცია მივიღოთ ადგილზე ნაწარმის სახით. გარდა ამისა, უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებით არის გარკვეული რისკები ტენდერების ჩაშლის ან პირობების არშესრულებასთან დაკავშირებით. როდესაც ობშორული კომპანია იღებს მონაწილეობას რაღაც ტენდერში, პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ძალზე გართულდება მისი დაჯარიმება. ამიტომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში სატენდერო პირობებში უნდა ჩაიდოს.
ხშირად ცალკეული კომპანიები ხელოვნურად შლიან ტენდერებს. აქ დივერსიის მცდელობასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- მე მგონი, აქ დივერსიაზე მეტად უფრო კორპორატიულ მომენტთან გვაქვს საქმე, ანუ შეგნებულად დემპინგური ფასებით გადიან იმისთვის, რომ ჩაშალონ ტენდერები.
თანაც, ვალდებულებებს შეგნებულად არ ასრულებენ...
- დიახ, ეს შეგნებულად ხდება, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ამ ყველაფრის პრევენცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. როცა ეს სისტემურ ხასიათს იღებს, თავისთავად, ნიშნავს, რომ რაღაც ამ პროცესში სწორად არ მუშაობს და შესაბამისი კორექტივები ხელისუფლებას შესატანი აქვს. ამიტომ სჯობს, ხელისუფლებამ ამაზე დროულად იფიქროს. თანაც, ტენდერის ჩაშლა არ ხდება მხოლოდ ჩაშლისთვის, ეს არის ვადების დარღვევა. ამ ყველაფრისგან სახელმწიფო არაპირდაპირ, ირიბ ზარალს ნახულობს.
ყოველ შემთხვევაში, ერთ წელიწადს კარგავს ხელისუფლება, სანამ ახლიდან არ გამოაცხადებს ტენდერს.
- რა თქმა უნდა, ამიტომ ეს საკითხი სწრაფად მოსაგვარებელია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
რაც შეეხება ერთი და იმავე ადამიანების გამარჯვებას ტენდერებში, ნაციონალების დროს ეს აქტუალური იყო. კითხვაც ისმოდა, რატომ იგებდნენ ტენდერებს დავით ბაქრაძის და პეტრე ცისკარიშვილის სიმამრები? ახლა ამ მხრივ რა ვითარებაა?
- ეს გასაგებია, მაშინ ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალისტური ურთიერთობები მუშაობდა. იყო გარკვეული ბიზნესელიტა, რომელსაც ტენდერებში ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული და იყო „შავი სია“, რომელსაც არ ჰქონდა ამაში მონაწილეობის მიღების უფლება. ამ კომპანიებიდან ზოგი საკუთრივ ხელისუფლების მფლობელობაში იყო,ზოგიერთი კომპანია კი მოგებული ტენდერების სანაცვლოდ ე.წ. შეწირულობებს აკეთებდა მმართველ პარტიაში. ეს პროცესი მთლიანად პოლიტიზირებული იყო. იმედი მაქვს, დღეს ასე არ არის, თუმცა ცალკეულ შემთხვევას დღესაც ვერ გამოვრიცხავ.
პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება დროში გაწელვადი იქნება?
- პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფს შეუძლია, მაქსიმუმ, ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი ფორმულა დადოს და შეიმუშავოს სტანდარტები. არა მგონია, ეს ასე რთული იყოს, მით უმეტეს, არსებობს გარკვეული გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო გამოცდილებაც, რომლის ფარგლებშიც ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია. მთავარია ამის სურვილი. ფაქტია, რომ პრობლემა არის და პრობლემას უნდა გადაწყვეტა.