თბილისის მცხოვრებლებს ბოლო კვირებია სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ქალაქის ქუჩებში არსებული საცობებიც აწუხებთ. თუმცა, ქალაქში არც ქვეითად მოსიარულეებს ულხინთ. ტროტუარებზე გაჩერებული მანქანებით ჩახერგილი გზა, ხშირ შემთხვევაში, ავტომანქანების სავალ გზაზე მეტად გაუვალია. საზოგადოება პრობლემის მოგვარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ხელისუფლების მიმართ აქვთ პრეტენზია ძველ ხელისუფალთაც. თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ნიკა მელია „პოლიტიკურ მემკვიდრეებს“ შემოვლითი რკინიგზის პროექტის შეჩერებას აყვედრის. მელიას მტკიცებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის
დასრულების პირობებში, საათში დაახლოებით 3 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრში აღარ შემოვიდოდა, რითიც საგრძნობლად განიმუხტებოდა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები და აღარ იქნებოდა პარალიზებული არც ერთი სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი.
შემოვლითი გზების და ესტაკადების მშენებლობაში სრულ გამოსავალს ვერ ხედავს ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“. დედაქალაქის გზებზე შექმნილ პრობლემებზე for.ge, სწორედ, აღნიშნული ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს ესაუბრა.
რატომ შეიქმნა თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული პრობლემები ბოლო პერიოდში. რა არის მთავარი მიზეზი?
- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საცობის შექმნის მიზეზი ავტომობილების გადაჭარბებული რაოდენობა იყო, თუმცა გზაზე არსებულ პრობლემებზე როდესაც ვსაუბრობთ, უმნიშველოვანესი ფაქტორი ადამიანის ქცევაა. საცობების პრობლემას ხშირად ისიც იწვევს, რომ მძღოლები ერთმანეთს არ უთმობენ გზას და ცდილობენ, პირველი თავად გავიდნენ. მოძრაობას ისიც აფერხებს, რომ გზების შეკეთების მიზეზით საკმაოდ დიდი დროით არის გადაკეტილი ქუჩები. ასევე მომრავლებულია გაუმართავი ტაქსების რაოდენობა, რომლებიც ქალაქში უხვად ჩნდებიან, სწორედ, ნალექიანი ამინდის დროს.
თუმცა, საცობების პრობლემა საგზაო უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია, რომელზეც ბოლო დღეებში მხოლოდ იმიტომ დაიწყო საუბარი, რომ თბილისის თითქმის ყველა მცხოვრებს შეეხო.
პრობლემა კი უფრო მწვავეა: წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 8 ათასამდე ადამიანი შავდება, 600-მდე კი გარდაცვლილია. თუ ამ სტატისტიკას ევროპული ქვეყნების სტატისტიკას შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2,5-ჯერ მეტია. სულ ახლახან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ვალდებულებებიც გვაქვს, რომ საგზაო უსაფრთხოების კუთხითაც გავაუმჯობესოთ ვითარება. შემცირდეს
ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. საცობების პრობლემის გამწვავების შემდეგ დაიწყო ბევრ სხვადასხვა საკითხზე საუბარი, მაგალითად „ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟებაზე, ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნაზე, ესტაკადების მშენებლობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. ან მოაგვარებს მოკლე დროით და ორი წლის შემდეგ იგივე რეალობის წინაშე დავდგებით, როგორც დღეს გვაქვს.
საგზაო უსაფრთხოების ერთ პრობლემას, მეორემდე მივყავართ, მეორეს მესამემდე და ასე ჯაჭვივით გრძელდება.
ფეხით მოსაირულეებს არანაკლები პრობლემა ექმნებათ თბილისის ქუჩებში, ხშირად გზებზე მეტად დაკავებული, სწორედ, გზის ფეხით სავალი ნაწილია. ავტომანქანები პირადაპირ ტროტუარებზე დგანან. ასეთ პირობებში როგორ უნდა გაუჩნდეს ადამიანებს ფეხით სიარულის სურვილი?
- დღეს ქალაქში ტროტუარები, „ზებრა“ გადასასვლელები და შუქნიშნები ქვეითებისთვის არც არის საკმარისი რაოდენობით. ბევრი ქუჩაა, სადაც ტროტუარი არ არის და ძალიანაც რომ გინდოდეს, ფეხით ვერ გაივლი უსაფრთხოდ. „ზებრაზე“ გავლაც კი მაღალი რისკის შემცველია, რადგან მძღოლები არ გითმობენ გზას. ფაქტობრივად, ადამიანისთვის მანქანით უფრო კომფორტული და უსაფრთხოა გადაადგილება, ვიდრე ფეხით. შესაბამისად, ნებისმიერი სოაცილური ფენის წარმომადგენელი, ვისაც ოდნავ მაინც აქვს საშუალება, მანქანას ყიდულობს. შედეგად კი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება მანქანების რაოდენობა, ხოლო მთლიანი ავტოპარკის 40% დედაქალაქშია თავმოყრილი.
ავტომანქანების რაოდენობის შემცირება ხელოვნურად კი არა, ბუნებრივად უნდა მოხდეს, ქუჩაში კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნით. ადამიანს ფეხით სიარულის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის სურვილი რომ გაუჩნდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა საჭირო, რაც ბუნებრივად შეამცირებს ავტომობილების რაოდენობას, რადგან არავის უნდა ყოველდღიურად მანქანით მოძრაობა და ზედმეტი ხარჯის გაწევა.
ევროპული ქვეყნების ბევრ ქალაქში, პარკირების მაღალი გადასახადის მეშვეობით ფაქტობრივად, არ უშვებენ ავტომობილებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მაგრამ სანაცვლოდ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტია განვითარებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის. უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ადამიანებს საშაუალებას აძლევს, იარონ ფეხით და გამოიყენონ ისეთი უსაფრთხო ტრანპორტი, როგორიც ველოსიპედია. სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის ხედვა და საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია.
აქვს ქვეყანას დღეს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? ან ჰქონია დღემდე?
- დღეს არ აქვს. ასეთი დოკუმენტი იყო 2009-2013 წლებში - ეროვნულ დონეზე ეს იყო პირველი საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მომზადდა, ხოლო, განხორციელებული ღონისძიებების შედეგების ანალიზი ჯერჯერობით არ გაკეთებულა. ახლა საუბარია 4-5 წლიანი გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით მზადდება. თუმცა, პროცესი, ძალიან ნელი ნაბიჯებით მიიწევს წინ. ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მუნიციპალურ დონეზე საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ხედვის ჩამოყალიბებაა.
ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, მაგალითად, ესტონეთში კარგა ხნის წინ შეიმუშავეს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია. 2002 წელს რომ დაგეგმეს მომავალი 5 წელი, აღმოჩნდა, მეტს მიაღწიეს ვიდრე ელოდნენ. ახლახან სტუმრად იყვნენ საქართველოში ესტონელი კოლეგები და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგის განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც კოორდინირებულად და მიზანმიმართულად იმუშავებს სხვადასხვა სამინისტროებთან, რათა ერთობლივად მუშაობას მოჰყვეს დადებითი შედეგი.
რა უშლის ხელს საგაზაო პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვას? ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი ნება?
- ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური განწყობაა, მაგრამ მხოლოდ განწყობა არ არის საკმარისი, მეტი აქტიურობა და ქმედებაა საჭირო. უნდა გაანალიზდეს საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემა და ამის საფუძველზე დაიწყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
გრძელვადიანი ხედვის არსებობა და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება დაგვეხმარება იმ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში, რომელიც დღეს გვაქვს. და ეს მხოლოდ საცობები არ არის, გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებია, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი იღუპება და ათასობით ადამიანი ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მხოლოდ ცალკეულ ინტერვენციებს, გზებზე არსებული მასშტაბური პრობლემების მოგვარება გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
მოცემულ ვითარებაში, როცა პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი გეგმა არ არსებობს, რა უნდა გაკეთდეს ავტომანქანების სიმრავლით გამოწვეული საცობების დასარეგულირებლად? მოკლევადიანი გეგმა რა შეიძლება იყოს?
- გააჩნია, რას ვგულისხმობთ „მოკლე ვადაში“. ეს არის თემა, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და ერთ-ორ თვეში მოგვარება რთული იქნება. ხელისუფლებამ მიმართულება უნდა მისცეს საზოგადოებას. უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, არამედ, კანონის მკაცრი აღსრულება, რაც ხელს შეუწყობს გზის მონაწილეებს კანონმორჩილები გახდნენ, თუმცა დაჯარიმება არ არის ამოსავალი წერტილი, მას წინ უნდა უძღვოდეს მოსახლეობის ინფორმირება. შემდეგ კი საზოგადოებას ეს ყველაფერი ჩვევაშიც გადაუვა. ისევე, როგორც ეს მოხდა ღვედის დაწესების შემთხვევაში.
რომ შევადაროთ ერთმანეთს თბილისის და ვეროპის ქალაქების ქუჩებში გადაღებული ფოტოები, ვნახავთ, რომ იქ თუ ერთ მწკირვად დალაგებულნი მოძრაობენ, თბილისში ქაოტურად გადაადგილდებიან, ამ ფოტოებითაც იგრძნობა ხალხის ქცევა და საკითხის მიმართ დამოკიდებულება. ევროპას ამის მისაღწევად რა თქმა უნდა წლები დასჭირდა, მაგრამ როდესაც გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, დროა დავიწყოთ ისეთ საკითხებზეც ზრუნვა, როგორიც საგზაო უსაფრთხოებაა.