მოსამართლის თუ განსასჯელის სკამი

მოსამართლის თუ განსასჯელის სკამი

For.Ge აგრძელებს იმ მოსამართლეთა წარსულზე საუბარს, რომლებმაც საზოგადოებას თავი უსამართლო განაჩენებით დაამახსოვრეს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლეობის ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგაც, ხელახლა აპირებენ მოსამართლეებად მოგვევლინონ. ამ ადამიანებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გასვლის უფლება უკვე მოიპოვეს და გამორიცხული არ არის, კვლავაც ადამიანთა ბედი განაგონ. ეს ყველაფერი ეჭვის საბაბს იძლევა, რომ 2015 წლის თებერვალს კოტე კუბლაშვილის ვადის ამოწურვის შემდეგ, მონური მორჩილებით განთქმული მოსამართლეები კვლავაც ნაციონალების დაკვეთებს შეასრულებენ, ოღონდ ამჯერად ათი წლის ნაცვლად, უვადოდ დარჩებიან თანამდებობებზე.

ზვიად ესებუა - საკმაოდ დიდი ხნის მოსამართლეა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, ადვოკატები მას არაობიექტურად ახასიათებენ და მიიჩნევენ, რომ ის ყოველთვის პროკურორების წარბის შეხრის მონა იყო. ამის მაგალითია ვლადიმერ დოლიძის გახმაურებული საქმის განხილვა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანის ძმასთან, მიშა ჟორჟოლიანთან ერთად იყო დაკავებული ვაკეში მომხდარი ჩხუბის გამო. თუმცა ადვოკატების თქმით, მოსამართლემ პროკურორის ყალბი შუამდგომლობა „გააპრავა“ და არ დაიცვა კანონის უზენაესობა. გარდა ამისა, ზვიად ესებუა განიხილავდა პოლიტპატიმრების: ვახტანგ მაისაიას, გია სალუქვაძისა და ზაქარია ზურაშვილის საქმეებს, რომლებიც მხოლოდ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ. ამდენად, მისი წარსული საქმიანობის გამო „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჯერ კიდევ მაისის თვეში მოითხოვდნენ, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით განხორციელებულიყო.

For.Ge-სთან საუბარში ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ზვიად ესებუა სისხლის სამართლის დამნაშავეა, ამიტომ ის მოსამართლის სკამზე კი არა, ციხეში უნდა იჯდეს.

For.Ge-ს მეშვეობით მოვუწოდებ პროკურატურას, მიხედოს მოსამართლე ზვიად ესებუას საქმეს, რომელმაც 2010 წლის 22 იანვარს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. მან მტკიცებულებად მიიღო ჩემი ლეპტოპი, რომელიც პროკურორმა ბერეკაშვილმა აბსოლუტურად ღიად მოიტანა. ანუ საგამოძიებო ჯგუფმა დალუქა, მათ გახსნეს და მხარზე გადაკიდული მოიტანა პროკურორმა. კაცმა არ იცის, ლეპტოპში რა ჩაწერეს. არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლეპტოპი გაიხსნა ოპერატიული გზით და ისევ დაილუქა. ამდენად, როცა პროკურორს ღია წესით მოაქვს მტკიცებულება, მოსამართლეს უნდა გაეუქმებინა ასეთი „მტკიცებულება“ და იმავე დღესვე გავეთავისუფლებინე“, - გვითხრა ვახტანგ მაისაიამ.

ამასთან განმარტა, რომ სწორედ მოსამართლე ზვიად ესებუამ მიიღო წარმოებაში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენება, ზვიად ესებუამ დაადანაშაულა იგი ბუნებაში არარსებულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რადგან არც სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვა და არც რუსეთის ფედერაციის მიერ ჩანერგილი სამსახური არ არსებობდა, რაც სამხერო ექსპერტ ბესიკ ალადაშვილის დასკვნითაც დასტურდება.

ანჟელი ხუროძე კომუნისტებიდან მოყოლებული, მოსამართლეა. მისი პერსონა ადვოკატებში კითხვებს ბადებს, როგორ შეიძლება, ადამიანი ყველა ხელისუფლების დროს იყოს მოსამართლე? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ იგი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის საამო გადაწყვეტილებებს იღებს? როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამბობენ, ანჟელი ხუროძემ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამდებობიდან გათავისუფლებული ირაკლი ქველაძის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილი უფროსი იყო. „ახალგაზრდა ადვოკატთა“ თქმით, ირაკლი ქველაძე იუსტიციის სახლისა და თბილისის იუსტიციის სახლის ყოფილი დირექტორების შეთანხმებული მოქმედებით გაათავისუფლეს, რადგან მან თეა წულუკიანს მიაწოდა ინფორმაცია თანამშრომელთა უფლებების დარღვევის შესახებ.

თამარ მეშველიანი - კუბლაშვილთან დაახლოებული მოსამართლე. მისი მეუღლის ნათესავი - ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი ძმა - ვალერი ბუგიანიშვილი (ასევე, მოსამართლე) კუბლაშვილთან დაახლოებული პირები არიან ტყიბულიდან. ამავდროულად, ბუგიანიშვილები ტყიბულელ იური ტყეშელაშვილის (უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე) ნათესავები არიან, რომლის შვილიც - ირინა ტყეშელაშვილიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. ამდენად, ადვოკატების თქმით, თამარ მეშველიანს ყველაზე დიდი შანსი აქვს, დაინიშნოს მოსამართლედ.

ივანე ღლონტი ჯერ მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ახლა მუშაობს ქვემო ქართლში და ადვოკატების თქმით, იგი სამართლიანი სასამართლოს უფლებას უსპობდა ავადმყოფ პატიმრებს სააკაშვილის ზეობის დროს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ერთ ფაქტს იხსენებს, როცა 2009 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოხდა სასწაული და მან მოიგო სასამართლო პროცესი სახელმწიფო ჩინოსნის წინააღმდეგ. „ვინაიდან გახლავართ წინდახედული ადვოკატი და ვიცი, საქართველოს სასამართლო სისტემის რობოტიზაცია, სასამართლოს მოვთხოვე სარეზოლუციო ნაწილის გადმოცემა, სადაც დაფიქსირდა ჩემს მიერ სასამართლო პროცესის მოგება. როდესაც მოვინდომე გადაწყვეტილების აღსრულება, მოსამართლეებმა ჯუმბერ რუსიაშვილმა, ივანე ღლონტმა და ირაკლი შენგელიამ შეცვალეს გადაწყვეტილება და მხარეს წაართვეს დაახლოებით 30 000 ლარის მიღების კანონიერი უფლება. ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული და გააყალბეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უწყების სასარგებლოდ. ისმის კითხვა, მოსამართლემ თავისი ნებით შეცვალა გადაწყვეტილება და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული? რა თქმა უნდა, - არა. დღესავით ნათელია, რომ უზენესი სასამართლოს ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის ზეწოლის გარეშე, მოსამართლეთა სამეული ამას ვერ გააკეთებდა“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ლაშა კალანდაძე  - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ასევე, იხილავდა სისხლის სამართლის საქმეებს. მის მიერ განხილულ საქმეთა შორის აღნიშვნის ღირსია პაატა როსტომაშვილის საქმე, რომელსაც მკვლელობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაშინ როცა მის საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა და ის გაასამართლეს ჩაუდენელი დანაშაულისთვის. ასევეა, დავით და მიხეილ მაჭარაშვილების სისხლის სამართლის საქმე, ეს საქმეები ამჟამად სტრასბურგშია და სტრასბურგმა საქართველოს მთავრობის მიმართ დასვა ლეგიტიმური კითხვები ამ განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, ლაშა კალანდაძე ადეიშვილთან დაახლოებული პირი იყო და, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, კუბლაშვილის ერთგულების ნიშნით მონაწილეობდა სხვა მოსამართლეების დანიშვნაში.

ია ბარამიძე - მას მოსამართლეობის დიდი შანსი აქვს, რადგან ლობირებს ნაცმოძრაობა და მის სახელსა და გვარს აქტიურად იყენებს, თითქოს ახალი ხელისუფლება დევნის მოსამართლეებს. სწორედ ია ბარამიძემ დაწერა მოხსენებითი ბარათი კუბლაშვილის სახელზე, თითქოს პირადი ცხოვრების ინფორმაციის გამჟღავნებით, მასზე ზეწოლას ახდენდნენ პროკურორები და შს-ს თანამშრომლები და მოსამართლეებზე ინფორმაციას სთხოვდნენ.

ეკატერინე კულულაშვილი  - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის - ზაზა მეიშვილის და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ლია ორკოდაშვილის ნათესავი. სწორედ ლია ორკოდაშვილის დიშვილია ზაზა მეიშვილი, ფაქტობრივად, ეს არის ერთი სანათესაო. ამიტომ, ადვოკატების თქმით, კულულაშვილს დიდი შანსი აქვს, გახდეს მოსამართლე.

მიხეილ ბებიაშვილი  -2010 წელს სწორედ მან განიხილა ტერაქტების ორგანიზებაში მხილებულ მერაბ ყოლბაიას (მეტსახელად „კოჭოიას“) და გოგიტა არქანიას საქმე, რომლებსაც ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, წამების შემდეგ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. „ყოლბაიას ფეხებში ესროლეს და შემდეგ ნატყვიარში კალამს ურჭობდნენ. სად ჰქონდა წაკითხვის თავი, ისე მოაწერა ხელი“, - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა. ამის მიუხედავად, მიხეილ ბებიაშვილმა ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 7 მსჯავრდებულს 20-დან 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, ე.წ „კოჭოიას“ საქმეს აუცილებლად უნდა მოეხსნას გრიფი საიდუმლო, რადგან „კოჭოიას“ საქმეში ბრალდებული პირები შეთითხნილი შავი პიარის მსხვერპლნი არიან.

ლეილა მამულაშვილი  -ადვოკატების თქმით, იგი ნაცმოძრაობის ინტერესებს ჯერ კიდევ მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე იცავდა. 2013 წელს ლეილა მამულაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენი განსჯის საგნად იქცა. როგორც „ეროვნული ფრონტის“ ლიდერები იუწყებიან, ლეილა მამულაშვილმა 1992 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი მიტინგის დროს დახვრეტილი 21 წლის გივი რეხვიაშვილის დედას მორალური ზიანის კომპენსაციად მხოლოდ 500 ლარი არგუნა და ამ განაჩენით 21 წლის სტუდენტი ბიჭის სიცოცხლე მხოლოდ 500 ლარად შეაფასა.

იგივე ითქმის მოსამართლე მანანა ჩოხელზეც, რომელმაც 2012 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, იმჟამად გერმანიის მოქალაქე - ბიძინა გიორგობიანის 952 ათასი ლარით დაჯარიმებისა და საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ (ია მეტრეველის) ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რაც ნაციონალების ინტერესში შედიოდა. ამას წინ უსწრებდა კონტროლის პალატის სადამსჯელო ოპერაცია, რომელმაც დააყადაღა საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ საბანკო ანგარიშები, რადგან ის მიიჩნია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ ორგანიზაციად. გარდა ამისა, ფონდ „ქომაგისთვის“ 90 ათასი ევროს გადარიცხვის გამო 900 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარით დააჯარიმეს ბიძინა გიორგობიანი.