დიტო გელოვანი: ჰარი პოტერი და დაჟინებული მზერა

დიტო გელოვანი: ჰარი პოტერი და დაჟინებული მზერა

 „დიდად საკვირველია, რად შეიყვარა“, - ეუბნებოდა კონჩეტინასა და კუმეოს დანახვაზე საყელოშებნეული ვინსენტე ცილიოს, ის კი პასუხად: „მამაკაცადაც დიდი ვერაფერიშვილი რომ არ ყოფილა?“ „რა იცი“...“აგერ, ლაურას ვთხოვე და გამიგო“...“ეგება იმ ერთხელ ხასიათზე არ გახლდათ“. „მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ჯანეტმაც დამიზუსტა“. ხოლო კონჩეტინა ლორთქო ბალახივით ეფერებოდა გულის რჩეულის ეკლოვან თმას - „ცუნცულ, გიყვარვარ?“ „რო არ მიყვარდე, - ამაყად მიუგებდა კუმეო, - ცოლად წაგიყვანდი?“

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)

მთელი კვირა ვემზადებოდი, რომ გასული კვირის ამბებზე წერა, ძირითადად მოსმენებსა და რუსულ-აფხაზური ხელშეკრულებაზე მომიწევდა, მაგრამ გამოხტა „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და ყველაფერი გადაფარა. რა მოსმენები! რის ტერიტორიული მთლიანობა! ქალთა საინფორმაციო ცენტრმა იმდენი მოახერხა, რომ იძულებული ვარ, რომ ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სრულად, ყოველგვარი ტექსტზე ძალადობისა და დეფლორაციის გარეშე, ზუსტად ისე შემოგთავაზოთ, როგორც ეს ჩემმა მეგობარმა სააგენტომ გააკეთა:

„2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური შევიწროების სწრაფი შეფასება ჩაატარა. გამოკითხვაში 200 ქალი მონაწილეობდა.

„200 რესპონდენტიდან 90-ს მეტროში მგზავრობისას სხვადასხვა სახის სექსუალური შევიწროება განუცდია. რესპოდენტები სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, ძირითადად, მეტროს მატარებელში - 78%, ბაქანზე - 14%, შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე - 14% და 6% სადგურის შიგნით სხვა ადგილას“ - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო დაჟინებული მზერა (73%), სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% ) და სხვა (14%).

სექსუალური შევიწროების ფაქტზე რეაქცია არ ჰქონია გამოკითხულთა 78,9%-ს.

ყველაზე ხშირად სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.

„რესპონდენტთა 85.5% ამბობს, რომ, როდესაც მეტროში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ, მათ არავინ დაეხმარა. მხოლოდ 14,47%-ს დაეხმარნენ, თუმცა პოლიციისთვის არც ერთს არ მიუმართავს“.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ არც ერთ რესპონდენტს არასდროს მიუმართავს პოლიციისთვის დახმარებისთვის, სექსუალური შევიწროების შემთხვევებში. ეს ფაქტი მოწმობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია და ამ პრობლემას სერიოზულ საფრთხედ ან პრობლემად არ აღიქვამენ. სწორედ ამიტომ კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის შესახებ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენას და პრევენციას შეუწყობს ხელს“.

ა ბატონო, ამაზე მეტი და უარესი რაღა უნდა მოხდეს - მეტროში ჩასული ქალების დიდი ნაწილი მეტროდან გაუპატიურებული ამოდის, არის ესკალატორზე ერთი კრუსუნი, ტანსაცმლის სწორება და დეტალების გახსენება. ნუ, მერე, ალბათ, შთაბეჭდილებებსაც უზიარებენ ერთმანეთს და იქნებ კარგი აბორტმახერებისა და  სამშობიაროების მისამართებსაც აზუსტებენ.

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ, მინდოდა განგაშის ზარები შემომეკრა, მერე ეს ზარები დამერისხებინა და განრისხებულს დამეძახა: „ფურთხის ღირსი ხარ შენ, თბილისის მეტროპოლიტენის მომსახურებით მოსარგებლე ქართველო მამაკაცო“. მინდოდა, მაგრამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გვასწავლის, რომ აუცილებელია გადამოწმება. მართლაც, აბა ვის ენდობი დღევანდელ დროში? ჰოდა, გადავამოწმე. გამოვკითხე მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები, ნათესავები... ერთი-ორჯერ, ვითომ ასანთი არ მქონდა და სანამ ჯიბეებს იქექავდნენ, კითხვა რამდენიმე გამვლელსაც დავუსვი. კითხვა იყო ერთი: „სექსუალურად შეგივიწროვებიათ თუ არა უცხო ქალბატონი თბილისის მეტროს სადგურებში?“ შედეგმა, სიმართლე გითხრათ, განმაცვიფრა.

ჩემს მიერ გამოკითხულთა 73-მა პროცენტმა თქვა, რომ მეტროში ჩასვლისთანავე ქალებს დაჟინებით აშტერდება, ხოლო 31-მა პროცენტმა აღიარა, რომ ქალის დანახვაზე თავისდაუნებურად ყელიდან ღმუილი ამოსდის. და, რაც ყველაზე საინტერესოა, ჩემს მიერ გამოკითხულმა გაუპარსავმა და ბანჯგვლიანმა არსებებმა, საინფორმაციო ღრუდან არყის ოხშივარი  რომ ამოსდიოდათ, აღნიშნეს, რომ ასე მხოლოდ მეტროთი მგზავრობისას ემართებათ. „თავადაც ვერ ამიხსნია - აღნიშნა ერთ-ერთმა რესპონდენტმა - თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ და სალონში სულ ტიტველი ქალები სხედან და დგანან, მე ჩემთვის ვზივარ და ტოტალიზატორის კუშებზე ვფიქრობ. საკმარისია, მეტროში ჩავიდე და თურქულჩანთიანი, ბაზრობიდან მომავალი ქალი დავინახო, რომ თვალები თავისთავად მეჭყიტება, ყელიდან ღმუილი ამომდის და საკუთარ ხელებს ვეღარ ვაკონტროლებ“.

ამის შემდეგ რაღა აზრი ქონდა იმის კვლევას, თუ მეტროს რომელ ადგილებში აცეცებენ თვალებს ქართველი მამაკაცები? პასუხი წინასწარვე ვიცოდი - „მეტროს მატარებელში - 78%, ბაქანზე - 14%, შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე - 14% და 6% - სადგურის შიგნით სხვა ადგილას“.

ოღონდ, რას ნიშნავს „სადგურის სხვა ადგილას“ ეს მთლად ბოლომდე ვერ გავიგე და ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩავატარე - მეტროში ჩავედი. როგორც მივხვდი „სხვა ადგილებში“ იგულისხმება ესკალატორი და ესკალატორის მეთვალყურის ჯიხური.

ეს ყველაფერი კარგი (უფრო სწორად - არც ისე კარგი), მაგრამ სანამ თქვენ მკითხავთ, თუ როგორ ვიქცეოდი მეტროში ექსპერიმენტის დროს მე - არყისოხშივარიანი, გაუპარსავი და  ბანჯგვლიანი არსება, ჯობს თავადვე გითხრათ: ქალების 73 პროცენტს დაჟინებით ვაშტერდებოდი, 31 პროცენტის დანახვაზე სექსუალურ კომენტარს ვაკეთებდი, 14 პროცენტს კი ჩემდაუნებურად გავეხახუნე. სულ, მეტროში ერთ ჩასვლაზე, ორასამდე ქალი გავაუპატიურე.

და, რაც მთავარია, მეტროდან ამოსულმა სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავრე. ჩემთან ერთად მგზავრობდნენ შარლიზ ტერონი, ჯესიკა ალბა და ბრიჯიტ ბარდო (ახალგაზრდობაში). ყველანი ტიტვლები. მე კი ვიჯექი და საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რატომ არ ავიღე „ლივერპულის“ ერთიანი, „არსენალის“ ორიანი და „ჩელსის“ იქსი.

დამეთანხმებით, რომ საზოგადოების ბანჯგვლიან ნაწილში არსებული ფსიქომეტროსექსუალური განწყობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი სიტყვით - „კატასტროფა“!!!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სასწრაფოდ უნდა შემოვკრათ განგაშის ზარებს და შიგადაშიგ ეს ზარები უნდა დავარისხოთ კიდეც, მაგრამ უნდა დავარისხოთ ფრთხილად, ზრეები რომ არ გატყდეს. პრობლემა ბევრია, ზარები კი ცოტა გვაქვს. სად არის კაი ცხოვრება და ბევრი ზარი? არადა, პრობლემა მართლაც ბევრია. მაგალითად, გასულ კვირაში კვლავ წამოყო თავი (ყელი მოიღერა) კამპანიამ „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“.

მინდა გამოვხატო აღშფოთება და ამ კამპანიის მონაწილეებს ვუთხრა: „აი „ეგ“ ბებიათქვენებს ეხებათ!!!“ ასევე, მინდა გამოვხატო შეშფოთება - „მათ, მართლაც, ისევ უსმენენ!!!“

რამდენიმე სათაური: „არასამთავრობოებმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს“; „ნინო ლომჯარია დავით უსუფაშვილისგან "უფრო მეტ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას" ელოდება“; „არასამთავრობოების ვარაუდით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“; „ეკა გიგაური - იდეურად გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა ლოგიკურია“...

განხილვას არ შევუდგები. ისედაც კარგად მოგეხსენებათ, რა წარადგინეს ფოფხაძე-ბესელია-სესიაშვილმა, რით უპასუხა ხმალაძემ, რა უნდოდათ ასოთამწყობ-ენჯეოშნიკებს, რა მიიღეს და რას რა დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. ეგ არის, რომ არც ჩვენ და, რაც ყველაზე საგულისხმოა, არც ზემოთჩამოთვლილებმა, არ იციან, რა უნდათ და როგორ უნდათ. ვიცით, რომ ყველას სათავისოდ უნდა, მაგრამ არ ვიცით, ვის დარჩება გამარჯვება და ვის - ის, რაც ბებიამაგათებს ეხება. ვნახოთ. დავსხდეთ და ვუყუროთ, რა მოხდება. ჩვენ არაფერი შეგვიძლია. საერთოდაც, შეგიძლია მაშინ, როცა არჩევანის საშუალება გაქვს, ჩვენ კი რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ! ირაკლი სესიაშვილი თუ ნუგზარ წიკლაური? მანანა კობახიძე თუ ხათუნა გოგორიშვილი? ნანა ყეენიშვილი თუ კობა სუბელიანი? კობა ხაბაზი თუ ლადო სადღობელაშვილი? აკაკი გოგიჩაიშვილი თუ გია ჯაჯანიძე? ლია მუხაშავრია თუ შორენა შავერდაშვილი?

ჩემი დაჟინებული მზერა თავისუფლების ქანდაკებისკენ არის მიმართული, მაგრამ თან ვფრთხილობ - ემანდ ეკა გიგაურმა რამე არ დამაბრალოს.

ნინო ბურჯანაძე - „მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა“...

პოლიტიკურად სექსუალური განცხადებაა. რატომ არ ავირჩიე ნინო ბურჯანაძე, რატომ არ დავწერე „ლივერპულის“ ერთიანი... ეგ რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, არ მოხდებოდა ბაზალეთის ომი, არ წავაგებდით გარნისის ბრძოლას... რატომ არ ავიღე „ჩელსის“ იქსი, რატომ ჩაერია მანდატური აკაკი მინაშვილისა და მერაბ კაჭახიძის ჩხუბში, რატომ არ არის სიცოცხლე მარსზე...

„მანანა კობახიძემ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზიდან უმცირესობის წევრების გაყვანისკენ მოუწოდა“ - ესეც გვარიანად სექსუალურია, ოღონდ - გაუკუღმართებულად სექსუალური. არანაირი რომანტიკა - „ეკა ბესელია: „ჩვენ რომანტიულ კანონებს ვერ მივიღებთ“. არანაირი რომანტიკა, არანაირი გრამატიკა და არანაირი მათემატიკა - „პაატა ბარათაშვილი: „იმ რაოდენობის ხალხს, რაც 15 ნოემბრის აქციაზე მივიდა, ზვიად გამსახურდია დღეში სამჯერ აგროვებდა“.

ბაზარი... ბაზარი არ არი!!! იმ რაოდენობის ხალხს გამსახურდია დღეში სამჯერ აგროვებდა კი არა და, გამსახურდიას კარვის ქალები შიმშილობის დროს მაგ რაოდენობის ხაჭაპურს დღეში სამჯერ მიირთმევდნენ, შიმშილობის შემდეგ კი - დღეში ხუთჯერ. რა დრო იყო... ახლანდელი დრო დრო? ახლანდელი ქარი ქარია და ღრუბელი ღრუბელია? მზეც რაღაც ისე არ ანათებს და რაღაც ისე აღარ ღამდება, როგორც მაშინ, სანამ ტოტალიზატორი ფეხბურთს წაგვართმევდა, სილიკონი ქალებს, ფონოგრამა მუსიკას და ათასნაირი დონორი ფონდი ენჯეოშნიკებად გადაქცეულ ახალგაზრდობას.

„ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან რჩევები, რეკომენდაციები, კრიტიკა. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში დღითიდღე უფრო ვითარდება. ერთი მხრივ, საინტერესოა, თუ რას ფიქრობთ თქვენ და როგორ მუშაობთ ამ თემებზე, მეორე მხრივ კი, გვაქვს ვალდებულება, რომ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იყოთ ჩართული და თქვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოვისმინოთ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ“ .

შეეეენც, ვიქტორ? „ოქროს კერპს“ გავიხსენებ - „შენც, ბრუტუს? შენც მიეყიდე ბოლშევიკებს?!“ 

აღარც მადლი და აღარც მარილი, ზედ რომ მოაყარო. აჰა: „შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უვარგისი მარილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , აღნიშნული სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს, საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილებაში, კომპანიის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იყო თურქეთიდან შემოსული 26 280 კგ. მარილი“. 

ამ ქვეყანაში იოდის დეფიციტია, იოდის დეფიციტი იწვევს ინტელექტის ნაკლებობას - ჭკუასუსტობას, რასაც არჩევნების დროს ვამჟღავნებთ. იწვევს სინდის-ნამუსის დეფიციტს, რაც არჩევნების შემდეგ ვლინდება - „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება, ეს არ არის აბსოლუტური უფლება, ისევე, როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი შეზღუდვა კანონით, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთა, სადაც დღეს დილიდან მსჯელობის საგანი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებზე ბესელია-ფოფახაძე სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტია“. 

ისა და... რატომ არ ენდობიან ვიღაც-ვიღაცეები ჭიკაიძეს და რატომ ენდობიან კოჟორიძეს? რატომ არ ენდობიან მათი ოპონენტი ვიღაც-ვიღაცეები მათივე მოყვანილ მარგველაშვილს და რატომ ენდობიან 106 წლის ქალების გაუპატიურებაზე მოყოლილი ზღაპრის ავტორს, მარიკა ვერულაშვილს.

„ვისი ვიოლინო ვის როიალშია“ - ძალიან რბილად არის ნათქვამი და ძალიან ზუსტი რამ იგულისხმება.

ქმნიან ინსტიტუციებს და, თან, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს ძალა, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი ინსტიტუცია არსებობს - ძალადობა.

„მეგის ქარდავას წამების საქმეზე, ზუგდიდის სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული, შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო. სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის "ა" "ბ" და "ზ" ქვეპუნქტით. "სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და ჯარიმის სახით დაეკისრა 3000 ლარი", - აცხადებენ პროკურატურაში. ამჟამად მეგის ქარდავა მიმალვაში იმყოფება და მასზე გამოცხადებულია ძებნა“ - იტყობინებოდა ის, ბოლომდე რომ ვენდობი.

გამოცხადებულია ძებნა, მაგრამ მხოლოდ გამოცხადებულია თუ მართლა ეძებენ? ეს არის კითხვა, რომელიც მაწვალებს, მაგრამ სხვაც მაინტერესებს. სადმე რომ გადავაწყდე მეგის ქარდავას და სასტიკად რომ ვაწამო, რას მომისჯიან? გაფიქრებაც კი მზარავს. იქნებ, ინანონ კიდეც, საქართველოში სიკვდილით დასჯა რომ არის გაუქმებული.

სასამართლო, რომელმაც „სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები“ და მაინც „5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საბოლოოდ ამნისტიის აქტის გამოყენებით სასჯელის სახით 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“.

ამ სასამართლოს უნდა ჩაბარდეს მოსმენების გასაღები?! თუ ეგრეა, პირდაპირ პროკურატურას ჩააბარონ და ეგ იქნება - კუბლაშვილის შნირებზე უარესები მხოლოდ ადეიშვილის შნირები არიან.

„ნუგზარ წიკლაური: „ივანიშვილის ხელისუფლებას დამბლა დაეცა“ - იყო ასეთი ნიუსი, მაგრამ მანამდე, ორი წლის წინ, სააკაშვილის ხელისუფლებას იყო, დედა რომ... მას შემდეგ არც ისე ბევრმა წყალმა ჩაიარა და როგორც ახლა ირკვევა, სააკაშვილის ხელისუფლების დედა დაუგეგმავი სექსის შემდეგ გონს მოდის და სიამოვნებას ირგებს, თუმცა აცხადებს, რომ მასზე მოძალადე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

და როგორ ფიქრობთ, ვინ არის ეს მოძალადე, რომელმაც ნაციონალების დედაზე 3500 საარჩევნო უბანში იძალადა? კრებსითი გუგული მაღრაძე თუ ჯამური ირაკლი შიხიაშვილი? იქნებ, ირაკლი პეტრიაშვილი? ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილი? მამენტ... კოჟორიძე-ლომჯარია-გიგაურზე რას იტყოდით ან იქნებ დავით საგანელიძის მხრებზე მოგვესხა გამარჯვებული რაინდის მოსასხამი და ცხენზე მისთვის ნანა ყეენიშვილი შემოგვესვა?

„სერგო რატიანის განცხადებით, ამ კანონის მიღებით უმრავლესობას სერიოზული პრობლემები შეექმნება. რატიანის ამ განცხადებას გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. „ამ უზრდელობის ატანა შეუძლებელია და ყველას ვთხოვ უმრავლესობის წევრებიდან დარბაზი დავტოვოთ“, - განცხადა ჟორჟოლიანმა პელანრულ სხდომაზე“ - ნიუსებს მიჰქონდა ჩემი მეგობარი სააგენტო.

ვარდისფერი გია ჟორჟოლიანი და მწვანე გია გაჩეჩილაძე - ამ ორ კანდიდატურას გთავაზობთ, მათგან შევარჩიოთ, რადგან ისევ ასეთი არჩევანის თავისუფლება ჯობს იმას, რასაც „რუსთავი 2“ და „იმედი“ გვთავაზობენ - „ტრაკით ან ტრაკზე“.

მოკლედ - კატასტროფა. გრძლად - რამე თუ არ ვიღონეთ, აუცილებლად დავიღუპებით.

ჩვენ საწვალებლად ვართ გაჩენილები, განსჯისთვის  და ფიქრისთვის ენჯეოშნიკები არსებობენ. მაგალითად - „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, რომელმაც მეტროში ქალებისთვის დაჟინებული ცქერის აღსაკვეტად წინადადებათა პაკეტი შეიმუშავა: ა) საზოგადოებრივ ადგილებში უსაფრთხოების დაცვის მეტი საშუალება იყოს; ბ) საზოგადოების ცნობიერების ამაღლება: საზოგადოების ცნობიერების ამაღელება, სექსუალური შევიწროებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ (სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება და ა.შ.) ინფორმაციის გავრცელების კამპანიები; გ) სექსუალური შევიწროების შესახებ მარეგულირებელი კანონების მიღება და სექსუალური შევიწროების, როგორც დასჯად ქმედებად და კანონის დარღვევად განსაზღვრა.

მაინც მაგრები ვართ, მიმიქარავს ჰარი პოტერი. რომელ ჰარი პოტერს მოუვიდოდა თავში პრობლემის გადაწყვეტა ისე გენიალურად, როგორც „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ მოიფიქრა... და არც ეს არის ნაკლები: „ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების მიმართ შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულების ზვიად ასკაროღლისა და ალექსანდრე გუნცაძის ადვოკატმა, მარინა მარიამიძემ განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც მარინა მარიამიძემ აღნიშნა, დაცვის მხარე მიმართავს პროკურატურას, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან ბრალდებულები. მისივე თქმით, შეთავაზება დაცვის ქვეშ მყოფებთან დაკავშირებით არის 3000-3000 ლარის ჯარიმა და პირობითი მსჯავრი“.

3000 ლარი ერთი თამაშის ამბავია - მეტი გოლი, მეტი კუთხური, მეტი აუტი და ფავორიტის გამანადგურებელი მარცხი.

მაგრებიც ვართ და სასაცილოებიც - გასულ კვირაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ჩხუბი და დაპირისპირება მოჰყვა.

შერიგების სამინისტროსთან თუ ჩხუბი მოხდა, იქ რაღა მოხდება, მეტროს სადგურ „ვაგზლის მოედანში“ და იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე?

ამიტომ  - ფრთხილად, განსაკუთრებით მეტროში.

ფ.ა.ქ. (ფრთხილად, ადამიანებო, ქართველებო!) „მომეხმარე, ცუნცულა, - მიმართა კონჩეტინამ მეუღლეს და ყელზე შემოხვია ხელი, - ღელეში ფეხი არ დამისველდეს“. „მოდი, ჰო!“ - უთხრა კუმეომ და ღელეზე გადაახტუნა. „ცოტათი ფრთხილად არ შეიძლებოდა, - ოდნავ გაიბუტა კონჩტინა და მუცელზე მიიდო ხელი, - ა, ცუნცულ?“

(გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“)-