მეტეომგრძნობიარე ადამიანმა საკვები სწორად უნდა შეარჩიოს

მეტეომგრძნობიარე ადამიანმა საკვები სწორად უნდა შეარჩიოს

ატმოსფერული ცვლილებების დროს, თავს იჩენს თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად, ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.

უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ასევე, საშიშია მაგნიტური დღეები გულით დაავადებულთათვის, რადგან ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის რისკი, კერძოდ – ინსულტისა და ინფარქტის. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები.

მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიან ადამიანებს ეწყებათ შეტევები.

არსებობს ამ უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კერძოდ: ყველა მეტეომგრძნობიარე ადამიანმა კრიტიკულ დღეებში, შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდოს კონფლიქტებს; მეტი დრო დაჰყოს სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვას ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.

მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. გამორიცხეთ საკვები რაციონიდან შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.