შსს - მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია  სტუდენტებს გააცნო

შსს - მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია სტუდენტებს გააცნო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას განაგრძობს. ამჯერად, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. შსს-ს პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ფსიქოლოგების ჯგუფის უფროსი ია აფთარაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ვალერიან გობრონიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე ახალგაზრდებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.

შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენებაც გაიმართა. რგოლების მიზანია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სტუდენტებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებზე. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.