წიწაკა კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს

წიწაკა კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს

არსებობს რამდენიმე სახის წიწაკა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გემოთი, ასევე ფორმით. ამიტომ, ისინი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება.

ტკბილი (ბულგარული) წიწაკის ჯიშები შესანიშნავი საკვები პროდუქტია, ცხარე კი – შეუცვლელი საკაზმი კერძებისთვის. რაც შეეხება მათ სამკურნალო თვისებებს, ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია B, C და D ჯგუფის ვიტამინებით. მაკროელემენტებიდან კი მასში ჭარბადაა სპილენძი და თუთია.

სასურველია, თუ 40 გრამ ტკბილ წიწაკას სხვა ბოსტნეულთან ერთად სალათის სახით მიიღებთ დღეში ორჯერ. ის შველის სისუსტეს, უმადობას, დაბალი მჟავიანობით გამოწვეულ გასტრიტსა და თმის ცვენას.

წიწაკის მიღება კარგია, ასევე, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თრომბოფლებიტის დროს. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მიკრო და მაკროელემენტებს, C და B ვიტამინებს და ამიტომ, საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კერძოდ, აუმჯობესებს არტერიების, ვენებისა და კაპილარების საერთო მდგომარეობას.

ტკბილი წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიაქტიურად დაბინძურებულ გარემოში.

სიცხარე კი წიწაკაში განპირობებულია მასში არსებული ნივთიერების – კაპსაცინის არსებობით. ეს არომატული ნივთიერება წიწაკას არა მარტო სიცხარეს აძლევს, არამედ, აძლიერებს კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის ფუნქციას, რასაც ორგანიზმი მარილმჟავას ჭარბ წარმოქმნამდე მიჰყავს, ეს უკანასკნელი კი მომაკვდინებლად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ ბაქტერიებზე. კაპსაცინები აძლიერებს კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ასევე, კაპსაცინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

კაპსაცინი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაშიც – ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს სექსუალურ აქტივობას; მისი სისტემატური მიღება კი ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს.

ხშირად მიირთვით წიწაკა, რადგან, ის კიბოს წარმოქმნასაც უშლის ხელს – გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კაპსაცინი ამარცხებს კანცეროგენურ ნივთიერებებს.