რუსეთის ემბარგოს შემდეგ, რაკი ქართული ღვინის (მათ შორის კარგი ღვინისაც) გაყიდვებმა მოიკლო, ქართველი მეღვინეები და უპირველესად ღვინის კომპანიები დადგნენ მეტად საჩოთირო ფაქტის წინაშე. მათ ან ელემენტარულად, უნდა მიენებებინათ თავი ღვინის მასშტაბურად წარმოებისათვის და მცირე წარმოებაზე გადასულიყვნენ, ანდა უნდა ეფიქრათ იმ ალტერნატიულ გზებსა და ხერხებზე, რითაც ევროპელ მომხმარებელს ხაზგასმით მაღალხარისხიან პროდუქციას შეღავათიან ფასში შესთავაზებდნენ. სწორედ ამ დროს დადგა საკითხი, მივიწყებული ქართული ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენაზე.
ღვინის კომპანიებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უცხოეთიდანაც ჩამოიყვანეს მევენახეობის სპეციალისტები და ექსპერტები და გაირკვა, რომ ყურძნის ისეთ ჯიშებს, როგორიც არის: შავკაპიტო (ქართლი), ოცხანური საფერე (იმერეთი), ხიხვი (აღმ. საქართველო), ქისი (კახეთი) პერსპექტივა გაყიდვების თვალსაზრისით არამხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც აქვს. დღეს ევროპაში ქართული ღვინოებიდან პოპულარული ძირითადად მხოლოდ სამია: "რქაწითელი" (რომელიც ვარიაციების ბევრ საშუალებას იძლევა), "საფერავი" (რომელიც აქამდე ისედაც ცნობილი იყო) და "ხვანჭკარა" (კუპაჟური ღვინო, რომელსაც ფალსიფიკატორების გამო, ევროპაში ძალიან გაუტყდა სახელი). სწორედ ამიტომაც არის საჭირო და აუცილებელი, ქართულ მეღვინეობაში გარკვეული სიახლეების ძიება. ქართული ღვინის შედარებით მსხვილი კომპანიები: "თბილღვინო", "თელავის ღვინის მარანი", "თელიანი ველი", "ბადაგონი" და სხვებიც უკვე სერიოზულად ფიქრობენ ნაკლებად ცნობილი ყურძნის ჯიშების პოპულარიზაციაზე და მათი გეგმები, რა თქმა უნდა, უპირველესად გაყიდვების გაზრდის მომავალ პერსპექტივებზეა გათვლილი. ყველა აღიარებს, რომ ქართული ღვინის მომავალი ერთ, ან თუნდაც ორი დასახელების ღვინოზე ვერ იქნება დამოკიდებული.
ცნობილი ენოლოგი, ღვინის ექსპერტი და სპეციალისტი – გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის ბიზნესის მომავალი სწორედ მრავალფეროვნებაშია და თუკი ხარისხიც გაუმჯობესდება, ქართულ კომპანიებს როგორც შიდა, ასევე მსოფლიო ბაზარზე, თავიანთი ნიშა გაუჩნდებათ. "რაც დრო გადის, ღვინო უფრო და უფრო უკეთესი ხდება. წამოვიდა ახალი ვენახები, კომპანიები, მარნებს საკუთარი ვენახი გაუჩნდათ და ხარისხს მეტნაკლებად ფლობენ თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, უფრო კარგი ხარისხის ღვინოც გამოდის, ვიდრე ნაყიდი ყურძნისგან. ამბობენ ხოლმე, რომ რუსეთის ბაზრის დახურვამ ხარისხი გააუმჯობესაო. თუმცა, მე ამას ბოლომდე არ ვეთანხმები. რამდენიმე ფალსიფიკატორი, რომლებიც ადრე იყო და ღვინოს აწარმოებდა, ახლა საერთოდ არ აწარმოებს და ეს წინსვლა კი არ არის, უბრალოდ კონკრეტულმა ადამიანებმა შეწყვიტეს ჩამოსხმა. ხარისხზე უფრო მეტად მან იმოქმედა. ისიც აღსანიშნავია, რომ 10 წლის წინანდელთან შედარებით, მეღვინეებიის ცოდნამ ერთმნიშვნელოვნად მოიმატა", - ამბობს გიორგი სამანიშვილი.
სამანიშვილი ასევე აცხადებს, რომ დღეს მეღვინეები უფრო მეტს მოძრაობენ, ნახულობენ, ადარებენ და ქართულმა მეღვინეობამ გაცილებით გაუსწრო ქართველ მომხმარებელს. ქართველი მომხმარებელი კი დარჩა გასული საუკუნის 80-იან წლებში. დღემდე თითქმის ყველა ქართველი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინო ყველაზე საუკეთესოა; უბრალოდ ამერიკელებს არ გაუსინჯავთ და რომ გასინჯავენ, გადაირევიან და ჰგონიათ, რომ თუ კარგ ღვინოს გააკეთებ, ის აუცილებლად გაიყიდება. ქართველი მომხმარებელი სხვანაირად აფასებს ღვინოს, ვიდრე საერთაშორისო მომხმარებელი. გიორგი სამანიშვილის თქმით: "ჩვენ ჩავიკეტეთ ჩვენს ფსევდოტრადიციებში და ერთ წრეზე ვტრიალებთ. არის ბევრი რამ, რაც ტრადიცია გვგონია, მაგრამ არის საბჭოური გადმონაშთი".
- ევროპელებს რომელი ქართული ღვინო მოსწონთ ყველაზე მეტად და რატომ?
- ევროპაში გაყიდვების მხრივ ქართული ღვინიდან ყველაზე დაფასებული არის უპირველესად "საფერავი" და "წინანდალი" (ასევე "ქინძმარაულიც" და "ხვანჭკარაც", მაგრამ ეს უფრო მეტად იყიდება ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, ანუ, ვინც უფრო მეტად იცნობს ქართულ მეღვინეობას). დასავლეთ ევროპის მომხმარებლისათვის კი, "საფერავის" და "წინანდალის" შემდეგ ყველაზე პოპულარულია "მუკუზანი" და "ქინძმარაული". თუმცა, თბილისში გამართულ კონგრესზე გამოჩნდა, რომ ახლა თუ არა, მომავალში ევროპაში აუცილებლად დაფასდება არომატული ჯიშები: მწვანე, ქისი, ხიხვი... განსაკუთრებით ქისს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ქართული ღვინის ბიზნესში შესაძლოა ამ ღვინომ განსაკუთრებული ადგილიც კი დაიკავოს. მთავარია, ღვინო უნდა იყოს საინტერესო. ამ კუთხით, ღვინო ჰგავს ქალს. ანუ, თავიდან უნდა მოგხიბლოს და ეს უპირველესად, ხდება არომატის გამო. ამის შემდეგ, არომატს უნდა მისდევდეს გემო, უნდა იყოს დაბალანსებული. არ არის აუცილებელი, ღვინო აუცილებლად იყოს მაღალმჟავიანი. ანუ, პირველადი არომატი მაინც მუდამ წამყვანია.
- რუსული ემბარგოს შემდეგ, კონკრეტულად რა შეიცვალა ქართული ღვინის გაყიდვების კუთხით?
- 2005 წელს, საქართველოდან გავიდა 300 მილიონამდე ბოთლი ღვინო, ახლა კი გადის მაქსიმუმ 15 მილიონი ბოთლი. ანუ, გაყიდვები რამდენჯერმე შემცირდა, თუმცა მთლად 2005 წლიდან ვერ ავიღებთ ორიენტაციას, რადგან ამ წელს გაყიდვების კუთხით პიკი იყო. იქიდან ემბარგოსთან შედარებით რამხელა ჩავარდნაც იყო, იმასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ წინსვლა არის ძალზედ უმნიშვნელო. პატარა მატება ყოველწლიურად არის, თუმცა ამხელა ჩავარდნის შემდეგ, ძველ მონაცემებს რომ დავეწიოთ, გვჭირდება დაახლოებით 10 წელიწადი. რუსეთის ბაზარს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ არც უნდა ვეცადოთ რუსეთის ბაზრის შეცვლას. ახალი ბაზრების ასათვისებლად საჭიროა მუშაობა.
- და მაინც, რომელი ჯიშის ქართული ყურძენი და მისგან დამზადებული ღვინო მიგაჩნიათ ყველაზე პერსპექტიულად მომავალში?
- პერსპექტიული არის ყველა ქართული ჯიში, რეგიონების მიხედვით. როდესაც ქართული მეღვინეობა დადგება ფეხზე, გურიაში წამყვანი უნდა გახდეს ჩხავერი, სამეგრელოში ოჯალეში და ასე შემდეგ... ანუ, ადგილობრივი ჯიშების წინ წამოწევაა უპირველესად მნიშვნელოვანი. საქართველოს მეღვინეობის მთელი სიმდიდრე არის ჯიშური მრავალფეროვნება და ევროპელებს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრი ჯიშის ვაზი გვაქვს. გურიაში ჩასულ კაცს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩხავერი უნდა ხვდებოდეს და არა ადესა, ან მსგავსი რამ.
- საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისა და პოსტსოციალისტური ქვეყნების გარდა, სად იყიდება, ან შეიძლება გაიყიდოს ქართული ღვინო ყველაზე კარგად?
- ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ყველაზე კარგად რომ გვიცნობენ, ეს ფაქტია. უბრალოდ, რუსეთის გარდა, ყველგან ძალიან პატარა ბაზრებია და მათზე იმედის დამყარება არ შეიძლება, მაგრამ მანდაც უნდა ვიმუშაოთ. დიდი ბაზრებიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი იმედი მაქვს. დღეს ამერიკაში ჩვენ ღვინოს ძირითადად ვყიდით რუს ემიგრანტებზე. ფულის დახარჯვაა საჭირო და სწორად უნდა ვიმუშავოთ ამერიკელ მომხმარებელზე, რომ მათ გაიცნონ ქართული ღვინო და მოეწონოთ. ფულის რაც მთავარია სწორად დახარჯვაა საჭირო, იმიტომ, რომ ამერიკელი მომხმარებელი ყველაზე გახსნილი მომხმარებელია, საქართველოს მიმართ დადებითი განწყობებიც აქვთ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ და შეიყვარებენ ჩვენს ღვინოს. მე პირადად ჩინეთისა და ზოგადად, აზიის ბაზრის დიდი იმედი არ მაქვს. თუმცა, აზიის ბაზარზე რამდენიმე ქართული კომპანია ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ღვინოსთან ერთად აგზავნიან მაგალითად: თაფლს, კაკალს, და სხვა ბუნებრივ პროდუქტებს. ანუ, ამ ბიზნესში მთავარი ლოკომოტივი ღვინო ნამდვილად არ არის. საერთოდ, აზიის ბაზრები ღვინისათვის ჩაკეტილია და ძნელია იქ შესვლა, თუ იქაური პარტნიორი არ გყავს, რომელიც კონკრეტულად ქართული ღვინით დაინტერესდება.
- ბოლოს ქართული ღვინის ფასზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, საქართველოში და თუნდაც ევროპაში საშუალოდ რა უნდა ღირდეს ქართული ღვინო, რომ მისი ფასი მისაღები და გონივრული იყოს?
- საკმაოდ რთული კითხვაა. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული ღვინო არ უნდა ღირდეს ძალიან ძვირი. ევროპაში მაღაზიაში რომ შედიხარ, 3-4 ევროდ ყიდულობ კარგ ღვინოს. როდესაც შენი ღვინო ღირს 6-7-10 ევრო და მითუმეტეს, მომხმარებელი არ იცნობს ამ ღვინოს, რა თქმა უნდა ხელს არ მოკიდებს. იაფიანი ქართული ღვინის გაყიდვა ეს უფრო მეტად სტრატეგიაა და არ გამომდინარეობს თვითღირებულებიდან. ძალიან იაფიან სეგმენტში რომ შევიდეთ, ჩვენ ვერ ვაჯობებთ ისეთ მწარმოებლებს, რომლებსაც კაპიკები უჯდებათ ყურნის წარმოება და ღვინის ჩამოსხმა. ასეთი მწარმოებლის მაგალითად ჩილე გამოდგება. ისინი ფასში ჩვენ ყოველთვის გვაჯობებენ. ანუ, ფასით არავის უნდა შევებრძოლოთ. ჩვენი ბრძოლის იარაღი უნდა იყოს – უნიკალურობა! რაც შეიძლება მეტი ფული უნდა დავხარჯოთ იმაში, რომ მსოფლიოს ქართული ღვინო გავაცნოთ, როგორც განსხვავებული. aaf.ge