„ქალებში გასეირნება“

„ქალებში გასეირნება“

ცნობილი მსახიობის, აბესალომ ლორიას ვაჟი, თავადაც მსახიობი, მამუკა ლორია, ერთ ძალიან სასაცილო შემთხვევას იხსენებს:

„მამაჩემის – აბესალომის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ მსახიობი გივი ბერიკაშვილი და მოქანდაკე თემურ ჭყონია. თემურს წავკისში სახლი ჰქონდა.

გივი და აბესა იქ იყვნენ. თემურმა თბილისიდან დაურეკა მეგობრებს: ნაშები გავჩითე, ჯიგრებო და აბა, თქვენ იცით, დატრიალდით, სუფრა გააწყვეთ, ერთ საათში მანდ ვართო.

გაიქცნენ გივი და აბესა მაღაზიაში, იყიდეს საუკეთესო სასმელ-საჭმელი, გაშალეს სუფრა ლამაზად, გამოიწკიპნენ და თან თემურს ლოცავენ: გაიხარე, ძმაო, ცოტა ჩვენც გავგულავდეთ, მოვიწყოთ შვებულება, ჩვენც დავისვენოთო.

ელოდებიან, მაგრამ, როგორ ელოდებიან და... უცებ იღება ჭიშკარი, შემოდის თემურის მანქანა და ფანჯრიდან იჭყიტებიან ამათი ცოლები.

დააღეს პირები გივიმ და აბესამ, გაიყვანეს ძმაკაცი გვერდით და უთხრეს: ჩვენ ნაშებს ველოდებოდით და ცოლები რად გვინდოდაო.

თემური დიდი ენაკვიმატი ვინმე იყო და უპასუხა: რა ვქნა, ჯიგრებო, ამათზე მაგარი ნაშები ვერ ავყარე და ისევ ამათ დავჯერდეთო“.