„ორი კაკოს ამბავი“

„ორი კაკოს ამბავი“

ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის აკაკი კვანტალიანის ქალიშვილი მამის ცხოვრებიდან და ხუმრობებიდან ერთ ასეთ ეპიზოდს იხსენებს:

„ოთხი დედმამიშვილი იყვნენ – სამი ძმა და ერთი და. ყველაზე მეტად მამას თამარა მამიდა ჰგავდა.

ერთხელ დიდი წვეულება გვქონდა სახლში. იმ დღეს ყველა ცნობილი მსახიობი ჩვენთან იყო თავმოყრილი. მამამ რატომღაც გადაწყვიტა, ვასო გოძიაშვილს გახუმრებოდა. - არ მოიწყინო, ვასო, გენაცვალე, ახლავე მოვალო და მეორე ოთახში გავიდა, თავის დას თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, ცილინდრი დაახურა და მისაღებ ოთახში შეუშვა.

მამიდაც მიუჯდა ბატონ ვასოს გვერდით. ვასოს არც მიუქცევია ყურადღება, ისე განაგრძო საუბარი. მთელი საათი რაღაცას ელაპარაკებოდა და ეჭვი არაფერში შეჰპარვია. მერე მამა ხარხარით შემოვიდა ოთახში. გოძიაშვილი გაფითრდა, ვა, ორი კაკო?! ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკსო, – გაიძახოდა“.