მუსიკა და ჟღერადობა (ნაწილი I)

მუსიკა და ჟღერადობა (ნაწილი I)

როკ მუსიკის მოყვარულები ხშირად დავფიქრდებით ხოლმე, მაინც რომელი ჟანრია ყველაზე გავლენიანი, ყველაზე მრავალფეროვანი და რაც მთავარია - ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, ანუ ყოველწამიერად დატვირთული ახალი იდეებით...

უცნაურია, მაგრამ ბლუზმა, ამ მხრივ ძალიან მარტივად, ფაქტობრივად სამი აკორდითა და ოდენ განწყობით, უკიდეგანო იმპროვიზაციული შესაძლებლობებით აღჭურვილ ჯაზსაც კი გაუწია კონკურენცია, რაშიც მას დიდწილად როკ მუსიკის ფესვებში გაჯდომამ და აქედან გამომდინარე სახეცვლილებამ შეუწყო ხელი.

მაგრამ თვით როკი? რეალურად ესაა სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობებსა თუ ხედვებზე დაშენებული მუსიკა, რომლის წინსვლაც დიდწილად განპირობებული იყო ტექნოლოგიური წინსვლებით.

თავდაპირველი როკ’ნ’როლი, გასული საუკუნის 70-იან წლებში უკვე ვეღარ იარსებებდა ბილ ჰეილის პერიოდის არქაული ჟღერადობით და თუკი ლუი არმსტრონგის საყვირსა და განუმეორებელ ხმას, წამითაც არ ესაჭიროებოდა სტუდიურ-ტექნოლოგიური პროგრესი და მისი რეპერტუარის მსმენელს ამაში ეჭვი არ ეპარება და სულაც არ ფიქრობს - ვაჰ, ლუი რას იზამდა დღევანდელი ხმის ჩამწერი ტექნიკის პირობებშიო, ეტყობა, სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთნაირი მიდგომა, არ გამოგვადგებოდა...

საერთოდ, ამგვარი მსჯელობისას ჩიხში შევდივართ და ზუსტი პასუხი არ არსებობს - რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ექსპერიმენტული მუსიკა საჭიროებს სტუდიური ტექნიკის პროგრესს, ზოგჯერ კი არა, და იგივე ითქმის შედარებით მარტივ მუსიკაზე და თუნდაც არქაულ როკ’ნ’როლზე.

მოდით კვლევა The Beatles - ით დავიწყოთ, რომლის სიმღერების ჟღერადობაც, ათასობით ჯაზმენის ხელში, დღემდე იცვლება „პროგრესული სტუდიის“ პირობებში, მაგრამ თვით ჯგუფი, ვთქვათ დღეს რომ ეარსება, მოუხდებოდა განახლებული ტექნოლოგიები?

The Beatles, რომლის 2-3 წუთიანი სიმღერები, ბევრისთვის პრიმიტიულია, უდიდეს გამოცანად რჩება. მაინც როგორ მოახერხეს „დაკვრის არმცოდნე“ მუსიკოსებმა ასეთი იმპროვიზაციის უნარიანობით დამუხტული ნაწარმოებების შექმნა?

ლეგენდარული ოთხეულის სიმღერები ხომ ლამის ყველა ინსტრუმენტზე იკვრება, თანაც ნებისმიერი მუსიკალური მიმართულებით!

საინტერესო სხვა რამაა.  ურიცხვი იმპროვიზაციების მიუხედავად, The Beatles მაინცდამაინც „ქავეროგენული“ ჯგუფი არ აღმოჩნდა და მისი სიმღერები ყველაზე უკეთ, მაინც ორიგინალში ისმინება.

სიმღერებს მეტ ხიბლს ისიც სძენს, რომ მრავალი მათგანის საკონცერტო ვერსია, არც კი არსებობს. მაგრამ გავიდა წლები და The Beatles - ის სიმღერებმა, ძალაუნებურად დაიწყო სცენაზე გადანაცვლება პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონისა თუ რინგო სტარის რეპერტუარში.

საკითხის განხილვისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლ მაკარტნის ბოლო პერიოდის კონცერტები, სადაც თუნდაც რინგო სტართან შედარებით, გაცილებით დახვეწილი დრამერისა და უახლესი ხმის ჩამწერი ტექნოლოგიის თანხლებით, „ეს მაინც ის არაა“...

რა თქმა უნდა, აზრი სუბიექტურია, მაგრამ მაინც მხედველობაში მისაღები.

აბა ახლა გავავლოთ პარალელი 60 - ებისა თუ 70 - ების სხვა გიგანტებთან, რომელთაგან არაერთის ჟღერადობა, გაცილებით ეფექტური გახადა თანამედროვე ტექნოლოგიებმა.

საიდუმლოს ჯონ ლენონის ენით გამოუთქმელი ქარიზმა ხომ არ ინახავს, რომლის ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავთ, როგორც ინსტრუმენტალისტისას, არამცთუ The Beatles-ში, არამედ სოლო მოღვაწეობაშიც, 1980 წლის ჩათვლით. ხოლო „ლენონის პროგრესის“ გარეშე, როგორ უნდა დავუშვათ The Beatles - ის პროგრესი? მერე რა, რომ მაკარტნის ჟღერადობა „პროგრესირებს“.

მოდით აქ გავჩერდეთ The Beatles-ზე და ლოგიკურად გადავინაცვლოთ The Rolling Stones - ზე, რომელსაც ლეგენდარული ოთხეულისგან განსხვავებით, საკონცერტო მოღვაწეობა არასოდეს შეუჩერებია და ჯგუფმა ნახევარსაუკუნოვანი იუბილე უკვე იზეიმა.

პარადოქსულია, მაგრამ ჟღერადობის პროგრესი, არამც და არამც, არც „როლინგებს“ შეხებიათ და 1970 წლის Get Year Ya-Ya’s Out -ის გამორჩეული საკონცერტო გიტარული ხმოვანება დღევანდელ ლაივ ალბომებთან შედარებით, არქაულობის ნიშანწყალსაც კი არ შეიცავს.

აქ შეიძლება გარკვეულ როლს ჩარლი უოტსის დაკვრის „არაპროგრესირებადობაც“ თამაშობდეს, მაგრამ მეორე მხრივ უცნაური ხომ არ არის ბილ უაიმენთან პარტნიორობიდან, სუპერ ბას გიტარისტ დერილ ჯონსთან ასეთი უმტკივნეულო გადასვლა!  ასეთი დონის ინსტრუმენტალისტი „მგორავ ქვებს“ ხომ მიკ ტეილორის შემდეგ არ ღირსებიათ.

თუკი ტეილორი „როლინგებში“ კიტ რიჩარდსის „კალიბრზე დასმული“ მუსიკოსია, ფერადკანიანი დერილ ჯონსი აქ არ მალავს თავის პოტენციალს... მაგრამ რა - „მე ვარ ჩარლი უოტსი, ასე ვუკრავდი 1964 წელს, ასე ვუკრავ 2014-ში და მეტი არცაა საჭირო, გინდ შენ დაუკარი, გინდ უაიმენმა, მთავარი აქ მე ვარ და ჯაგერიც კი ჩემი მომღერალია. ჩვენი კოზირი კიტ რიჩარდსის სიტყვებია სამი აკორდისა და ცოტაოდენი ენერგიის შესახებ“ - აი ნახევარსაუკუნოვანი დრამერის სავარაუდო პასუხი...

ახლა კი მოდით „ბითლზისა“ და „როლინგების“ თანამედროვე კიდევ 2 ჯგუფს შევეხოთ და მივხვდებით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მათ მოუხდათ.

1993 წელს გამოდის ერიკ ბარდონისა და ბრაიან ოჯერ ბენდის ერთობლივი საკონცერტო ნამუშევარი, რომლის 90-ების ჟღერადობა, დიდწილად განაპირობებს თუნდაც House Of The Rising Sun -ის გამორჩეულად დახვეწილ ვერსიას.

მეორე მაგალითი 2003 წელს შეკრებილი The Yardbirds გახლავთ, რომლის ალბომმა  Birdland, ახალ სიმღერებთან ერთად, ჯგუფის ძველი შედევრები გააერთიანა.

მართალია აქ თანამედროვეობის შესანიშნავი გიტარისტები - სტივ ლუკატერი, ბრაიან მეი, სტივ ვეი და სხვები არიან მიწვეულნი, მაგრამ კიტ რელფსის ყაიდის ახალ ვოკალისტსაც კი უხდება ახლებური ჟღერადობა და გიტარ-სოლოები აქ არაფერ შუაშია.

ამ ორი ალბომის იდეალური (ერთგან საკონცერტო, მეორეგან სტუდიური) ჟღერადობა, გვაფიქრებინებს მიზეზზე - მაინც რატომ ხდება ასე, თუ გვეჩვენება...

(გაგრძელება იქნება)