დღეს ცნობილი ქართველი კრიტიკოსის, ხელოვნებათმცოდნის, პუბლიცისტისა და , საზოგადო მოღვაწის – აკაკი ბაქრაძის დაბადების დღეა. აკაკი ბაქრაძე დღეს 83 წლის გახდებოდა. აკაკი ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა ოზურგეთის საშუალო სკოლა. 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. 1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.).
1991-1996 წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. გარდაიცვალა 1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
აკაკი ბაქრაძე არის წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი, რომლებშიც ეხებოდა ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას, XX საუკუნის თეატრისა და კინოხელოვნების საკითხებს. პირველი წერილი, რეცენზია ფილმზე “ჩვენი ეზო“ გამოაქვეყნა 1954 წელს ჟურნალ ცისკარში, პირველი წიგნები “კინოკრიტიკული ეტიუდები“ და “კრიტიკული წერილები“ - 1966 წელს, “სჯანი“ - 1972 წელს.
აკაკი ბაქრაძე განიხილავდა XX საუკუნის ქართული მწერლობის აქტუალურ პრობლემებს, ახალგაზრდა მწერალთა შემოქმედებას; იკვლევდა ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიასა და დემნა შენგელაიას თხზულებათა მითოლოგიურ ძირებს ("მითოლოგიური ენგადი", 1969; "ფიქრი და განსჯა", 1972). ასევე სწავლობდა ქართველი მწერელებისა და საზოგადო მოღვაწეების ბიოგრაფიებს: "წიწამური (ილია ჭავჭავაძე)" (1984 წ.) , სადაც ახალი კუთხით გაანალიზა მწერლის მსოფლმხედველობისა და აღსასრულის პრობლემები; "ტკბილი ოცნება და მწარე სინამდვილე (აკაკი წერეთელი)", "ნიკო ნიკოლაძე", "კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი".
აკაკი ბაქრაძის წიგნებია: ”სჯანი” (1972 წ.), ”ფიქრი და განსჯა” (1972 წ.), ”კრიტიკული გულანი” (1977 წ.), ”მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა” (1978 წ.), ”პილპილმოყრილი მადლი” (1989 წ.), ”რწმენა” (1990 წ.) ”მწერლობის მოთვინიერება” (1990 წ.), ”ილია და აკაკი” (1993 წ.), ”დაწუნებული გზა” (1995 წ.).
ბაქრაძე კითხულობდა ლექციების კურსსა და საჯარო ლექციებს ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ეროვნულ და საზოგადოებრივ საკითხებზე. 1980-იან წლებში აკაკი ბაქრაძის წიგნებმა და სტატიებმა, საჯარო ლექციებმა დიდი როლი შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის წარმოქმნაში.