აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ (ვიდეო)

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია. ამერიკელი გენერალი საქართველოში ყოველწლიურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაზე „დიდგორი 2014“ დასასწრებად ჩამოვიდა.

სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ამერიკელ გენერალს მასპინძლობა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გაუწიეს. გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესი სწავლების მიმდინარეობას გაეცნო და სასწავლო ცენტრში განლაგებული მართვის პუნქტები პირადად დაათვალიერა. სწავლების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ გენერალს  „დიდგორი 2014“-ის კონცეფციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ ბრიფინგი წარუდგინეს.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“ მესამედ იმართება. სწავლება ერთდროულად სამ სამხედრო ნაწილში - კრწანისში, სენაკსა და ვაზიანში მიმდინარეობს. წლევანდელ სწავლებაში პირველად მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შესაბამისი დეპარტამენტები, ასევე სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო.

„დიდგორი 2014“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.  სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს, თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. „დიდგორი 2014“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად, ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო დანაყოფებიც.