როგორ ვებრძოლოთ უძილობას

როგორ ვებრძოლოთ უძილობას

ჯანმრთელი ადამიანისათვის ფიზიოლოგიური ნორმაა 8 საათიანი ძილი. ღრმა ძილი ძალას აღადგენს, მაგრამ თუ არ გეძინებათ, სასწრაფოდ ზომები მიიღეთ.

ძილის პრობლემა სერიოზულია! 4–5 უძილო ღამის შემდეგ ადამიანში ფსიქოლოგიური დარღვევები იწყება. ძილისმომგვრელი საშუალება გამოსავალი არ არის და არც პრობლემას წყვეტს. უძილობის მიზეზის დასადგენად სასწრაფოდ ნევროპათოლოგს მიმართეთ.

გაგაცნობთ სპეციალისტთა რჩევებს უძილობის უწამლოდ დაძლევის შესახებ.

დაიცავით რეჟიმი და ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაწექით, საღამოს საათები დასვენებისა და მოდუნების დროა. მოერიდეთ ფსიქიკურ და ფიზიკურ გადატვირთვას, ძილის წინ ოთახი გაანიავეთ, სარკმელი ყოველთვის ღია უნდა იყოს.

 იდეალური ვარიანტია ძილის წინ გასეირნება. დღის მეორე ნახევარში არავითარი ყავა. თუ მაინც არ გეძინებათ, ძილის წინ თაფლიანი რძე ან კეფირი დალიეთ, ვაშლი ჭამეთ, ღამით მაკიაჟი მოიცილეთ, ბამბის ქსოვილის პიჟამა ჩაიცვით.

იზრუნეთ, რომ ფეხები ყოველთვის თბილად გქონდეთ, საწოლი უნდა იყოს საკმაოდ ფართო, რომ ძილში გვერდი მშვიდად იცვალოთ, ბალიშის ჩვეული ფორმა მორალურად დაძველდა, მის ნაცვლად სპეციალისტები მუთაქას გვირჩევენ. ის ხერხემლის კისრის განყოფილებას კარგად იჭერს და უფრო სრულყოფილად მოდუნებას ეხმარება.

რაც შეეხება ლეიბს, ბუმბულის რბილი ლეიბი ხერხემლისთვის მავნეა, თანაც ბუმბულმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. უმჯობესია ორთოპედიული ლეიბი. სპეციალურად გათვლილი სიმკვრივის მეშვეობით ის ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში იცავს.

დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე კარგია ცხელი აბაზანა, კუნთების დაძაბულობას ხსნის, ოთახიდან გაიტანეთ ყველა ნივთი, რომელსაც დამახასიათებელი სუნი აქვს, მწოლიარემ თანაბრად ისუნთქეთ და რაიმე სასიამოვნოზე იფიქრეთ.