„სახალისო მგზავრობა“

„სახალისო მგზავრობა“

ბატონი თემურ ჭკუასელი გოგი დოლიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებს:

„დაახლოებით, ღამის პირველი საათი იქნებოდა. გოგი დოლიძემ ვაკეში ტაქსი გააჩერა. გოგოლის ქუჩაზე ცხოვრობდა და მძღოლს იქ წაყვანა სთხოვა. დაიძრა ტაქსის მძღოლი პლეხანოვისკენ, საიდანაც ვაგზალზე აუხვევდა და მგზავრს სახლში მიიყვანდა. მძღოლს გზაში ქართული სიმღერის ღიღინი დაუწყია ხმადაბლა. გოგის რა შეეშლებოდა? დაუგდო თურმე ყური და ისე მოეწონა მისი ნამღერი, თავადაც აჰყვა. ეშხში შევიდნენ, ხმას აუწიეს და მაგრად დაამღერეს გაქანებულ მანქანაში.

ამ სიმღერ-სიმღერაში, გოგიმ შეამჩნია, რომ გზა ძალიან გაგრძელდა და მძღოლმა სულ სხვა გზაზე გადაუხვია. უთხრა, სად მიდიხარ, აქ რა უნდა გოგოლის ქუჩასო.

მძღოლი თურმე მოუბრუნდა და ჰკითხა - გეჩქარებაო? გოგის არასდროს არსად ეჩქარებოდა, სახლში - მით უმეტეს, და უპასუხა თურმე, მე არ მეჩქარება, მაგრამ შენ რატომ იხარჯებიო. მძღოლს ჩასცინებია, შენ ჩემს ხარჯვაზე ნუ ინერვიულებ, ისე მომეწონა შენი ნამღერი, არ გადაგახდევინებ ფულს, ქალაქში ვიაროთ ცოტა ხანს. მე დავიწყებ სიმღერას და შენ ამყევიო.

მოკლედ, იარეს, იარეს და მაშინდელ ლენინის მოედანზე ამოჰყვეს თავი. იმ დროს, იქ ბევრი ხალხი იდგა რიგში და ტაქსს ელოდებოდა სახლში წასასვლელად. მძღოლებიც მიდიოდნენ იმ ადგილას და დაიყვირებდნენ ხოლმე, აბა, ვინ მოდის საბურთალოზე, ვაკეში, „პლეხანოვზე“ და ასე შემდეგ, რამდენიმე მგზავრს დაიმატებდნენ და მიდიოდნენ.

მიუახლოვდნენ თურმე იმ რიგს. გააჩერა მანქანა მძღოლმა გადმოვიდა და იმის მაგივრად, რომ დაეყვირა, ვინ სად მიდისო, დაიძახა, აბა, ვინ იცის კარგი ბანიო. ხალხი გაოცებულა, რა ბანი, რის ბანი, საით მიდიხარო. მძღოლს უთქვამს, აგერ ორი კაცი ვზივართ მანქანაში, ბანი გვაკლია და თუ ვინმემ იცით დაგვემგზავრეთ, უფასოდ მიგიყვანთ დანიშნულ ადგილასო. არადა, თურმე, ბანის მთქმელი იქ არავინ აღმოჩენილა. სინანულით ჩაუქნევია მძღოლს ხელი, ჩამჯდარა მანქანაში, მგზავრისთვის უთქვამს, ეს საქმეა, ბანის მთქმელ კაცს რომ ვერ იშოვიო და ასე, ორ ხმაში სიმღერით მიუყვანია გოგი სახლში“.