სამართლიანი ადამიანი

სამართლიანი ადამიანი

ბატონი ვახტანგ ცხადაძე დოდო აბაშიძეს ჩინებულად იცნობდა და მსახიობის ახალგაზრდულ წლებს შემდეგნაირად იხსენებს:

„ჩემს ახალგაზრდობაში, თბილისი თავისებური ქალაქი იყო. მაშინ ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აქ, ქალაქი უბნებად იყო დაყოფილი და ყველა ერთმანეთს იცნობდა. მაშინდელი თბილისი, გულწრფელად გეტყვით და, მენატრება. სულ სხვა გაგება, სულ სხვა რაინდული საქციელი და ურთიერთობები იყო მაშინ.

ყველამ იცოდა, ვინ ვისთან დადიოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო, ვინ კარგი თამადა და ვინ - კარგი დამრტყმელი. უბანში რომ დოდო აბაშიძე და თენგიზ კეკელიძე ცხოვრობდნენ, იქ ცუდი რა მოხდებოდა?

დოდოს არასდროს დაუჩაგრავს თავისზე სუსტი და, თუ ვინმე სუსტს დაჩაგრავდა, იმას უეჭველად გამოექომაგებოდა.

ვაკეში კი იყო ამირან დუმბაძე. ტანად სუსტი იყო, არ ასკდებოდა „მუსკულები“, მაგრამ, ისე ჩხუბობდა, უნდა გენახათ. ერთხელ, კუს ტბაზე ვართ ასული ბიჭები. გავიხედეთ, ვიღაცეები მანქანებით ამოვიდნენ. ბუჩქებში დავიმალეთ. ასე შევესწარით დუელს. ამირან დუმბაძე და მასზე ტანად საკმაოდ მოსული ბიჭი დაეტაკნენ ერთმანეთს. ახლა რომ ამბობენ, „ბოი ბეზ პრავილო“, ეს იქ უნდა გენახათ. ისე ლამაზი, კორექტული ჩხუბი გამართეს მუშტით, თვალს ვერ მოაშორებდით. წარმოიდგინეთ, ამ პატარა კაცმა ისე გალახა იმხელა კაცი, სულ სისხლი ადინა.

ბოლოს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ჩასხდნენ მანქანებში და გამობრუნდნენ. ამ ამბის შემდეგ ამირანის საქციელი ლეგენდად იქცა და მთელი ვაკის ბიჭებმა „განტელებით“ ვარჯიში დაიწყეს“.