დეპუტატი რამინ ბაირამოვი კვლავ კრიტიკის ობიექტია

დეპუტატი რამინ ბაირამოვი კვლავ კრიტიკის ობიექტია

ნაციონალების სიით პარლამენტში შესულ დეპუტატ რამინ ბაირამოვს არაკომპეტენტურობაში სდებენ ბრალს. 26 მარტს, რუსთავში “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა” უმცირესობების პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრა გამართა.

როგორც წესი, ასეთი შეხვედრები საინტერესო, მაგრამ ცოტა მოსაწყენი გამოდის, თუმცა ეს სხვა შემთხვევა იყო. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე საუბრისას, დეპუტატმა რამინ ბაირამოვმა არსებულ პრობლემებზე, ძირითადი პასუხისმგებლობა არასამთავრობო სექტორს და მედიას დააკისრა. მას მხარი რეგიონის გუბერნატორის მოადგილემა, ჰუსეინ იუსუპოვმაც დაუჭირა.

”ბევრი არაობიექტური მედია-საშუალება გვყავს რეგიონში და უმცირესობების პრობლემებს გაზვიადებულად, არაკომპეტენტურად აშუქებენ” – განაცხადა ჰუსეინ იუსუპოვმა.

იუსუპოვის და ბაირამოვის გამოსვლას კუთხეში სკამის გარეშე დარჩნილი ზაურ ხალილოვის გამოხმაურება მოყვა. ხალილოვი, წლებია ”სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორია.

შეხვედრაზე მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ, დარბაზი ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს გუბერნატორის მოადგილემ - იუსუპოვმა და დეპუტატმა ბაირამოვიმა

”ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება უმცირესობების პრობლემებზე საუბრისას პასუხისმგებლობის არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე დაკისრება. რატომ არ საუბრობს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი დეპუტატი საკუთარ პასუხისმგებლობაზე?! მას ვერ მიაქვს საკუთარ ეთნიკური ჯგუფის პრობლემები მთავრობამდე.

მას არ ესმის ქართული. ამიხსენით, როგორ უნდა მოისმინოს ქართულის არმცოდნემ პარლამეტის სხდომები და როგორ უნდა ჩაერთოს მასში?! მე არ ვთვლი, რომ ენის არცოდნა არის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი უმცირესობების ინტეგრაციისთვის, მაგრამ ბაირამოვს და იუსუპოვს ეს პრობლემაც ნამდვილად აქვთ.
წარმოადგინეთ: უყურებს მათ აზერბაიჯანელი ახალგაზრდა და ფიქრობს, რატომ უნდა ვისწავლო ქართული და გავიარო ინტეგრაციის რთული გზა, როცა შეიძლება ამ ადამიანების მსგავსად, მხოლოდ დროშების ფრიალით და ადვილი გზებით გავძვრე მთავრობაში?!

პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ადამიანები არღვევენ ”კანონს საჯარო მოხელის შესახებ”, სადაც გარკვევით წერია, რომ ”საქმის წარმოების ენა არის ქართული”. ასე, რომ სანამ არასამთავრობოების კრიტიკით არაინ დაკავებული, საკუთარი “კომპეტენტურობის” საკითხი გაიხსენონ” – ამბობს ხალილოვი.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბაირამოვი და გუბერნატორის მოადგილე რუსულად საუბრობდნენ.

რამინ ბაირამოვმა ჩვენ კითხვებზე პასუხის გაცემაც რუსულად ისურვა, თუმცა გვითხრა, რომ მან ქართული იცის. “ქართულად, რომ არ ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვიცი ქართული. ენის ცოდნის შესაბამისი კურსები და გამოცდები რომ არ ჩამებარებინა, ვერც მოვხვდებოდი ამ თანამდებობაზე.

მე არ ვაკისრებ მთელ პასუხისმგებლობას არასამთავრობი სექტორს. უბრალოდ, ვთვლი, რომ ყვირილი და მთავრობის ოპოზიციაში ჩადგომა არ არის არასამთავრობების საქმე. მათ დიდ ნაწილს, საუბარი მაქვს ხალილოვის ორგანიზაციაზე და სხვებზეც, არ ესმით ეთნიკური უმცირესობის პრობლემები. ინფორმაციას ინტერნეტ საიტებიდან იღებენ. ეს არ იძლევა სრულ სურათს. შეიძლება, შეხვედრებიც აქვთ მოსახლეობასთან, მაგრამ ესეც არ არის საკმარისო ობიექტური ინფორმაციის დასადებად“ - გულმოდგინედ გვიხსნის ბაირამოვი.

რამინ ბაირამოვის სახელი უკვე დიდი ხანია აქტიურად ტრიალებს ქართულ მედია სივცეში. მას არასამთავრობო სექტორის გარდა პრეტენზიებს სხვებიც უყენებენ. უკვე ორი წელია, დეპუტატს სოფელ ვახტანგისის მოსახლეობა ფულის გამოძალვაში დებს ბრალს, თუმცა ეს ბრალდებები ქართულად ისმის და, ამდენად, არ არის გამორიცხული რომ ამის შესახებ ქართულის არმცოდნე ”ნაციონალი” დეპუტატი საქმის კურსში ჯერ არავის ჩაუყენებია.