დიტო გელოვანი: უხერხული მდგომარეობა - ნინა და ფუტკრები

დიტო გელოვანი: უხერხული მდგომარეობა - ნინა და ფუტკრები

R.Federer: ვაიმეეე გოოოოოოოოლ

Ch0xeLa: აეეეეეეეეეეეე!!!!!! იმხელა ვიყვირე მეზობელმა პატრულსჰი დარეკა

NY_THC : მალადეც ბიჩებო ქვევიით ერთი ამბავია ქეიფობს ხალხი

oma90: საქართველო მიყვარხარ, მოვიგეთ, კობი მაგარი ხარ

Gambler27: ეს კომენტარები შევინახოტ და ხვალ დავტკბეტ თვალებზე ბინდი მაკ ვერაპერს ვეგარ ვკიტხულობ

Poti1: ქართველი ერი მუდამ იარსებებს, იმიტომ რომ ყველაზე მაგარი ერიააა. ეეეეეეეეეეეეეეეე

roni9: ეს რა სიხარული ყოფილა ეს რამხელა კაიფი ყოფილა მადლობა უფალს რო განმაცდევინა ესეთი სიხარული

Abe: თქვებ გეხუტუბეთ ბიჭებოოოოოოო!!! საქართვლოოოოოოოოო.... ეს რა იყო! ყმუილი მინდა სიხარულისგან, ღმუილი, ხავილი რა ვიცი..... ეს ერთი და სხვა ათასიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!

Lempi: თაგუნამ რა კუსჰები ამოაგდო აზრზე ხართ??? :D

ACMILAN_FAN იმ თაგვს ვენაცვალე ჩვენი გამარჯვება რო იწინასწარმეტყველაა :D:D:D

Soccer: ბიჭებო თაგუნას კიშკები უნდა გაუგზავნოთ უკრაინაში თუ სადაც არის, სულგუნი, თხილი და კიდევ ბევრი სასუსნავი, რა ჯიგარი თაგუნა ყოფილა.

(www.worldsport.ge – ფორუმი, 26-27 მარტი)

 

ოოო... მეც ვიყავი იქ, ეროვნულზე, ზუსტად იქ ვიჯექი, სადაც 32 წლის წინ ”ლივერპულთან” და განცდებიც იგივე მქონდა - ყველა ჭიშკარი არც ახლა გააღეს და კინაღამ გავიჭყლიტე; მთავრობის ლოჟაში მაშინდელივით იბღინძებოდნენ; ახლანდელი პოლიციელები მაშინდელ მილიციონერებს ჰგავდნენ; გულშემატკივრებს შორის, მაშინდელისა არ იყოს, იყო გენდერული დისბალანსი; ახლაც მოვიგეთ; ახლაც იყო ზეიმი; მთავრობას ახლაც აგინებდნენ. ჰო - დიდუბეში გზები ისევ დანგრეულია.

 

თუმცაღა, გასულ კვირაში პარლამენტმა სამთავრობო საათი რომ მოიწყო, რამაზ ნიკოლაიშვილი ირწმუნებოდა, საქართველოში გზები უკეთესია, ვიდრე ნიუ-იორკშიო. ამაზე იყო, თარგამაძის მომხრეებმა ჟივჟივი რომ ატეხეს, ნიკოლაიშვილი კარგი კაცია, ცუდ წრეში მოხვედრილიო. ”ფაქტია, რომ საქართველოში არც ერთ გზაზე არ არის ორმოები” - თქვა ნიკოლაიშვილმა, რითაც, სულ ცოტა, ნახევარი თბილისი და მთელი რაჭა ჩამოაშორა სრულიად საქართველოს.

 

ნიკოლაიშვილი არ არის ცუდ წრეში მოხვედრილი კარგი კაცი. ნიკოლაიშვილი არის საზიზღარ წრეში მოხვედრილი ცუდი კაცი. იქით - კობა სუბელიანი, აქეთ - გოგა ხაჩიძე, შუაში - ვერა ქობალია. ...შუაშია თაიგული. თაიგული საუბრობდა ქართულად (ესეც თუ ქართული იყო), თაიგული პასუხობდა შეკითხვებს (ესეც თუ პასუხები იყო) და თაიგულმა წარმოადგინა სასტუმროს მაკეტი (ესეც თუ სასტუმრო იყო). ”რუსთაველზე ”კემპინსკის” 38-სართულიანი გამჭვირვალე სასტუმრო აშენდება, - ამის შესახებ, პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა”.

 

რატომ მგონია, რომ სინამდვილეში ის სასტუმრო სულაც არ არის სასტუმრო? რატომ და, იმიტომ რომ, გამჭვირვალეა და მგონია, რომ სინამდვილეში ”კემპინსკი” რუსთაველზე პოლიციის განყოფილებას აშენებს. ეს აზრი მხოლოდ მე მომივიდა თავში, ხოლო პარლამენტის სხდომაზე გიორგი ახვლედიანმა სულ სხვა აზრი განავითარა.

 

ახვლედიანმა განაცხადა, ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ვერა ქობალია მათ კითხვებს ვერ უპასუხებს და საინტერესოა, რატომ ფიქრობს უმრავლესობა ასე და რატომ ეცილებიან ქობალიას პასუხების გაცემაშიო. ”ნუ აყენებთ თქვენსავე მინისტრს უხერხულ მდგომარეობაში”, - მიმართა ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას და უმრავლესობა ვერა ქობალიასადმი უნდობლობაში დაადანაშაულა. ”ლამაზი ქალი მაინც სხვისია” - გაიფიქრეს უმრავლესობის წევრებმა.

 

ვერა ქობალია უხერხულ მდგომარეობაში... ”ერთი, ეგ მდგომარეობა მანახა და მერე მომკლა” - პარლამენტში ბევრი თუთიყუშია და ყველამ ეს გაიფიქრა.

 

ვერა ქობალიას უხერხულმა მდგომარეობამ თვით ნიკა გილაურიც კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ჩოქბჯენში იდგა და, ”არ ვიცი, არ ვიცი”-ო იმეორებდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ნიკა-ბიჭს ქობალიას ისრაელში არშეშვების მიზეზი ჰკითხეს. ”ნიზნაიკა ვარო” - თავი მოისულელა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, სულაც არ არის სულელი და უბრალოდ, ცუდ წრეშია მოხვედრილი.

 

”რაც შეეხება ისრაელში ქობალიას ვიზიტის გადადებას, ამასთან დაკავშირებით გილაურმა განაცხადა:”საქართველო უკვე გადაიქცა ტურიზმის ცენტრად. საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ადგილი აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, თურქეთისთვის” - იუწყებოდა ძმადნაფიცი (შეფიცული) სააგენტო.

 

არაადექვატურობა ჰქვია, ხომ, როცა ერთს გეკითხებიან და მეორეს პასუხობ? კი, ნამდვილად ასე ჰქვია და დეპუტატები უკვე ლიბიის კრიზისის თაობაზე აპირებდნენ შეკითხვების დასმას, მაგრამ გილაურმა დაასწრო და წინასწარ უპასუხა: ”საქართველო მალე ელექტროენერგიით ევროკავშირს მოამარაგებს”.

 

ისე კი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯერ - ბაქრაძის და შემდეგ - ქობალიას ისრაელში არშეშვების მიზეზი ებრაელი ბიზნესმენების საოცარი თავგადასავალია. როგორც ჩანს, მალე ისრაელში არც ერთ ქართველს არ შეუშვებენ, თუ, რა თქმა უნდა, რამე არაორდინალური საქციელი არ აქვს ჩადენილი. კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა გასულ კვირაში თადარიგი დაიჭირეს - ისინი ბიზნესმენებს პირად თავდებში უდგებიან, ძიძიგურმა სამტრედიის სარკინიგზო კვანძი დაიფიცა, დავითაშვილმა - ”ასატრინა ნა ვერწელე”. ორივემ კარგად იცის, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მარამ მთავარი ის კი არ არის, რომ საქმე გამოვიდეს! მთავარია, ნიუსების ლენტაში მოხვდე და თუ გაზეთში დაგხატავენ - ვაი, საყვარელო!

 

კობა სუბელიანს იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ, თუმცა, კარგად იცოდნენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა და არც გამოვიდა. მართალია, სუბელიანმა აღიარა, რომ ”დევნილთა მდგომარეობა გარკვეულ ნაწილში კრიტიკას ვერ უძლებს”, მაგრამ ეს დევნილთა მდგომარეობაა, ვერავითარ კრიტიკას რომ ვერ უძლებს, თორემ სუბელიანი უძლებს. უხერხულ მდგომარეობაშია, მაგრამ უძლებს.

 

ასევე, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბაკურ კვეზერელიც. ეგონა, მამალი ძროხების თაობაზე შეეკითხებოდნენ და ცივ ოფლში იწურებოდა, თუმცა კოხტად დაიძვრინა თავი და სულ სხვა თემაზე ისაუბრა. კერძოდ - ცხვრის გადასარეკი ახალი ტრასების გამოყოფის აუცილებლობაზე.

დიახ, არჩევნები ახლოვდება და საარჩევნო უბნებამდე ცხვრის მისარეკი ტრასები შეკეთებას მოითხოვს.

 

როგორც გაირკვა, სოფლის მეურნეობის საკითხებში საფუძვლიანად ერკვევა დეპუტატი გურამ ჩახვაძე, რომელმაც ისარგებლა რა კვეზერელის სტუმრობით, მაშინვე სასოფლო კოოპერაციების შექმნის ინიციატივა დააყენა.

 

არ გეგონოთ, რომ ამ საქმიდან მაინც გამოვა რამე. ძალიან მარტივია - სააკაშვილი დაურეკავს ჩახვაძეს და ეტყვის, რომ საქართველოში უკვე 6 წელია, რაც აღნიშნული ინსტიტუტი წარმატებით ვითარდება და თუ ჩახვაძეს თვალები ერთ ადგილას აქვს, ჯერ გაარკვიოს რა ადგილია ის ერთი ადგილი და ინიციატივებით შემდეგ გამოვიდეს. ჩახვაძე დაიბნევა, ფერს დაკარგავს, მუხლი მოეკვეთება, გული წაუვა... გული ყველას წაუვა, ვინც ცხვირზე ხელის მოჭერას ვერ მოასწრებს.

 

”ჩაგვაბარონ სოფლის მეურნეობის სამინიტრო” - რიხით შეთავაზა დეპუტატმა ლალიაშვილმა ოპონენტებს.

 

კი, როგორ არა... სამინისტროს ჩაგაბარებენ, მაგრამ შემდეგ სამინისტროში სპეცრაზმი შემოვარდება, თქვენ ლიმუზინებით წაგიყვანენ, სამინისტროს თანამშრომლებს კი ჯერ წიხლქვეშ გაიგდებენ და შემდეგ, გასაჩუმებლად, სხვადასხვა სამინისტროებში გადაანაწილებენ.

 

ისეთი საპარლამენტო კვირა იყო, მე ვიტყოდი - ერთი შეხედვით, მოსაწყენი, მაგრამ ამ ქვეყანაში მარგალიტებს რა გამოლევს? აი, ისიც - ”კობა ხაბაზმა სოფლის მეურნეობის მინისტრს რუხი ფუტკრის გადარჩენის მიზნით გარკვეული ღონისძიებების გატარება თხოვა. მისი განცხადებით, ქართული რუხი ფუტკარი არის უნიკალური ჯიშის და დღეს ხდება მისი შერევა სპარსულ ფართოთათიან ფუტკართან. თითქმის ვერ ნახავთ, ყვითელი ზოლები არ დაჰყვებოდეს ქართულ მთის ფუტკარს, რაც არ არის მისთვის ბუნებრივი”,

 

ახლა, კობა ხაბაზს ერთი სული აქვს, როდის მივა პარლამენტში კულტურის მინისტრი, რომ მას ნინა წკრიალაშვილის შემოქმედებაზე ესაუბროს.

 

და, შაშკინი. დეპუტატების წინაშე დიმიტრი განმანათლებელიც წარდგა. ”თოჯინები იცინიან” თუ გაქვთ ნანახი, იქ არის: ”შემდეგ კათედრასთან დადგა და აჭიკჭიკდა, მაგრამ რას აჭიკჭიკდა”. შაშკინიც ეგრე იყო - მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ დე გოლი, ფარაონი არ იყოო; მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ ვალენტობა ქიმიაში ვალენტინობას არ ნიშნავსო... შაშკინისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება იყოს მანდატური 25 წლის, როცა სადეპუტატო ასაკიც 25 წელია.

 

ისე, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. რატომ არ უნდა იყოს მანდატური 25 წლის, როდესაც ვახტანგ გორგასალმა თბილისი 24 წლის ასაკში დააარსა. უფრო მეტიც - მიხეილ სააკაშვილი 20 წლის ასაკში უკვე ეფრეიტორი იყო.

 

უკვე დავრწმუნდი, რომ შაშკინი ნამდვილად ჭკვიანი პოლიტიკოსია. ”განათლების სისტემაში ქართული ენის სტანდარტი ოპოზიციონერი დეპუტატის, გურამ ჩახვაძის ინიციატივით დაინერგა” - თქვა შაშკინმა, რითაც ისეთ უმძლავრეს საპარლამენტო ფრაქციას, როგორიც არის ”გურამ ჩახვაძე - წარმატებული საქართველო” კოჭი გაუგორა.

 

მინდა გითხრათ, რომ ჩახვაძეს საერთოდ სჩვევია სტანდარტების დამკვიდრება. მაგალითად, სტანდარტი, თუ როგორი პამპერსი უნდა ეკეთოს დეპუტატს, როდესაც მას პრეზიდენტი ელაპარაკება, ჩახვაძის მიერ არის დანერგილი.

 

საქართველო არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და უხერხული იქნება, ერთი-ორი სიტყვით პრეზიდენტსაც რომ არ შევეხოთ. გასულ კვირაში პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ბაირამობა მიულოცა. ეს ერთადერთ დღეა, როდესაც მიშა აზერბაიჯანელებს ბაირამობას ულოცავს, დანარჩენ დღეებში აზერბაიჯანელები თავად ულოცავენ ბაირამობას სააკაშვილს.

 

მიშა მარნეულში იყო, ბაზარში გაიარა, ფასებზე იბაზრა, ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის ცენტრით ივაჭრა და აზერბაიჯანის ყოფილი ელჩი საქართველოში რამიზ გასანოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. რამიზ გასანოვმა გაიფიქრა, ღირსების ორდენს მერჩია, ღირსების ორდენის რომელიმე კავალერით, მაგალითად - ნინა წკრიალაშვილით დაგეჯილდოვებინეო, მაგრამ ხმამაღლა არაფერი თქვა, მოერიდა.

 

გასულ კვირაში ე.წ. ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა, ანუ გიორგი თარგამაძე და ძმანი მისნი, კასპში ჩავიდა და, როგორც სააგენტო იუწყებოდა, იქაურების პრობლემებით დაინტერესდა. დაინტერესდა და ინტერესიც დაუკმაყოფილეს. ეს ამბავი მორიდებაზე გამახსენდა - შტატივებმა მორიდებით იკითხეს, ის კლდე სად არისო. რომელი კლდეო - კასპელებმა და თარგამაძემ აღარ დაუკონკრეტა.

 

რაც თავი მახსოვს, კასპში ყველა ერთი მიზნით ჩადის - კლდე უნდათ, 700-თუმნიანი კლდე. თუმცა, ამ ბოლო დროს ინტერესმა საგრძნობლად იკლო - ინფლაცია და რამე. გილაურს რომ კითხო, აღარც ინფლაციაა, წამლების ფასი შემცირდა და საიღარიბემაც ოთხჯერ იკლო. ვისაც სჯერა - გაატარეთ. გაიარეთ-მეთქი! ჰა, გაიარეთ!!! არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

 

საბოლოოდ, პარლამენტის სამთავრობო კვირა რომ შეაჯამა, დავით ბაქრაძეს კმაყოფილი შეძახილი აღმოხდა. ”ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებატების ფორმატმა გაამართლა” – თქვა ბაქრაძემ. ”ამ ეტაპზე დებატების ფორმატის” რა მოგახსენოთ, მაგრამ დებატებში მონაწილეთა ეტაპირების ფორმატზე დებატების დაწყების დრო ნამდვილად ახლოვდება.

 

რადგან ბაქრაძე ვახსენეთ... ”პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ნატო და საქართველო ყოველთვის პარტნიორებად დარჩებიან” - იუწყებოდა ჩემთან შეფიცული სააგენტო. მდააა... მაგის იმედი მეც მაქვს და კარგი იქნება, თუ რასმუსენსაც იმ ებრაელი ბიზნესმენებივით არ დაიჭერენ.

 

რადგან ნატოს შევეხეთ, შევეხოთ ევროკავშირსაც. სიდედრის საამაყო სიძე - აკაკი მინაშვილი - კმაყოფილებას ვერ მალავდა - ტერმინი "ოკუპაცია" კიდევ ერთ, ევროპარლამენტის და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის მიერ მიღებულ დოკუმენტში დაფიქსირდა. რავი... ეტყობა მე ვერ ვხვდები ამ დოკუმენტების მნიშვნელობას, ალბათ დებილი ვარ და რადგან დებილი ვარ, შესაბამისად, აზრებიც დებილური მაწუხებს. ასე მგონია, მალე რუსეთიც აღიარებს იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ ოკუპირებულია. აღიარებს, მაგრამ მერედა ამით რა? არც არაფერი - გიორგია ბარამია ძველებურად ივლის პარიზიდან ლონდონში, ლონდონიდან - მადრიდში, მადრიდიდან - რომში და დევნილი ბავშვებისთვის დახმარებას შეაგროვებს. გასულ კვირაში პარიზში იყო. ასეა - სოხუმიდან ზოგი პარიზში განდევნეს და ზოგიც ფოცხო-ეწერში.

 

ნელ-ნელა ბოლოსკენ გავდივარ და სანამ გავალ, ბოლოსწინა იყოს.

 

მოკლედ, შალვა ნათელაშვილმა გასულ კვირაში გრანდიოზული საპროტესტო აქციები გამართა თეთრ სახლთან - ვაშინგტონში და ეუთოს შტაბ-ბინასთან - ვენაში. ასეა - ზოგი შრომობს, ზოგი ლეიბორისტია და ზოგიც ვენაშია.

 

ვაშინგტონი - ”აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ქართველები, ასევე ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც ”ლეიბორისტულ პარტიას” სოლიდარობას უცხადებდნენ”. ვენა - ”აქციაში ავსტრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და თავად ავსტრიელები მონაწილეობდნენ”. ორივე ინფორმაცია ნესტან კირთაძემ გაავრცელა, რადგან ნესტან კირთაძე არის ლეიბორისტების საერთაშორისო მდივანი.

 

ავსტრიაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვაშინგტონში ნამყოფი ვარ და დაახლოებით ვიცი, რაც იქნებოდა. თეთრ სახლთან დღეგამოშვებით იმართება აქციები. ერთ დღეს რომ აბორტის მომხრეები მიტინგობენ, მეორე დღეს აბორტის მოწინააღმდეგეებს აქვთ იქაურობა დაპყრობილი. ჰოდა, დუშეთის პრინცი, შალვა ნათელაშვილი, ერთ დღეს აბორტის მომხრე იყო, მეორე დღეს - მოწინააღმდეგე. გაფორმებით კი, ორივე აქცია ლეიბორისტების აქციად გაფორმდა.

 

რაც შემეხება მე... მე აბორტის მოწინააღმდეგე გახლავართ. მოდი და ნუ იქნები - ჩართავ ტელევიზორს და ერთთავად წარუმატებელი აბორტის მსხვერპლს ხედავ - პარლამენტში, მთავრობაში, ოპოზიციაში, ლეიბორისტებში...

 

ზურაბ ნოღაიდელი ყრილობისთვის ემზადება და პარტიის დამფუძნებლების შერჩევის პროცესშია. რა საინტერესოა არა? - ამერიკას დამფუძნებელი მამები ჰყავს, ნოღაიდელის პარტიას დამფუძნებელი ვირები ეყოლება.

 

და, გავედი კიდეც ბოლოში. მაგარი ნიუსი: ”ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა მოსიაშვილმა დღეს სტუმრად სურამის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მიიღო. შეხვედრა მოსწავლეთა ინიციატივით შედგა და გაცნობითი ხასიათის იყო. მოსიაშვილმა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები გამგებლის პირად ცხოვრებას, სამსახურებრივ საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხებოდა. ”თქვენთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, მზად ვარ მომავალ თაობას ყოველთვის გავუზიარო ჩემი შეხედულებები და მათი აზრიც მოვისმინო”, - აღნიშნა გამგებელმა დამშვიდობებისას”.

 

ხომ მაგარი იყო?

 

”ავსტრალიელი ქირურგები გოჭს პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებენ.

უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ავსტრალიელი ექიმები გოჭს, რომლის სახელია ბორისი, შუბლზე კანს გადაუჭიმავენ” - ესეც მაგარია.

 

ეტყობა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად უპირებენ დანიშვნას და მართლა ძაან მაგარი იქნება.

 

ა.ა. (არჩევნები ახლოვდება) dato04: apokalifsis, სჰენ გეხუტუნე ზამია, მე აკა ვარ საბერზნეტსჰი და გუსჰინ ტამასჰები რო გაარცჰიეს ცოტა სჰასჰინებულები კი იკვნენ მარა ბრეკიაობა მაინც არ მოისჰალეს, ოკტომბერსჰი მაგენის ცაკუზვა და კვნესა უნდა ცჰავიცერო და ხასიატი რო გამიპუცჰდება ხოლმე ცჰავრტავ და სიმოვნებას მივიგებ, ამატი არ გეისჰვა არაპერი, კეცბაიას დაცინეს ცოტატი კიდე მაგრამ ვნახოტ, ბოლოს ვინ გაიცინებს, მე უკვე ცინასცარ ხიტხიტის ხასიატზე ვარ.

(www.worldsport.ge – ფორუმი)