ბესო ბერულაშვილის „ხუმრობა“

ბესო ბერულაშვილის „ხუმრობა“

პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ერთ უცნაურ და დაუჯერებელ შემთხვევას ხშირად იხსენებს.

„ალბათ, ყველას გახსოვთ ის დრო, ჩაბნელებულ საქართველოში სერიალის ყურება რომ მოიაზრებოდა ერთადერთ ნათელ წერტილად. „ველური გულის“ ერთგულ მაყურებელთა ზოგი ოჯახი დაინგრა, ზოგიც დანგრევის პირას მივიდა. კაცებს მონიკა და ჰაიმე უყვარდებოდათ, ქალებს კი თმაკულულა ხუანი. მახსოვს, ერთხელ მეზობლის ქალმა ეზოში ტელევიზორის ხმა გაიგო, არიქა ფილმი იწყებაო და სიჩქარისგან კიბეებზე სხვისი ბავშვი ამოარბენინა, სერიალის დამთავრების შემდეგ კი საკუთარში გაცვალა.

ამ პერიოდში ერთმა ჩემმა ძმაკაცმა „დვიჟოკი“ იყიდა და ყველა ნაცნობმა მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობით ბოროტად ისარგებლა. სტუმარი ღვთისაა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთი და იგივე „სასტავის“ რია-რიამ კაცს საკუთარი სახლი საკონცენტრაციო ბანაკად მოაჩვენა. ამ ამბავს ამძიმებდა ის გარემოება, რომ სერიალის დაწყებისა და ჩემი ძმაკაცის სახლში დაბრუნების საათი ერთმანეთს ემთხვეოდა. გული მომიკლა მისმა გაჭირვებამ. შენ ეგ საქმე მე მომანდე-მეთქი, დავამშვიდე სერიალის კლუბის „მფლობელი“.

ეს პიროვნება მამა ბასილის მრევლი გახლდათ და „ამ საქმეში“ მოძღვარი ჩავრიე.  მივედი და მოვუყევი, იეჰოვას მოწმეებმა როგორ გადაიბირეს მისი დედა და ცოლ-შვილი, რომ შაბათ-კვირის გარდა, მათ სახლში უკვდავ-უბერებლები იკრიბებიან და ახლად დაქვრივებულებსაც აბამენ მახეში. ამ სექტის მიმდევართა რაოდენობა დღითიდღე მრავლება-მეთქი - ვუთხარი მამა ბასილს. ჰოდა, მეორე დღესვე დათქმულ საათზე მივიდა ჩემი ძმაკაცის სახლში ჯვრითა და კომბლით. ზარის ხმაზე დაასკვნეს ქალებმა, ნუნუ იქნებაო, მეზობლის ქალი. გააღეს კარი და რისხვით ანთებული მღვდელი შერჩათ ხელში, რომელიც დაერია „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა“-თი. „ქალთა კლუბი“ რამდენიმე წამში დაიშალა და იმ დღის შემდეგ აღარასოდეს შეკრებილა. ოჯახმა კი სამუდამოდ დაისვენა.“