ეროსი მანჯგალაძის „საიდუმლო“

ეროსი მანჯგალაძის „საიდუმლო“

ძველი თაობის გულშემატკივრები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე რეპორტაჟების წაყვანისას მსმენელებს „სიურპრიზს“ არაერთხელ უწყობდა და თბილისის „დინამოს“ გატანილ გოლებს თამაშის დასასრულისთვის „ინახავდა“.

ერთხელ ამ „საიდუმლოს“ ფარდა თავად ეროსი მანჯგალაძემ ახადა.

„1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს, მოსკოვში მივლინებისას თბილისის „დინამოსა“ და ერთი იქაური გუნდის მთელი მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა.

დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. გახსნეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელებს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული - მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო. აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მოდი ამ ერთ ბურთს „შავი დღისთვის“ შემოვინახავ-მეთქი და მსმენელებს... არაფერი ვაუწყე! პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში. იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დამთავრდა. „ამხანაგო რადიომსმენელებო! ამით ვამთავრებთ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან. ანგარიშია 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ“.

და აი, დაიწყო მრავალტანჯული მეორე ტაიმი. სად ჰქონდა ამდენი ენერგია მოსკოვის გუნდს! მალე მან გაქვითა ერთი ბურთი. აქ „ოლიმპიური სიმშვიდე“ გამოვიჩინე და განვაცხადე: „ანგარიშია 1:1. ყველაფერი თავიდან იწყება“. ამასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და აი მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა კი საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მათ კი ეგონათ, რომ „დინამო“ აგებდა! შემეცოდა და „გამოვიყენე“ კიდეც 40 წუთის წინ „შენახული“ ბურთი. გულწრფელად განვაცხადე: „არა, თბილისელები არ აგებენ. ანგარიში თანაბარია - 2:2“.

ამ ორომტრიალში მეც საშინლად ავღელდი. კიდევ კარგი, რომ თბილისელებმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს და არ დაჰყარეს ფარხმალი. მალე მათ მესამე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე გამარჯვება იყო - 3:2. მატჩიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. დიახ, ყველაფერი კარგია, რაც კეთილად დამთავრდება.“