შრომის მინისტრი შრომის კოდექსს ტყუილად იცავს

შრომის მინისტრი შრომის კოდექსს ტყუილად იცავს

ჯანდაცვის მინისტრი შრომისს კოდექსს აქებს, ამ დროს კი მისი კოლეგები უხელფასობას უჩივიან და “საქებარი კოდექსის” გამო ხელფეხშეკრული არიან. ასეთი მდგომარეობაა მხოლოდ სამედიცინო სფეროში არ არის. რადგანაც შრომის კოდექსი დისკრიმინაციულია, პრობლემები ნებისმიერ სექტორში დაქირავებულ პერსონალს ეხება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს საქართველოს შრომის კოდექსი ლიბერალურ კანონმდებლობად მიაჩნია - ამის შესახებ მინისტრი იმ დროს აცხადებდა, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საავადმოფოში, ღუდუშაურის კლინიკაში ექიმები და ექთნები თავიანთ ორი თვიან უხელფასობის მიზეზებს არკვევდნენ.

შრომის კოდექსის საუცხოობაზე შრომის მინისტრმა პარლამენტში სტუმრობისას დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ ისაუბრა. დეპუტატმა კოდექსი მკაცრად გააკრიტიკა და ხელისუფლებას შეახსენა, როგორც შრომის კოდექსი, ისე მონოპოლიების საკითხი ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთ სერიოზულ საკითხად სახელდება.

ანდრია ურუშაძემ მაშინ დეპუტატებს მოუწოდა, არ შერცხვეთ, რადგან შრომის რეგულირება საქართველოში საკმაოდ ლიბერალურია. მისი თქმით, საქართველოს უფრო ლიბერალური და ადამიანზე ორიენტირებული, ასევე დამსაქმებელზე და დასაქმებულზე ორიენტირებული კანონმდებლობა აქვს, თუმცა ანდრია ურუშაძეს მიაჩნია, რომ კანონი შეიძლება დაიხვეწოს და შრომის კანონმდებლობით უფრო დაცული იყოს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, დაქირავებულს დამქირავებლის მიმართ საქართველოში არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. მისი უფლებები აბსოლუტურად იგნორირებულია და ძალიანაც რომ მოინდომოს, თავისი სიმართლის დამტკიცებას ვერც სასამართლოს მეშვეობით ვერ შეძლებს.

ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის ფაქტი, რომ ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს უკვე ორი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. როგორც გაირკვა, ღუდუშაურის კლინიკის ექიმებსა და ექთნებზე ჯერ იანვრის ხელფასიც არ გაცემულა, მაშინ როცა უკვე თებერვლის ხელფასს უნდა იღებდნენ.

რამდენიმე დღის წინ სანიტრებსა და ტექნიკურ პერსონალს მხოლოდ ერთი - იანვრის თვის ხელფასი აუნაზღაურეს. მომდევნო თვის ხელფასის ანაზღაურებაზე კი მხოლოდ დაპირება მიიღეს.

არადა, ეს საავადმყოფო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე “პოპულარულია” და პაციენტების ნაკლებობას არ განიცდის. თავისთავად არც შემოსავლები აკლია, რადგანაც ყველას მოეხსენება საქართველოში მკურნალობა რა თანხებს უკავშირდება. ვინც კი ერთხელ მაინც მოხვედრილა (ღმერთმა ყველა დაიფაროს), ღუდუშაურის კლინიკაში, შეამჩნევს, რომ კლინიკის მისაღებში უამრავი პაციენტი ტრიალებს.

კლინიკის ექიმები სიტუაციის გარკვევას კლინიკის დირექტორთან ზაზა სინაურიძესთან ცდილობდნენ, თუმცა ის კაბინეტში არ დახვდათ. სამაგიეროდ, კლინიკის დირექტორმა, მოგვიანებით, მედიასთან სასაუბროდ მაინც მოიცალა და სააგენტო “მედიანიუსს” განუცხადა, რო მას შემდეგ, რაც სადაზღვეო კომპანიები ჩაერთნენ კლინიკის თანამშრომლების ანაზღაურების საქმეში, ანაზღაურებამ ერთი თვით დაიგვიანა.

მისი თქმით, კლინიკის თანამშრომლებს იანვრის თვის დავალიანება მარტის ბოლომდე აუნაზღაურდებათ, თებერვლისა კი, შესაბამისად - აპრილის თვეში.