„ადამიანები მტკიცებულების გარეშე ჰყავთ დაკავებული“

„ადამიანები მტკიცებულების გარეშე ჰყავთ დაკავებული“

მთავარი პროკურატურაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, დაიკითხება თუ არა დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, რომელსაც ჯერჯერობით, საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ალასანია ამაღამ, გვიან ღამიღ ბრუნდება თბილისში და სავარაუდოდ, კომენტარს მალევე გააკეთებს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით 3 ნოემბერს დაიკითხება თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე, სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია „სილქნეტის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტრო არის დაინტერესებული, რომ უწყების მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებული პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გამოძიებაც სრულფასოვნად ჩატარდეს. 

„მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ამ პროცესში. მივესალმებით იმ მზარდ ინტერესს, რომელიც შეიმჩნევა როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც შემატებს დამატებით ტრანსფარენტულობას ამ პროცესს.

ასევე მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, რომ არ იქნა გათვალისწინებული თავდაცვის მინისტრის მოადგილეებისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეების შუამდგომლობა დაკავებულების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვითხოვეთ საქმის დეკლასიფიკაცია.

ველოდებით აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ასევე ყურადსაღებია გზავნილები, თუ შენიშვნები, რაც დაფიქსირდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეპორტში. იმედს გამოვთქვამთ, რომ პროცესი იქნება ძალიან ტრანსპარენტული და ინკლუზიური“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.

ადვოკატი ლევან სამუშია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს არ გადასცა საქმის მასალები, რითაც დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მისივე თქმით, სასამართლო პროცესი ყოველგვარი ნორმებიდან ამოვარდნილი იყო, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა პოზიციის დაფიქსირების.

For.ge ლევან სამუშიას ესაუბრა.

დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. საინტერესოა, მოტივად რა დაასახელა პროკურატურამ, რის გამოც მოსამართლემ ხუთივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა?

- მოტივი იყო ის, რომ დაკავებულები არიან ინტელექტუალები, საკმაო ავტორიტეტით სარგებლობენ საზოგადოებაში და შესაძლებელია, რომ გამოძიებაზე მოახდინონ ზემოქმედება. კონკრეტული მტკიცებულება წარმოადგინა ბრალდების მხარემ რითაც დასტურდება, რომ დაკავებულებმა ზეგავლენა მოახდინეს ვინმეზე?

- არა. კონკრეტულად ის, რომ რაიმე მტკიცებულება ჰქონოდათ და ან მანამდე მოახდინეს თუ არა ზეწოლა ვინმეზე, ან იყო თუ არა ამის მცდელობა, ეს პროკურატურას არ დაუდატურებია. ჩემს პრაქტიკაში ასეთი რამ არ მახსოვს, პროკურორები საკუთარ პოზიციას საათნახევარი აყალიბებდნენ, ამ დროს კი, სასამართლომ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად 15 წუთი განგვისაზღვრა შვიდ ადვოკატს. პოზიციის ჩამოყალიბების და დაცვის უფლების განხორციელების დროც არ მოგვეცა.

რაც შეეხება მტკიცებულებას, საქმის მასალებით დასტურდება დაკავებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის მითვისება?

- ამ საქმეს ადევს გრიფით „საიდუმლო“, შესაბამისად მტკიცებულებებზე ვერ ვილაპარაკებ. მინდა ვთხოვო მათ, ვისაც კი ამ საქმეზე დაშვება აქვს, მაღალი თანამდებობის პირებს, ეს იქნება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, თუ სხვები, იქნებ, მიაღწიონ ამ საქმეში რამეს. იმიტომ, რომ ადამიანები არაფრის გულისთვის არიან დაპატიმრებულები. საერთოდ, ამათ უკანონო ქმედება კი არა, პირიქით, ქვეყნისთვის სასარგებლო ქმედება აქვთ განხორციელებული და ამისთვის არიან დაკავებულნი.

თქვენ ამობობთ, რომ არ მოგცეს საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა საქმის პროკურორი წიკლაური ამტკიცებს, რომ თქვენ ავარცელებთ დეზინფორმაციას. თუ კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებაზე არ გექნებათ ხელწვდომა, მაშინ რის საფუძველზე უნდა დაიცვათ მხარე?

- ბრალდების მხარემ გვითხრა, რომ ჩვენი თანდასწრებით გაეცანით საქმესო, მაგრამ ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს სრულყოფილად უნდა მოგვეცეს საქმის მასალების გაცნობის და დაცვის განხორციელების საშუალება, რაც არ ხდება. პროკურორის ზედამხედველობით, მათ მიერ ყუთებით მოტანილ მასალებს წუთებში გავეცნოთ? - ასე არ ხადება. ჩვენ ხელწერილი გვქონდა დაწერილი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რომ საქმის მასალების გაცნობის შემთხვევაში არ გავახმაურებდით საქმის მასალებს.

პროკურატურამ განზრახ, მიზანმიმართულად არ გადმოგვცა სისხლის სამართლის მასალები, ვინაიდან მტკიცებულების გარეშე ჰყავთ ეს ხალხი დაკავებული. როგორც ფოტორეპორტიორების საქმეზე იყო გრიფით „საიდუმლო“ დადებული, იგივე სისტუაციაა დღესაც. ასეთი სასამართლო პროცესი იშვიათად თუ მინახავას, ფორმალური ნორმებიც კი არ იყო დაცული, არაფერი არ აინტერესებდა მოსამართლეს, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი.

იკვეთება გარეშე პირის მონაწილეობა საქმეში?

- ამ შემთხვევაში, გეტყვით არა როგორც ადავოკატი, არამედ როგორც მოქალაქე, რომ ვინაიდან ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება საქმე და ქვეყნის იმიჯს ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში, ხელს ვერავის ვერ დავადებ, მაგრამ ამ საქმეში რომ ვინმეს ვიზირება არ იყოს, გამორიცხულია და მსგავსი უკანონობა ვინმეს თავის თავზე აეღო, ასე მარტივად არ ხდება.

ტრაქტორების საქმეში ვმონაწილეობდი და იქ ფორმალური პროცედურები მაინც დაიცვა მოსამართლემ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფორმალური მხარე საერთოდ არ გაითვალისწინა ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება. იცით, რომ საქმეს გრიფი ადევს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე მთლიანად ე.წ. ტრაქტორების საქმის ანალოგია, ბრალის ფორმულირებაც კი ერთია. უბრალოდ, იქ იყო ტრაქტორები და აქ არის კაბელები.