მოსამართლე ნანა დარასელია შვიდ დაკავებულს ექვსი საათი ასამართლებდა

მოსამართლე ნანა დარასელია შვიდ დაკავებულს ექვსი საათი ასამართლებდა

”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან ორგანიზებული აქციის ფარგლებში დაკავებული 7 პირიდან სამს პატიმრობა შეეფარდა - არასამთავრობო ორგანიზაციის ”რატომ” ლიდერი მერაბ ჭიქაშვილი და გიორგი ხარაბაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში 20 დღით გაამწესეს, ხოლო ”სახალხო კრების დევნილთა კომიტეტის” ახალგაზრდული ფრთის ”შეფიცულთა” თავმჯდომარე, კახა ჩიქოვანი - 10 დღით;

ა/ო ”ენა მამული სარწმუნოებას” ლიდერს, ლადო სადღობელაშვილს; ა/ო ”არას” წარმომადგენელს ოთარ ბექაურს, ”სახალხო კრების შეფიცულთა” თავმჯდომარეს, მსახიობ გია ბურჯანაძესა და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს, ბესო ტაბატაძეს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა დარასელიამ 400-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

სასამართლო საღამოს რვა საათზე დაიწყო და ღამის ორ საათზე დასრულდა.

გასამართლებული 7 პირიდან 5 აქციის მიმდინარეობისას დააკავეს, ხოლო ორი - გიორგი ხარაბაძე და ლადო სადღობელაშვილი, აქციის დასრულების შემდეგ (სამინისტროს შენობიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით), მაგრამ სასჯელი განსხვავებული ერგოთ წილად - ხარაბაძეს, როგორც აღვნიშნეთ, 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო სადღობელაშვილს - 400-ლარიანი ჯარიმა.

დაკავებულები ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 173-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობით გაასამართლეს. მათ უფლებებს იცავდნენ: გელა ნიკოლაიშვილი, ნათია კორკოტაძე, ელგუჯა ჩხაიძე, ნონა ფილაური; “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“: ნათია კაციტაძე, ლიკა წიკლაური და ბექა დოჭვირი.

ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესზე საპატრულო პოლიცია წარმოადგენდა, ოთარ ბექაურისთვის, გიორგი ხარაბაძისთვის, მერაბ ჭიქაშვილისთვის და კახა ჩიქოვანისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო გია ბურჯანაძისთვის, ბესო ტაბატაძისა და ლადო სადღობელაშვილისთვის 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრება.

მოსამართლე ნანა დარასელია სათათბირო ოთახში დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გავიდა და თავისი გადაწყვეტილება, ”საქართველოს სახელით” ორ საათზე გამოაცხადა, რასაც დარბაზში მყოფები ტაშითა და სტვენით შეეგებნენ.

დარბაზში და სასამართლოს დერეფანში მყოფებმა იქაურობა, რომ დატოვეს, ღამის სამის ნახევარი სრულდებოდა. ამ დროს სასამართლოს ჰოლში გამოეფინნენ მანდატურები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი სამართალდამცავები, მთლიანობაში ისინი 150-ზე მეტნი იყვნენ.

მოსამართლე ნანა დარასელიამ წარდგენილი შუამდგომლობებიდან, რომელიც ეხებოდა აუდიო-ვიდეო და სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული მასალის პროცესზე წარმოდგენას, არც ერთი არ დააკმაყოფილა.

ექვსსაათიანი პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლო დარბაზში, დერეფანსა და ეზოში სხვადასხვა საზოგადოებრივი, არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის:

“საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან“და მედია-კავშირ “ობიექტივიდან“ : დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, დავით ლილუაშვილი, შოთა გლურჯიძე, არჩილ ლეკიშვილი, ლელიკო ჯაფარიძე, ნინო ცხოიძე, ქეთევან ადამია;

ა/ო. “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ნანა კაკაბაძე; “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი; პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე; “კონსერვატორებიდან“ ლაშა ჩხარტიშვილი; “ხალხის პარტიიდან“ ალექსანდრე შალამბერიძე; “სამოქალაქო ფრონტიდან“ ჯაბა ჯიშკარიანი; ახალგაზრდული მოძრაობა “ივერიელებიდან“ ლევან კოჭლოშვილი; 

“ქართული აკადემიიდან“: თამაზ ჯოლოგუა, თემურ ნანეიშვილი, გელა დოლიძე და ნუკრი ქანთარია; ვეტერანთა ორგანიზაციიდან, აფხაზეთისა და ცხინვალის ომის მონაწილე, მალხაზ თოფურია;“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობიდან“ დავით მალაზონია;

“სახალხო კრებიდან“: ნინო ბურჯანაძე, რეზო ესაძე, ლუკა კურტანიძე, გიორგი კობახიძე, ვახტანგ ყოლბაია, ირაკლი ბათიაშვილი,ზაზა სოფრომაძე, შალვა ობგაიძე; ა/ო. “საზოგადოებრივი დამცველიდან“ ირინა და ზურაბ ფუტკარაძეები; ა/ო. “არა“ და “რატომ“-იდან თიკო ნიბლოშვილი და ლევან ჩიტაძე;

იქ იყვნენ: “თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი; “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ - ეკა ბესელია; პატრულის მიერ მოკლული ამირან რობაქიძის დედა, ია მეტრეველი და კიდევ დაახლოებით 200 ადამიანი.

პროცესს წინ უძღვოდა საპატიმროებში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და პატიმრების ცემა-წამების საწინააღმდეგო აქცია ყაზბეგის გამზირზე, ხათუნა კალმახელიძის უწყებასთან, რომელიც 16 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში დაკავებებისა და ინცინდენტების ფონზე მიმდინარეობდა. მიკროფონი და გამაძლიერებლები სამინისტროს შენობის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს იყო მოწყობილი.

აქციის დაწყების პარალელურად, მონაწილეებმა (დაახლოებით ათასმა ადამიანმა) გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, რის გამოც მოძრაობა გადაიკეტა. მანამდე გამოაცხადეს, რომ აქციის ჩატარების შესახებ მერიის შესაბამის სამსახურს აცნობეს და რომ აქცია სანქცირებული იყო.

აქცია სულ რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როცა ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელი აქციის მონაწილეებს შეერია. თავიდან ხმამაღალი საუბარი ისმოდა, შემდეგ ტაში რამდენჯერმე დაუკრეს, პოლიციელის გარშემო მყოფებმა, ძირითადად მანდილოსნებმა. შორიდან ჩანდა რომ ეს პოლიციელი რაღაცაზე გაცხარებული იყო. აქციის მონაწილეების მთელი ყურადღება ამ ერთ ადამიანზე იყო გადატანილი.

ამასობაში, უამრავი პოლიციელი გაჩნდა აქციაზე - ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ გეგონებოდა, ასფალტიდან ამოიზარდნენ და აქციის მონაწილეებს შეესივნენ.

პოლიციელებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და ხალხის ტროტუარზე ძალით გადაყვანა დაიწყეს. ამ დროს არ იშურებდნენ უცენზურო სიტყვებს; ისინი, ვინც ცოცხალ ჯაჭვში არ იყვნენ ჩაბმულები, ხელს კრავდნენ განურჩევლად ყველას - ჟურნალისტს, ბავშვიან ქალს, მამაკაცს, გოგონას და ტროტუარისკენ მიერეკებოდნენ.

დავინახეთ აქციის მონაწილეებიდან ძალით, ბოდიში და, როგორ გამოათრიეს მერაბ ჭიქაშვილი და ოთარ ბექაური. ფოტოაპარატმომარჯვებული მათ დავედევნეთ და გზადაგზა სურათებს ვუღებდით. ბექაურს ხმა არ ამოუღია, ხოლო ჭიქაშვილი პოლიციელებს დროდადრო ახსენებდა, რომ მათ ემორჩილებოდა და რომ არ იყო საჭირო გადაგრეხილი ხელებით სირბილი...

პოლიციელების ქცევამ საბჭოთა საქართველოს პოლიცია გაგვახსენა, 1989 წლის 9 აპრილამდე, რომ არბევდა და ავიწროებდა ეროვნული მოძრაობის მიერ გამართულ აქციებს - სწორედ ასეთი ცოცხალი ჯაჭვით იცოდნენ ხალხის გადადენა ერთი ადგილიდან მეორეზე, ხელების გადაგრეხვა და შეურაცხყოფების მიყენება... სხვათა შორის, კალმახელიძის უწყების წინ გამართულ აქციაზე განსაკუთრებული თავაზიანობით ლურჯ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები გამოირჩეოდნენ, რაც ნაცრისფერ ფორმაში გამოწყობილების აგრესიულობის და დაუნდობლობის ფონზე საკვირველი ჩანდა.

აქციის დარბევას N1 პატრული, გიორგი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა. მის გარშემო ფორმიანებთან ერთად უფორმო პოლიციელებიც მრავლად იყვნენ. მალხაზ თოფურიამ და მანრი ჭანტურიამ პროცესზე, მოწმის სახით განაცხადეს და ჩვენც გვიამბეს, როგორ დააკავეს მსახიობი და ამავდროულად, “შეფიცულთა“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე, რომელიც დაკავების მომენტში გზის სავალ ნაწილზე არ მდგარა, ხესთან ახლოს იყო და ასე ადევნებდა თვალს აქციის მსვლელობას, როცა მას მივარდნენ, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

აქციის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 500 მეტრში ლადო სადღობელაშვილის და გიორგი ხარაბაძის დაკავებას შეესწრნენ: “წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ ნატა თარხან-მოურავი და “ობიექტივიდან“ თეა ღვანია. ამ ორმა ადამიანმა დაინახა როგორ მიჰყავდათ ხელებაწეული დაკავებულები მანქანისკენ. მიუხედავად ამისა, პროცესზე  საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ სადღობელაშვილი და ხარაბაძე აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.

აქციის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება “ზემოდან“ მიღებული დაკვეთით გამოიტანა. ზემოხსენებული ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნანა დარასელიას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.