ხუთივე დაკავებული პატიმრობაში რჩება - „ეს არის სამარცხვინო საქმე“

ხუთივე დაკავებული პატიმრობაში რჩება - „ეს არის სამარცხვინო საქმე“

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა, რათა ამ პირებმა, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები, ზეგავლენა არ მოახდინონ მოწმეებზე და იქვე განმარტა, რომ

 მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დაკითხვა: „ამ დროისთვის საქმეში მხოლოდ დაკავებულები ფიგურირებენ. იმ შემთხვევაში, თუ საქმის ძიების პროცესში სხვა პირებიც გამოიკვეთებიან, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

გარდა ამისა, პროკურორი წიკლაური დაცვის მხარეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაცვის მხარე საზოგადოების დეზინფორმირებას ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ მათ მასალების გაცნობის საშუალება არ მისცეს. წიკლაურის ცნობით, ადვოკატები ორი დღის განმავლობაში მასალების გაცნობაზე უარს თავადვე ამბობდნენ. 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს დაცვის მხარე. როგორც ლევან სამუშია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, როგორც ბრალდებულებს, ასევე დაცვის მხარეს არ გადასცეს საქმის მასალები, რითაც დაარღვიეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. დღევანდელ გადაწყვეტილებას კი დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სამუშიამ უკვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს და აღნიშნა, რომ ეს საქმე სამარცხვინოა, რადგან მოსამართლემ დღეს მათ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა. 

„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის აბსურდული შუამდგომლობა. სასამართლო პროცესი ყოველგვარი ნორმებიდან ამოვარდნილი იყო, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა პოზიციის დაფიქსირების. პროკურორებმა თავისი აბსურდული პოზიცია დააფიქსირეს ორი საათის განმავლობაში, ჩვენ ადვოკატებს კი მოსამართლემ ორ-ორი წუთი გამოგვიყო. რაც ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს არის სამარცხვინო“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დაკავებულების მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები თავდებში უდგებოდნენ. კერძოდ - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კბილცეცხლაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე რომან ჯოხაძე. თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაიზიარა.

საქმე პირად კონტროლზე აიყვანა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირებისადმი წაყენებული ბრალდება მართალია, ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს ყველა იმ პირის მხრიდან, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, მაშინ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც აღნიშნული საქმე წამოიწყო.

„ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი მიადგა. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. საქმე ეხება სწორედ თავდაცვის მიმართულებას - იმ მიმართულებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე სფეროა.

გახსოვთ, 2008 წლის ომის დროს, ეს ის მიმართულება იყო, რომელიც ჩავარდა, როცა შეიარაღებული ძალები მობილური ტელეფონების იმედზე იყო. ამიტომ საკითხში სიცხადის შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს საქმე უბრალოდ ვერ ჩაივლის. დღევანდელი მდგომარეობით, ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული - ან ამ დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით.

ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ საქმეს ბოლომდე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, საკითხს ჩემს პირად საქმედაც ვთვლი. პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონისა და კონსტიტიციის ფარგლებში ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს - არც ერთი და არც მეორე ვარიანტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.