რა შემთხვევაში მოხდება მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება და რატომ ნიშნავს ეს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ?
პრემიერ-მინისტრი წინააღმდეგია, რომ შსს-ს ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა აღარ ჰქონდეს. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორიდან შემოთავაზებული ვარიანტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, ფარულ მოსმენებზე წვდომას მობილურ ოპერატორებსა და სასამართლოს ავალდებულებს, მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.
პრემიერის თქმით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით იდეები ძალიან კარგია, მაგრამ ამას სჭირდება გააზრება, რეალიზება და ჩვენისთანა რთული რეგიონის რეალობის გათვალისწინება. ამიტომ ყველანი უნდა დაფიქრდნენ.
კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, არასამთავრობო სექტორიდან შემოთავაზებული ვარიანტის განხორციელება ტექნიკურადაც შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოში მოქმედი სამივე მობილური ოპერატორი („ჯეოსელი“, „ბილაინი“ და „მაგთიკომი“ ) უცხოური კომპანიების მფლობელობაშია. ამდენად, სახელმწიფო ე.წ. გასაღებს ვერ ანდობს უცხოურ კომპანიებს.
„მობილური ოპერატორი იმ შემთხვევაში შეიძლება მართავდეს ამ მექანიზმს, თუ იქ არის მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემები დაცული. ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ასე არ არის და სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის უსაფრთხოებას, საიდუმლოებას და მოქალაქეების უსაფრთხოებას უცხოურ კომპანიებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მეორე არგუმენტად, რის გამოც ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას, პრემიერმა დაასახელა შსს-ის „გართულებული ურთიერთობები“ სასამართლოსთან კანონიერ მოსმენებზე ნებართვების მიღების კუთხით. მისი არგუმენტით, ხშირ შემთხვევაში, შსს-ს აქვს მთელი რიგი წინააღმდეგობები სასამართლოდან, სადაც ძალიან მარტივ და მყარად დასაბუთებულ შემთხვევებშიც კი, შსს ვერ ახერხებს სასამართლოსგან ნებართვის მიღებას.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პრემიერი ასკვნის, რომ „ამ შემთხვევაში, მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ“. ის მოუწოდებს დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ „გონივრულ“ კანონპროექტს, რომელიც ამ საკითხის დარეგულირების გადავადებას უკავშირდება. საუბარია ვადის 1-ლი ნოემბრიდან 2015 წლის 1-ელ აპრილამდე გადატანაზე, რაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შსს-სთვის ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ზოგადად კი, პრემიერ-მინისტრი იზიარებს თანამედროვე მიდგომას, რომ ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა კვლავაც დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში და, ამავდროულად, გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მხრიდან.
არასამთავრობოებს ყველაფერი ესმით, მაგრამ ტერმინი- „ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი“ არ აფრთხობთ. ისინი საკუთარ პოზიციაზე რჩებიან და არ ფიქრობენ არც იმ არგუმენტზე, რომ უცხოურ კომპანიებს არ ჩაუგდონ ხელში მოსმენებზე წვდომის გასაღები; არც იმ ვერსიას მიიჩნევენ ღირებულად, რომ კუბლაშვილის სასამართლოს ხელში ოპერატიული ღონისძიების დაგეგმისთვის ფარულ მოსმენებზე წვდომა ხელმიუწვდომელია.
უკვე მერამდენედ აქტუალური ხდება კითხვა, რატომ არ ჰქონდა ასე კამპანიური ხასიათი არასამთავრობოების აქტიურობას მაშინ, როცა ნამდვილად იყო ამის საჭიროება? როცა უკანონო მოსმენებზე დაყრდნობით ნაციონალები ნებისმიერ უკანონო დაკავებას „აპრავრებდნენ“?! რას ფიქრობენ არასამთავრობოები დღეს, თუკი ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომა მათ ხელში აღმოჩნდება?
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალების დროს ყველამ იცოდა, რომ უსმენდნენ, მაგრამ როგორი იყო ამის მეთოდოლოგია, გარკვევა უჭირდათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ყველა მობილური კომპანია დახურული იყო და ამ თემაზე არ საუბრობდა.
„მოსმენებთან დაკავშირებით ყოველთვის ვაქტიურობდით. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ არჩევნების შემდეგ მობილური ოპერატორები თვითონ დაგვიკავშირდნენ და დაიწყეს ღიად ამაზე საუბარი. მანამდე არავინ დაგვკავშირებია, არ ვიცოდით, ეს როგორ ხდებოდა ტექნიკურად. მეტი ინფორმაცია რომ გვქონოდა ნაციონალების დროს, უფრო კამპანიური ხასიათი მიეცემოდა ჩვენს ქმედებებს“, - გვითხრა ნინო ლომჯარიამ.
შეკითხვაზე, რატომ არ რეაგირებდნენ დაჭერების ნაციონალურ მეთოდზე, რასაც წესისამებრ, მეტი დამაჯერებლობისთვის, თან ერთვოდა ე.წ. ფარული ჩანაწერების გამომჟღავნება, ნინო ლომჯარიამ კვლავაც განაცხადა, რომ მოსმენის ტექნიკა მათთვის უცნობი იყო და არავინ საუბრობდა ამაზე. დღეს კი მათი აქტიურობა განპირობებულია ახალი ხელისუფლების მოტივაციით - ძველი წესები ახლით შეიცვალოს. ამდენად, იგი წინააღმდეგია ამ საკითხის 1 აპრილამდე გადავადების, რაც მისი აზრით, პროცესის გაწელვას ნიშნავს.
რაც შეეხება არასამთავრობოებისთვის ფარული მიყურადების გასაღების ჩაბარებას, ლომჯარია ამას უარყოფს, რადგან არასამთავრობოები ამხელა პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი” ვახუშტი მენაბდე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თემაზე ნაციონალების დროსაც აქტიურობდნენ, როცა კამპანია „ეს შენ გეხება“ დაიწყო, რომელმაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სისტემის შერყევა უზრუნველყო. თუმცა სად იყვნენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ დაწყებამდე და რატომ არ ისმოდა მათი აქტიური კამპანია მანამდე, ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ, ცალკეულ შემთხვევებში, ყოველთვის არსებობდა მათი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია და ეს ასახული იყო ანგარიშებში.
„პრემიერი ამბობს, სასამართლოდან ისედაც ვერ ვიღებთ თანხმობას და ახლა ამ გასაღების სასამართლოში გადატანა სიტუაციაზე კონტროლს მთლიანად დაგვიკარგავსო. ძალზე გაუგებარია ეს განცხადება. სასამართლოს გარეშე მათ არც აქვთ მოსმენის უფლება. მისი მხრიდან ამ არგუმენტის გამოყენება მიუთითებს, რომ არსებობს პრაქტიკა, რომ სასამართლოს გვერდის ავლით ხდება მოსმენა“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
შეკითხვაზე, დღევანდელი სასამართლო კუბლაშვილის გავლენისგან თავისუფალია თუ არა, ის გვპასუხობს, რომ ეს მეორე საკითხია, მაგრამ კანონში ცალსახად წერია, რომ მოსმენისთვის საჭიროა სასამართლოს ნებართვა.
უნდა ჰქონდეთ თუ არა მოსმენებზე წვდომის გასაღები არასამთავრობოებს და არიან თუ არა ისინი სანდონი ამ მხრივ? ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია აქვთ, მოსმენები კი ისეთი ფუნქციაა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მმართველობის განხორციელებასთან. ამიტომ ის უნდა ჰქონდეს მობილურ ოპერატორს, ან კიდევ, თუ სახელმწიფოს ექნება მასზე წვდომა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს სასამართლოს ლეგიტიმაცია.
თუკი სახელმწიფო შექმნის სპეციალურ ორგანოს, რომელიც ამ საკითხის გასაკონტროლებლად მათთვის სანდო არასამთავრობოებისგან დაკომპლექტდება, ეს ვახუშტი მენაბდისთვის მიუღებელი არ არის. იგი ამბობს, რომ ბევრი მოდელი არსებობს, მათ შორის, ცალკე სტრუქტურების შექმნა, რომელიც სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ახორციელებს კონტროლს, მაგრამ ყველაზე გონივრული მოდელი მაინც ევროპელმა ექსპერტებმა შემოგვთავაზეს.
ადვოკატი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალების დროს მათ არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია მოსმენების ბოროტების მასშტაბის შესახებ. ამიტომაც ასე კამპანიური ხასიათი არ ჰქონია არასამთავრობოების პროტესტს.
„მოსმენებზე წვდომა არასამთავრობოებს არ უნდა გადაეცეს, რადგან ეს პროფესიული სფეროა, სადაც აუცილებელია კვალიფიციური საინჟინრო, ტექნოლოგიური ცოდნა. ამ სახის არასამთავრობოები ამ ქვეყანაში არ გვყავს. სანდო არასამთავრობოებისგან ან სანდო ადამიანებისგან შემდგარი კომისია საკითხს ვერ გადაწყვეტს. ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტიტუციურად საკითხის გადაწყვეტაზე. თვითონ მობილურ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ გასაღები და მათ უნდა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოსმენის თაობაზე. თუ ხელისუფლება დღესაც ფიქრობს, რომ კვლავინდებურად უნდა გააგრძელოს ჩვენი მოსმენა, როგორც ამას აკეთებდა ნაცმოძრაობა, მაშინ ტოლობის ნიშანი დავსვათ მათ შორის“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.