საყდრისის საკითხის განხილვა ტროიცკის ჩამოსვლამდე გადაიდო

საყდრისის საკითხის განხილვა ტროიცკის ჩამოსვლამდე გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხის განხილვა 3 დეკემბრამდე გადაიდო. 29 ოქტომბრის სხდომის გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელს თემურ ოჩიგავას სასამართლოზე კომპანიისგან მინდობილობა არ ჰქონდა.

მინდობილობის გარეშე პროცესში ვერ ჩაერთვებოდა, მაგრამ მან სასამართლოზე საკუთარი სათქმელის თქმა შეძლო და მოსამართლეს და მხარეებს აცნობა, რომ კომპანის „არ-ემ-ჯი“ საყდრისი-ყაჩაღიანს, როგორც არქეოლოგიურ ობიექტს აღიარებს და ამ საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში ჩამოსვლას და ფართომასშტაბიანი შეხვედრის გამართვას აპირებს.

„არ-ემ-ჯის“ წარმომადგენლმა განმარტა, რომ კომპანიის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დიმიტრი ტროიცკი თბილისში ჩამოსვლას 10-დან 15 ნოემბრამდე გეგმავს და მოსამართლეს სთხოვა, სხდომის გადადების დროს ეს ფაქტი გაეთვალისწინებინა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ სხდომა 3 დეკემბრამდე გადადებულიყო. თუმცა, მანამდე საკითხზე პოზიციის გამოხატვა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელსაც სთხოვა, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საყდრისის საკითხზე მხარეების მორიგებასთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.

საქმე ეხება ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელს, სადაც საუბარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გაბათილებაზე, რომლის მიხედვითაც, საყდრისი-ყაჩაღიანს 2013 წელს ეროვნული ძეგლის სტატუსი მოეხსნა. დავამ სააპელაციო სასამართლოში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც აღნიშნულ საკითხზე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, მთავრობის კანცელარიამ და თავად „მწვანე ალტერნატივამაც“ გაასაჩივრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე მადნის მოპოვების სამუშაოები შეჩერებულია.

28 ოქტომბრის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ „არ-ემ-ჯის“ წარმომადგენელმა თემურ ოჩიგავამ ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი თქვა, მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კომპანიისგან სათანადო რწმუნება არ ჰქონდა.

„მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე კი აცხადებს, რომ გაუგებარია, რა საკითხებზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკება „არ-ემ-ჯის“ ხელმძღვანელთან, როცა მათ პრეტენზიები კულტურის სამინისტროსთან აქვთ.

„ჩვენ გვაქვს გასაჩივრებული კონკრეტული სამართლებრივი აქტები, რომელიც არის გამოცემული კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ, ასევე მთავრობის მიერ გამოცემული აქტები. ჩვენ არ გვაქვს დავა კომპანიის წარმომადგენელთან, ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ კომპანიის წარმომადგენელს არ გააჩნია უფლებამოსილება, ზოგადად, ძეგლის რაობაზე და მის სტატუსზე იმსჯელოს. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა კომპანიის წარმომადგენელთან ამ საკითხზე მსჯელობა. შეხვედრების წინააღმდეგი არ ვართ და მოვუსმენთ სიამოვნებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს რამენაირად შეცვლის პროცესს და გავლენას იქონიებს მასზე“,- აცხადებს ნინო გუჯარაიძე და აღანიშნავს, რომ მათი მოთხოვნაა, სასამართლომ გააგრძელოს საკითხის განხილვა ისე, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.

„მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუ კულტურის სამინისტროს პოზიციაც „არ-ემ-ჯის“ წარმომადგენლის მსგავსია და სამინისტრო საყდრისს კულტურულ ობიექტად მიიჩნევს, მაშინ სააპელაციო სასამართლოდან საკუთარი საჩივარი უკან უნდა გაეთხოვა.

„ყველა აქტი გაუქმებულია ამ მომენტისთვის. გაუქმებული აქტების მოქმედება კი შეჩერებულია და დღეს იმავე სიტუაციაში ვართ, მაგრამ აქტი რომელიც ეხება ობიექტის რაობას, არის გასაჩივრებული. ამ ნაწილში მაინც უნდა დაეყენებინა კულტურის სამინისტროს საჩივრის გახმობის საკითხი. ეს არ მომხდარა. ამიტომ, ზეპირ განმარტებებზე მსჯელობა ცოტა რთულია“,- აცხადებს ნინო გუჯარაიძე.

საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტზე ოქროს მოპოვებას საზოგადოების ნაწილი თვეებია კატეგორიულად ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებს მართავს. ამ მიზნით თვეების წინ „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომისიაც“ შეიქმნა, კომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საყდრისის კულტურული ობიექტი უნიკალურია, რადგან პრეისტორიულ ხანაში, ოქროს ინდუსტრიული წესით, სწორედ, საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში მოიპოვებდნენ და ამ ფაქტის აღიარება მალე მთელ მსოფლიოს მოუწევს.