საქართველოში შემოსული პირებიდან ებოლას ვირუსზე დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება

საქართველოში შემოსული პირებიდან ებოლას ვირუსზე დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება

„საქართველოში შემოსული პირებიდან დღეისთვის ებოლას ვირუსზე დაკვირვების ქვეშ აღარავინ იმყოფება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ამის მიზეზი ისაა, რომ რისკის მქონე აფრიკული ქვეყნებიდან (გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია) საქართველოში ადამიანები არ შემოდიან. დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული 88 პირიდან, ერთი პიროვნების გარდა, უმეტესობა ნიგერიელი სტუდენტი იყო. მათზე ზედამხედველობა კი დღეისთვის მოხსნილია, რადგან ნიგერიამ თავად დაამარცხა ებოლას ვირუსი. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ნიგერია დაავადების გავრცელების საშიში ქვეყნების სიიდან ამოიღო.

საიდან ვრცელდება ებოლა

პირველად შემთხვევა დაფიქსირდა შარშან დეკემბერში, როცა ორი წლის ბიჭი დაიღუპა გვინეის, სიერა-ლეონესა და ლიბერიის -ამ სამი ქვეყნის საზღვართან მდებარე პატარა სოფელში. ბიჭს მისი ბებიაც მიჰყვა, შემდეგ-დედა და და. ექიმები ებოლას ვირუსის სავარაუდო გავრცელების მიზეზებზეც საუბრობენ. აფრიკის ზემოთნახსენებ ღატაკ ქვეყნებში დელიკატესად ითვლება ხილის მჭამელი ღამურები. გარდა ამისა, იქ მიირთმევენ პრიმატებს-შიმპანზესა და გორილას, რომლებიც ისევე ხდებიან ებოლათი ავად, როგორც ადამიანები. ავადმყოფი გორილას მონადირება კი გაცილებით ადვილია.

ამასთან, ებოლას ეპიდემიის აფეთქებაში თავისი „წვლილი“ მიუძღვის აფრიკელების ტრადიციასაც. ხშირად ისინი მიცვალებულს 2-3 კვირით აჩერებენ, სანამ სული წყნარად არ დატოვებს იმ ადგილებს, რათა არ მოუბრუნდეს ნათესაობას. ამასობაში ეფერებიან, კოცნიან მიცვალებულს და ასე გადადის ეს დაავადება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ დაავადების გავრცელების რისკი საქართველოში ძალზე დაბალია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი რისკის ჯგუფის მქონე ამ სამი ქვეყნიდან (გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია) ჩამოფრინდება დაავადებული ადამიანი და აღნიშნულ სამ ქვეყანაში მისი ყოფნიდან 21 დღე არ იქნება გასული.

„ვიღაც იტყვის, ამერიკაშიც ხომ არის ებოლა? მაგრამ ამერიკაში დაავადება გავრცელებული არ არის, არამედ ამერიკელებმა წაიყვანეს თავიანთი ექიმები ებოლას ვირუსის მქონე ქვეყნებიდან, სადაც თავის დროზე იქაურთა დასახმარებლად გაგზავნეს. ასევე მოიქცა გერმანია, საფრანგეთი, ნორვეგია, ესპანეთი. ამ ქვეყნებში სამკურნალოდ ჩაყვანილ მედიკოსთა უმრავლესობა გადარჩა, რისკის ქვეყნებში ექიმების გადარჩენა კი მხოლოდ ღმერთზეა დამოკიდებული, რადგან დახმარების საშუალება ამ ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ. ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობით საქართველოსხელა ლიბერიას სულ რაღაც 150 ექიმი ჰყავდა. ამ დროს ყველაზე მაღალი რისკი ექიმებს აქვთ. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ნორმალური ჯანდაცვის სისტემაა, ეს დაავადება ვერ გავრცელდება, ანუ ერთი კაცი შეიძლება ავად გახდეს, მისგან ერთი ექიმიც დაავადდეს, მაგრამ მეტი არ გახდება ავად. ასე რომ, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს“,-აღნიშნა პაატა იმნაძემ.

რატომ იფეთქა მაინცდამაინც ახლა ებოლას ეპიდემიამ?

ზემოთაღნიშნულ სამ ქვეყანაში, რომლებიც ებოლას ვირუსით ყველაზე უფრო დაზარალებულ ქვეყნებად არის ცნობილი, ამ ვირუსის დიაგნოსტირება არასდროს ხდებოდა. თუმცა, შესაძლოა, ვირუსი ტრიალებდა კიდეც საზოგადოებაში. რომელიღაც აფრიკულ სოფელში შეიძლება, ვიღაც მომკვდარიყო კიდეც, მაგრამ ეს არ მიდიოდა სამედიცინო საზოგადოების ყურამდე ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის გამო. ამავე დროს, ამ სამივე ქვეყანაში გავრცელებული ტროპიკული მალარია და ქოლერა სიმპტომებით ძალზე წააგავდა ებოლას. ამიტომ, როცა ებოლას ვირუსმა დაიწყო გავრცელება, თავიდან ექიმებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო ტროპიკული მალარია.

მთლიანობაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის ებოლათი დაავადებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 4 922 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.

როგორც გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, სამივე ქვეყანას (გვინეა, სიერა-ლეონე და ლიბერია) გააჩნია ჯანდაცვის სუსტი სისტემა და ვირუსებმა მიაღწია დიდ ქალაქებამდე, სადაც განსაკუთრებით პრობლემატურია ქალაქის ყველაზე ღატაკი უბნები, მოსახლეობის დიდი კონცენტრაციით.

„სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყნებში, სადაც არსებობდა ებოლას აფეთქებები, გვამთან ურთიერთობისა და მოვლის წესების შეცვლას წლების მანძილზე ასწავლიდნენ. წლები დასჭირდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში გამოეწვიათ კულტურული ცვლილება გვამებთან ურთიერთობის მხრივ. ნიგერიამ ყველაზე უკეთ მართა ებოლას ვირუსი და დაამარცხა, რადგან აფრიკაში ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, ყველაზე უკეთესი ჯანდაცვის სისტემით. აქ დროულად სვამდნენ დიაგნოზს და ავადმყოფს ისე უვლიდნენ, რომ ნაკლები შეხება ჰქონოდა გარშემომყოფებთან“,-აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

სიმპტომები

ებოლას სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, კუნთების ძლიერი ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავისა და ყელის ინტენსიური ტკივილი და სისხლდენები. ადამიანის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით. ზოგადად, ადამიანიდან ადამიანზე ებოლას ვირუსი არ ვრცელდება. ინფიცირების რისკი იმ ტურისტებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ეპიდაფეთქების ზონებში, ძალიან დაბალია. ებოლათი ინფიცირებულის გვერდით ერთი ტრანსპორტით გადაადგილებისას სხვა მგზავრების დაინფიცირების ალბათობაც, ასევე, ძალზე დაბალია.

ებოლას ვირუსით ინფიცირება დასტურდება მხოლოდ ლაბორატორიული კვლევებით. დიაგნოზის ლაბორატორიულად დასმის საშუალება საქართველოს, კერძოდ, ლუგარის ცენტრს აქვს. ებოლასგან განკურნება დამოკიდებულია მკურნალობის ხარისხსა და პაციენტის იმუნურ სისტემაზე. ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად დღეს წარმატებულად რჩება ებოლაგადატანილი ადამიანის (ასეთები 50%-ია, ვინც გადარჩა) სისხლი.

ამ ეტაპზე არ არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინა ან სპეციფიკური წამალი ებოლას საწინააღმდეგოდ.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, 2015 წლის გვიან გაზაფხულზე ვაქცინა, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ვაქცინაზე და სპეციფიკურ წამლებზე სერიოზულად მუშაობენ. შექმნილია სამი ექსპერიმენტული წამალი, რომლის გამოცდაც ცხოველებზე დამთავრებულია და ამჟამად გამოიყენება მოხალისე ადამიანებზე. რაც შეეხება ვაქცინას, ის წარმატებით გამოიცადა პრიმატებზე და მიმდინარეობს კვლევა მოხალისეებზე.

„ლეტალობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო ეპიდემიის საწყის ეტაპზე, მაგრამ დღეს ის შემცირებულია, რადგან უკეთესად უვლიან ადამიანებს უზარმაზარი საერთაშორისო დახმარების ხარჯზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრში შექმნილია ებოლას ზედამხედველობის სპეციალური შტაბი. შემოსავლების სამსახურთან ერთად მიმდინარეობს მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსულთა ზედამხედველობა (ლიბერია, სიერა-ლეონე, გვინეა, მანამდე ნიგერია). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მგზავრობა აფრიკის დაზარალებულ რეგიონებში აკრძალული არ არის. ამ ქვეყნებში მგზავრობას არც ჩვენ ვუკრძალავთ არავის, მაგრამ ვურჩევთ, განსკუთრებული აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ აღნიშნულ სამ რეგიონში მგზავრობისგან. თუ მაინცდამაინც აუცილებელია მგზავრობა, დაიცვან სანიტარული და ჰიგიენური პირობები. პანიკის საფუძველი არ არსებობს, საჭიროა, მოზომილი გზავნილები მოსახლეობაში“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

და ბოლოს, უცხოელი ექიმი, რომელსაც 15 თანამშრომელი დაეღუპა ებოლათი დაავადებული ადამიანების მოვლის შემდეგ, თავად სასწაულებრივად გადარჩა. დღეს ის აცხადებს, რომ გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო ბევრი სითხის-წყლის მიღება. მართალია, მას წყლის მიღება ძალიან უჭირდა, რადგან ებოლას ვირუსი აზიანებს ყელს და ნეკროზულ (ქსოვილების კვდომა) ადგილებს აჩენს მასში, მაგრამ ახსოვდა, რომ გადარჩენის შანსი წყლის მიღება იყო.