თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულს არ აღიარებენ. დაკავებულები წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ყველა ბრალდება, რომელიც მათ მიმართ შეიძლება იყოს წარდგენილი, იქნება უკანონო. მათივე განცხადებით, ამ ტენდერით სარგებელი მოუტანეს სახელმწიფოს, რადგან ათობით მილიონი ლარი დაზოგეს. თავდაცვის სამინისტრო კი საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს. რადგან, შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა, გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ გრიფი საქმეს თავად სამინისტრომ დაადო და მოხსნაც მისი კომპეტენციაა. მოქმედი კანონმდებლობით, საქმეზე გრიფის მოხსნაზე სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტრდაზვერვის სამსახურის საბოლოო თანხმობას საჭიროებს და არა თავდაცვის სამინისტროსი.
მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია არ შეიცავდა ისეთ მონაცემებს, რომლის გასაჯაროებითაც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება მოხდებოდა. გიორგი ბადაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ პროკურატურამ წინასწარ მიიღო კომპეტენტური ორგანოს - შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაციის გასაჯაროვება შეიძლებოდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.
როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ „სილქნეტის“ სასარგებლოდ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.
„სილქნეტის“ მიერ წარდგენილ წინადადებასა და მეორე ადგილზე გასულ კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებას შორის, სხვაობა 2 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია, მესამე ადგილზე გასულ კომპანიას შორის კი - 3 მილიონ 600 ათასი ლარზე მეტი“, - აცხადებენ კომპანიაში.
იმ შემთხვევაში, თუ საქმეს გრიფი მოეხსნა ეს ციფრები ძალაში დარჩება, მაგრამ ცნობილი გახდება ის კომპანიები, რომლებიც მეორე და მესამე ადგილებზე არიან გასულნი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წლებთან შედარებით, ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. თუ, 2012 წელს - ფარული შესყიდვები 74 პროცენტს შეადგენდა , 2013 წელს უკვე აშკარა იყო ფარული შესყიდვების კლების ტენდენცია და 28 პროცენტს შეადგენდა, 2014 წელს ფარული შეყიდვების 16 პროცენტი დაფიქსირდა.
ექსპერტების განცხადებით, საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცაიით, ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება.
დაკავებული ნუკრი კაიშაურის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა ბრალდება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შესაძლებელია წარედგინოს, უკანონოა, რასაც, მისივე განცხადებით, სასამართლოში დაადასტურებს.
„კაიშაურს წარმოდგენა არ აქვს რატომ არის საერთოდ დაკავებული, საერთოდ უცნობია მისთვის დაკავების საფუძველი და საერთოდ ის თემა, რაც სავარაუდოდ შეიძლება შეედავონ მას, ეს არის აბსურდი. კაიშაური ცალსახად უკანონოდ არის დაკავებული, რომლის დაკავება რაღაცა ძალების შედეგია, მაგრამ განცხადებას ამის შესახებ, დეტალურად, ბრალის დადგენის შემდეგ გავაკეთებ“, - ამბობს დავით კორკოტაშვილი.
დაკავებული გიორგი ლობჟანიძის ადვოკატი ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმე, თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ე.წ. ტრაქტორების საქმეს.
„იცით, რომ ტრაქტორების საქმეშიც ვმონაწილეობდი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმეები, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბრებ აღნიშნულთან დაკავშირებით. საქმეები ერთმანეთს ჰგავს თავისი ბუნებით და თავისი მტკიცებულებებით. ახლაც ანალოგიურ ბრალზეა საუბარი, რაც პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან ჩანს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. გაოგნებულები არიან, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმისთვის არიან დაკავებულები“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
რაც შეეხება დაკავებული გიზო ჟღენტს, არჩილ ალავიძეს და დავით წიფურიას, როგორც ადვოკატი გოგა სამუშია ამბობს, დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მისივე თქმით, უნდა მოხდეს გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნა აღნიშნულ საქმეზე და საქმის გამოძიება უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების საქმეებს შორის პარალელების გავლებას ნაჩქარევად მიიჩნევს.
როგორც პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმე გამოიძიოს. ამასთან, პრემიერის განმარტებით, მისთვის ეს შემთხვევა საწყენი იყო.
„ძალიან ჩქარობთ, დაველოდოთ გამოძიებას. პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება ამ საქმეზე მუშაობა დაასრულოს და არც ერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანაზე განხორციელებული საიდუმლო შესყიდვა პარლამენტის ნდობის ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება. საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, აღმასრულებელ უწყებებს სათანადო წერილები გაეგზავნა და მას შემდეგ, რაც შესაბამისი მასალა დამუშავდება, ნდობის ჯგუფის სხდომა ჩატარდება. განხილვის თემა ის შესყიდვაც იქნება, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანია დაკავებული.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშილის განცხადებით, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით კომიტეტი წინასწარ იყო ინფორმირებული. მისი თქმით, „თავდაცვის შესახებ“ და „ნდობის ჯგუფის“ შესახებ კანონებში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითაც, თუკი არასაიდუმლო წესით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს აღემატება, თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია, შესყიდვის თაობაზე პარლამენტის კომიტეტს წინასწარ აცნობოს. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნულ თანხებში საიდუმლო შესყიდვა ხორციელდება, ინფორმაცია ნდობის ჯგუფს მიეწოდება.
„დავიწყოთ იმით, რომ, პირველ რიგში, როდესაც ასეთი ტიპის შესყიდვა ხორციელდება, თავდაცვის უწყება პარლამენტის კომიტეტს წინასწარ აცნობებს. მეორე, აღნიშნული საკითხი თავისთავად იმ განსახილველ საკითხთა ნაწილი იქნება, რომლის შესახებაც ნდობის ჯგუფი შეიკრიბება. რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ნაწილი საიდუმლოა, ნაწილი არასაიდუმლო, ანუ ციფრები საიდუმლო ალბათ არ არის, ხოლო კონკრეტულად რას ხმარდებოდა ეს თანხა, სავარაუდოდ, საიდუმლოა. თუ შესყიდვა საიდუმლო შესყიდვის ფორმით განხორციელდა, როდესაც ნდობის ჯგუფი შეიკრიბება, მათ შორის ამ საკითსაც განიხილავს. ამ კონკრეტული შესყიდვის შესახებ წინასწარ გვეცნობა, თუმცა ეს იყო ზოგადი ინფორმაცია, დეტალების გარეშე, იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო აპირებს აღნიშნული მომსახურების შესყიდვას“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ა-ო წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ ირაკლი ალასანიამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, ასე არ ფიქრობს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის აღნიშნა, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამაზე მეტს ვერაფერს იტყვის. კითხვაზე - ანალოგიურ ვითარებაში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე გადადგა?... კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ იტყვის რამდენად შედარებითია ეს საქმეები.
„არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ალასანია უნდა გადადგეს, მგონია, რომ ის ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ დავით კირვალიძე გადადგა. მე ვფიქრობ, კირვალიძე არის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი ამ მიმართულებით. გადადგომა არ იყო არანაირი აუცილებლობა, ეს მისი გადაწყვეტილება იყო“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლის განცხადებით, მინისტრი ყველა თანამშრომლის გადაცდომაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
„გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ არ ვიტყოდი, რომ ფაქტი დადასტურებულია. მე გამიხარდება, რომ ეს კორუფციული ფაქტი არ დადასტურდეს, რადგან თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა არსებობს. ამ ფაქტის დადასტურება არ იქნება სასიამოვნო, არც საზოგადოებისთვის და არც - სამხედროებისთვის. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და დავით კირვალიძესთან პარალელს, ამ შემთხვევაში, პარალელის გავლება არ მიმაჩნია სწორად, რადგან მაშინ, ის ფაქტი არ დადასტურდა. იმედი მაქვს, რომ ფაქტი ამ შემთხვევაშიც არ დადასტურდება“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.