თავდაცვის სამინისტროს 4 მაღალჩინოსანი დაკავებულია - მორიგი დაკავებაც დაანონსებულია

თავდაცვის სამინისტროს 4 მაღალჩინოსანი დაკავებულია - მორიგი დაკავებაც დაანონსებულია

თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით - გრიფი  „საიდუმლო“ მოეხსნას იმ შესყიდვას, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. ირაკლი ალასანიას უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება. უწყებაში განმარტავენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

აღსანიშნავია ისიც, რომ სატენდერო კომისიის სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გასული წლებისგან განსხვავებით, ფარული შესყიდვების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული და წელს საერთო შესყიდვების 16 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2012 წელს შესყიდვების 74 პროცენტი საიდუმლო წესით ხორციელდებოდა.

საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება, ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი, რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება.

„ამ კონკრეტულ შესყიდვას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სამინისტომ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფება თავდაცვის მინისტრი. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების მიუხედავად, სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს და შეხვედრებს განაგრძობს. 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაზე, დღის ბოლოს საგანგებო განცხადება გაავრცელა კომპანია „სილქნეტმა“. კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

„წარდგენილი წინადადება ჩაითვალა საუკეთესოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და „სილქნეტი“ გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად. შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე, „სილქნეტის“ წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან. დღეისათვის „სილქნეტის“ მხრიდან მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით“, - აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ამასთან აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ ადვოკატებს. დაკავებულები მოდულის შენობაში არიან გადაყვანილები.

„დაკავებულები გადმოყვანილი არიან ე.წ. მოდულის შენობაში. ადვოკატებს არ გვეძლევა საშუალება, რომ შევიდეთ და შევხვდეთ, არც მიზეზს გვეუბნებიან. ვიყავით გენერალურ პროკურატურაშიც, სადაც დაკავებულები ჰყავდათ, გამომძიებელსაც ტელეფონით ვესაუბრეთ, თუმცა უშედეგოდ. დილის მერე უშედეგოდ ვცდილობთ დაკავებულებთან შეხვედრას. ჯერჯერობით, არც საქმის მასალებს ვიცნობთ და საქმის რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებლია“, - ამბობს ადვოკატი გოგა სამუშია.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით  დააკავა. გამოძიებით დადგინდა - 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს „სილქნეტი“, კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. გამოძიების მტკიცებით, დანაშაულის შესანიღბად, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, ვითომდა ბაზრის საკვლევად და შესაძენი ქონებისა და მომსახურების მისაღებად საჭირო ყველაზე დაბალი ფასის განსასაზღვრად, გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ, სადაც მონაწილეობის მისაღებად 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტმა მოწვევა სს „სილქნეტთან“ ერთად გაუგზავნა საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას, რომლებსაც წინადადებების წარმოსადგენად ვადა მიეცათ 5 სექტემბრამდე.

ვინაიდან ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იყო არარეალურად მოკლე ვადა, 4-მა კომპანიამ შეძლო მხოლოდ ზოგადი ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. 2013 წლის 05 სექტემბერს, დანიშნულ დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას, მოხდა კომპანიების მიერ წარმოდგენილ წინადადებებში დაფიქსირებული მხოლოდ მისაწოდებელი ფასის გამოცხადება, იმავე თარიღით შედგენილი იქნა სამინისტროს მაგისტრალური ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის და აპარატურული უზრუნველყოფის შემოთავაზების გახსნის ოქმი, რომლის მიხედვითაც, თითქოს, წინადადებები გაიხსნა ტრანსპარანტული წესების დაცვით და გადახედილი იქნა წარმომადგენლების თანდასწრებით, რეალურად წინადადებები უკვე გახსნილი იყო და პრეტენდენტებს მიუხედავად მათი მოთხოვნისა, არ გააცნეს ერთმანეთის შეთავაზებები.

ამდენად, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში.

„წინადადებების განხილვისას და შემდგომ ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სხვა კომპანიების წარმომადგენლებს განზრახ არ მისცეს ინფორმაცია - გაეგოთ თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით დააფიქსირა „სილქნეტმა“ დაბალი ფასი, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურებში შეგნებულად არ გაარკვიეს ანალოგიური ქონების შეძენის პირობები და ღირებულება, რადგან აღნიშნული მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით შეღავათიან ფასად შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან“, - ამტკიცებს გამოძიება.

გამოძიების მტკიცებით, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ „სილქნეტისგან“ 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შეადგენს მხოლოდ 2 618 004.82 ლარს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სამინისტროს უკვე დაკავებულმა და ასევე სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, „სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი. პროკურატურაში დაანონსეს, რომ გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად.