ვინ ახდენს გავლენას პარლამენტის განათლების კომიტეტზე

ვინ ახდენს გავლენას პარლამენტის განათლების კომიტეტზე

შაშკინის ფავორიტებმა პარლამენტშიც შეაღწიეს. ამჯერად, განათლების სამინისტროს ისინი ზოგადი განათლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტს უწუნებენ. განათლების კომიტეტის სხდომაზე პოზიცია მათ ჩვეული ფორმებით გამოხატეს, რის გამოც მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს. მაგრამ აქ მთავარი სხვა მომენტია - წინა ხელისუფლებისდროინდელი დისკრედიტირებული ადამიანები, უპირისპირდებიან კანონპროექტს, რომელიც წინა ხელისუფლების ფაქტობრივად დანაშაულებრივ მიდგომას აუქმებს და  1 იანვრიდან პედაგოგებს ქუჩაში არ ყრის.

ბოლო პერიოდში „საგანმანათებლო ასპარეზზე" პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი გამოჩდა, რომლის სახელით, პედაგოგ დავით ფერაძის მიერ გაკეთებულ „დამრიგებლურ" განცხადებებს დასასრული არ უჩანს.  განცხადებების შინაარსი ცალკე თემაა, თუმცა როგორც აღმოჩნდა „პედაგოგებზე მზრუნველი" დავით ფერაძის, ისევე როგორც მარიამ რამინაშვილისა და დავით ლაგვილავას უკან კარგად ცნობილი ტარას შავშიშვილი დგას, რომელიც არაერთ ხმაურიან საქმეში ფიგურირებს.

„სინდიკატის" სახელით შავშიშვილმა საზოგადოებას თავი უამრავი კანონდარღვევით დაამახსოვრა. სწორედ ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირდება პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების დისკრედიტაცია, რომელი ორგანიზაციაც პედაგოგთა უფლებებს რეალურად იცავდა.  დიმიტრი შაშკინმა პროფკავშირებს იგნორირება სწორედ ამიტომ გაუკეთა და წინა პლანზე  „სინდიკატი" წამოსწია ტარას შავშიშვილის სახით.  ცხადია, შავშიშვილს ამაგი დაუფასდა, ძალიან მალე ის 53-ე სკოლის დირექტორად მოგვევლინა. თუმცა, შავშიშვილმა სწორედ 53-ე სკოლაში დირექტორობით დაამახსოვრა თავი სრულაიდ საქართველოს.  წინა ხელისუფლებლის საამებლად სკოლიდან მიხეილ (მიკა) ალექსიძე გარიცხა და ბავშვს მთელი სისტემა ღიად დაუპირისპირა.

შავშიშვილის სახელი ფიგურირებდა არაერთი სკოლის დირექტორის გათავისუფლების საქმეში. ერთ-ერთი საქმე ეხება თეა თუთბერიძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ე.წ. უფლებადამცველი შავშიშვილი „ურჩევდა" სკოლის დირექტორს წასულიყო სამსახურიდან „ცოლის სასიკეთოდ"...

იმ პერიოდში როდესაც  შაშკინი პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს პოლიტიკური ნიშნით მასიურად დევნიდა, ტარას შავშიშვილი და მისი ინფორმაცია მისი მთავარი დასაყრდენი იყო. დღეს კი შავშიშვილი თავის ერთგულ გუნდთან ერთად პედაგოგებს განათლების სამინისტროსგან იცავს.

შავშიშვილის ბიოგრაფიიდან საკვანძო მომენტი კი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა. სკოლის დირექტორობის შემდეგ, ტარას შავშიშვილი დიმიტრი შაშკინმა კიდევ უფრო დააწინაურა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილედ დანიშნა. მაღალი თანამდებობის მიუხედავად შავშიშვილი მაინც „სინდიკატს" გულშემატკივრობდა და სკოლებზე ზეწოლას ახდენდა. როგორც აღმოჩნდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის საქართველოს რეგიონებში ჩადიოდა, ხვდებოდა სკოლის დირექტორებს და მუქარით აიძულებდა არ დაეტოვებინათ „სინდიკატი", რაშიც ცხადია ფინანსური დაინტერესებაც ჰქონდა.ეს ფინანსები საით იყო მიმართული, ამას ყველა ხვდებოდა.  სწორედ მისი საჯარო პირისთვის შეუფერები საქციელი გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.

ფაქტი რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტარას შავშიშვილი თავისი „სინდიკატით" ზენიტში იმყოფებოდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების ანგარიშითაც დასტურდება. 2011-2012 წლის ანგარიშებში ნათქვამია, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ ხდებოდა პროფესიული სინდიკატის წახალისება ნამდვილი პროფკავშირის წინააღმდეგ.

რას ფიქრობენ განათლების კომიტეტში ამ ადამიანებზე? - ძნელი სათქმელია. სავარაუდოდ, ამ ყველაფერზე მათ სრული ინფორმაცია აქვთ. შესაბამისად, ალბათ უხერხულია როდესაც მსგავსი წარსულის ადამიანები დღეს განათლების კომიტეტის წევრებს რჩევებს აძლევენ  განათლების საკითხებზე და პედაგოგების პროფესიული განვითარების ექსპერტებად გვევლინებიან. .