„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს - გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აფხაზებს და ოსებს ძლიერი საქართველოს ფარგლებში ცალკე ავტონომია შეთავაზა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პათოსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთისთვის კრასნოდარის მხარის ნაწილად ყოფნას სჯობია, იყოს განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის ნაწილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ არავითარი ახალი შეთავაზება პრემიერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთთან მიმართებაში არ გაუჟღერებია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრემიერის მიერ აფხაზებისა და ოსებისთვის ერთიანი საქართველოს ფარგლებში ავტონომიის შეთავაზება დაგვიანებულია.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად განმარტა, ხელისუფლების ხედვა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად თანაცხოვრება.
„მინდა მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მომავალ თაობაზე, როგორ ხედავენ ისინი პერპექტივას, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს გარეშე მათ ცხოვრება, განვითარება, წინსვლა. ძალიან რთულია, როდესაც სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას - არ მოხდება ეს, მეგობრებო, არასოდეს მოხდება. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა, არასოდეს შევეგუებით, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირძველი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მისი სურვილია ნდობის აღდგენა.
„ჩვენ ძალიან მძიმე წარსული გადავიტანეთ ყველამ ერთად, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ჩვენ გთავაზობთ, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მე მჯერა, რომ თქვენ შეიძლება ჯერ კიდევ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას. ჩვენ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვითარება თქვენს გარეშე.
ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოგიწოდოთ ყველას - ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კიდევ ერთხელ კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუ რა ფორმით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ერთიანი ქვეყნის ფარგლებში ავტონომია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამაზე საუბრები კიდევ შეიძლება და ეს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია.
„კიდევ ერთხელ გაჟღერდა ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუჟღერებია. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს საერთო მომავალს, საერთო პერსპექტივას, საერთო სახელმწიფოს და საერთო ევროპულ განვითარებას ვთავაზობთ. ჩვენ გვინდა ყველა ის სიკეთე, რაც ევროპულ ინტეგრაციას და ევროპულ მომავალს თან ახლავს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს გავუზიაროთ.
აქ არ იყო საუბარი დეტალებზე, კონკრეტულ მუხლებზე, თუ რა ფორმით უნდა იყოს ავტონომია უზრუნველყოფილი ერთიანი ქვეყნის ფარგლებში. ამაზე საუბრები კიდევ შეიძლება და ეს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია, მაგრამ შეთავაზება, რომ ერთ სახელმწიფოში ვიყოთ და ერთად მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპულ მომავალს გააჩნია, ჩვენი მხრიდან ურყევია“, - განაცხადა ირკლი ჩიქოვანმა.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადაგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ შეთავაზება უდავოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია.
„ვერ გეტყვით რა რეაქცია ექნება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, დაველოდოთ მათ რეაქციას. საინტერესოა მოსახლეობის რეაქცია, ისინი გაიგებენ ამ შეთავაზების შესახებ, რა რეაქციას გამოიღებს ეს შეთავაზება, ალბათ, ახლო მომავალში დადგინდება. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროსეცი დაიწყოს. ჩვენ საწყის ეტაპზე ვთავაზობთ ნებისმიერი სახის დიალოგის დაწყებას, თუნდაც ისეთ საკითხებზე, რაც მათ ინტერესებში არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექი პეტრიაშვილის განცხადებით დღეს აფხაზ ერს გასაკეთებელი აქვს ძალიან პრინციპული და ისტორიული არჩევანი, ეს არის არჩევანი გაუჩიუნარებასა და გადარჩენას შორის.
„ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღიდან ყოველთვის ვთავაზობდით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს არჩევანის გაკეთებას იზოლაციასა და ინტეგრაციას შორის. ამ ე.წ. შეთანხმების პროექტმა რეალურად უკვე სხვა საფრთხისა და არჩევანის წინაშე დააყენა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. მათ გასაკეთებელი აქვთ ძალიან პრინციპული და ისტორიული არჩევანი და ეს არის არჩევანი გადაგვარებას, გაუჩიუნარებასა და გადარჩენას შორის.
ამ საფრთხეს ძალიან კარგად ათვიცნობიერებ ჩვენი აფხაზი ძმები და უფრო კარგად, ვიდრე სხვა. ასევე, ვიცი, რომ ძალიან რთული იქნება მათთვის ამ არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი მხრიდან რისი შეთავაზებაც კი შეიძლება, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება ამ თვალსაზრისით. ყველა ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების რეალიზებით, არის გაზიარებული და მომავალშიც იქნება გაზიარებული ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის“, - აცხადებს პეტრიაშილი.
მისივე თქმით, თავად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დარწმუნდნენ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში აფხაზური ეთნოსის გადაგვარებისთვის ყველაფერი გააკეთა რუსეთმა და დღემდე ცდილობს, რომ აფხაზური ეთნოსი რუკიდან გაქრეს.
„ჩვენ ვთავაზობთ, ზუსტად იგივე სოციალურ კეთილდღეობებს და უპირატესობებს, რომელიც ამჟამად ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს ექნებათ ხელისუფლების ძალისხმევით. ეს შეთავაზება ღიაა, ეს შეთვაზება ძალაშია, რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში და სწორედ ამისკენ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრი.
რეალობა კი არის ძალიან მძიმე. თავად ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები დარწმუნდნენ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა რუსეთის მხრიდან იმისათვის, რომ აფხაზური ეთნოსი გადაგვარდეს და წაიშალოს რუკიდან, ვიდრე ის, რომ გაძლიერდეს და განმტკიცდეს აფხაზური ეთნოსი. ამიტომაც, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენთან ერთად, ერთობლივად ამ ინტეგრაცაიულ პროცესებში მონაწილეობას უმაღლისი დონისა და ხარისხის ავტონომიის შენარჩუნებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ არავითარი ახალი შეთავაზება პრემიერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთთან მიმართებაში არ გაუჟღერებია. თუმცა ლაგაზიძის თქმით, იმ ფონზე, როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საკითხი განიხილება, მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილის კეთილგანწყობილი ტონი.
„პრემიერისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში განსაკუთრებული, ახალი შეთავაზება არ მოგვისმენია. თუმცა იმ პირობებში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საკითხი დგას, რომელიც, ფაქტობრივად, აფხაზების ასიმილაციისკენაა მიმართული და მათ არავინ ჰყავთ პატრონი, რომელიც გვერდში დაუდგება. ამ პირობებში მნიშვნელოვანი იყო პრემიერის კეთილგანწყობილი ტონი, რომელიც აფხაზებს აგრძნობინებს, რომ ისინი მარტონი არ არიან“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ყოფილი პრემიერის მრჩეველი, გია ხუხაშვილი თვლის, რომ აფხაზებთან ღია მუშაობის დრო ჯერ არ დამდგარა.
„განცხადებები გასაგებია, მაგრამ ცოტა დაგვიანებულია იმიტომ, რომ კულისებში უფრო მეტი მუშაობა უნდა ყოფილიყო, აფხაზებთან ღია მუშაობის დრო ჯერ არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სწორი სტრატეგიული ტონი დაიჭირა, როგორც რუსეთან, ასევე დასავლეთთან, თუმცა დაბალანსების პოზიცია იყო ძალიან უხარისხო, რამაც გამოიწვია ის, რომ ერთი მხრივ, დასავლეთიდან ისმის სერიოზული კრიტიკა ჩვენი მისამართით და მეორე მხრივ, რუსეთისთვისაც ნაკლებად გასაგები ვიყავით მთელ ამ პროცესში“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.