მოქმედ და ვეტერან სამხედროთა უფლებებს მალე სამხედრო ომბუდსმენი დაიცავს. საკითხზე სახალხო დამცველის ოფისი უკვე მუშაობს. თუ აქამდე სახალხო დამცველის ოფისი ჯარისკაცთა უფლების დარღვევის ცალკეულ საქმეებს სწავლობდა, ამიერიდან სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი და მისი მოვალეობა ყოფილი და მოქმედი სამხედროების უფლებების დაცვა იქნება. ამისთვის უჩა ნანუაშვილი მომავალი წლის ბიუჯეტში 200 ათას ლარს ითხოვს.
სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას ორი წლის განმავლობაში ითხოვდა ირაკლი სესიაშვილიც. თუმცა ახლა საუბრობს იმაზე, რომ სამხედროების და მათთან გათანაბრებულ პირთა დაცვას ნანუაშვილის აპარატიც მოახერხებს.
ჯარისკაცთა დაცვის უფრო ეფექტური ინსტიტუტის შექმნის მომხრეა საპარლამენტო ოპოზიცია. დავით დარჩიაშვილი ამ საქმეში ეფექტური ინსპექციის და არასამთავრობო სექტორის მაქსიმალურ ჩართვას მოითხოვს.
For.ge დაინტერესდა, სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნას როგორ უყურებენ თავდაცვის უწყებაში. ამ მიზნით თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანაშემწეს, ნოდარ ეფრემიძეს ვესაუბრეთ, რომელიც თავად იცავს სამხედროების უფლებებს. როგორც აღმოჩნდა, ნოდარ ეფრემიძე სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის მომხრეა და ამის მიზეზი წარსულის მძიმე გამოცდილებაა.
უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის ფორმატში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც სამხედროების გარდა, ვეტერანთა უფლებებსაც დაიცავს. თუ გავითვალსიწინებთ, რომ განსაკუთრებით სენსიტიური წვევამდელთა საკითხებია, რა პრობლემებს აწყდებით სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის თვალსაზრისით?
- სახალხო დამცველის აპარატის ფორმატში მსგავსი დეპარტამენტის შექმნა საინტერესო იქნება. წლების წინ მე თვითონ ვმუშაობდი ამ ფორმატში. 2001-2004 წლებში სახალხო დამცველის რწმუნებული ვიყავი სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხებში და საკმაოდ კარგად გამოგვდიოდა ეს საქმე. მაშინ შეიარაღებულ ძალებში უამრავი პრობლემა იყო - სოციალური პრობლემები, ჯარისკაცებს ჩასაცმელი არ ჰქონდათ, იყო ძალადობა, საკვების არქონა, კორუფცია. სამხედრო მოსასახურეებში შიდა კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. რაც შეეხება ჩვენს უწყებას, წინა წლებთან შედარება არასწორი იქნება, რადგან ის პრობლემები, რაც იყო, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ანუ სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო პირობებით, ტანსაცმელით, საკვებით, ნორმალური ხელფასით, კარგ პირობებში უწევთ მოღვაწეობა.
წვევამდელთა ფსიქიკიდან გამომდინარე, ჯარში ხდება ხოლმე თვითმკვლელობები. ამ რამდენიმე ხნის წინ აქტუალური იყო ჯარისკაცთა მოწამვლის თემა. ამ ინციდენტების შესახებ რას გვეტყვით?
- როდესაც თავდაცვის სამინისტროში მოვედით, ირაკლი ალასანიას მიერ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა პრიორიტეტული იყო და ახლაც პრიორიტეტულია. ამიტომაც შეიქმნა ჩემი თანამდებობა-მინისტრის თანაშემწე სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხებში. ამ კუთხით ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ვალდებულება. ეს იყო სამართლიანობის აღდგენა შეიარაღებულ ძალებში, რაც გულისხმობდა წინა წლებში უსამართლოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების დაბრუნებას, ჩვენ დავაბრუნეთ 1556 სამხედრო მოსამსახურე, ვინც პოლიტიკური თუ სხვადასხვა ნიშნით უსამართლოდ დაითხოვეს.
საუბარია მხოლოდ ნაციონალების დროს დათხოვნილებზე, თუ შევადნაძის დროსაც ხდებოდა ასეთი რამ?
- საუბარია წინა მმართველობის პერიოდზე. გარდა ამისა, ჩვენ მოვახდინეთ შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაცია. ადრე ჯარი იყო პოლიტიზირებული. პოლიტიკური ნიშნით ერთგულება ყველაფერს ნიშნავდა. არჩევნებში ჯარი პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყო ქცეული და, თუ იქ ვიღაც სხვანაირად იყო განწყობილი, სამხედრო მოსამსახურეს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. როგორც მინიმუმ, მას შეიარაღებული ძალებიდან ითხოვდნენ და, მაქსიმუმ, შეეძლოთ მის სახლში „ეპოვათ“ იარაღი. წინა წლებში უფრო შორს წავიდა მათი ფანტაზია და ოჯახის წევრებს თუ ოპოზიციური აქტივობა ჰქონდათ, ასეთ სამხედრო მოსამსახურეებს პრობლემები ელოდათ. ეს თემა უკვე ამოიწურა.
საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ მონიტორინგს და მათი დასკვნით, ამ ნიშნით სამხედრო მოსამსახურეებს სრული თავისუფლება აქვთ. მათ აღასრულეს კონსტიტუციური უფლება. უფრო მეტიც, მათთან ჩასულები ვიყავით და სამხედრო მოსამსახურეებს განვუმარტეთ, რომ მათ უფლება ჰქონდათ, ხმა მიეცათ მისთვის, ვინც მოსწონდათ და ამის გამო არ დაისჯებოდნენ. ჩვენ არ ვეძებთ სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრი რომელი პარტიის წევრია. სამხედრო მოსამსახურეების საკვების ხარისხიც შეიცვალა. შეგიძლიათ გამოკითხოთ სამხედრო მოსამსახურეები, მათი საკვები საუკეთესო პროდუქტებით მზადდება, სამხედროები გამოხატავენ კმაყოფილებას.
რაც შეეხება საჭმლით მოწამვლის თემას, მე ვფიქრობ, ეს მაინც ხელოვნურად ანგაჟირებული იყო, რადგან საკვების პრობლემა შეიარაღებულ ძალებში არ არსებობს. გარდა ამისა, სამხედრო მოსამსახურეებს შევუცვალეთ ფორმა და ახალი დიზანის ფორმები შევუკერეთ, გავაუმჯობესეთ ნაჭრის ხარისხი, სადაც ბამბის შემცველობა უფრო მაღალია. თავდაცვის სამინისტრომ განახორციელა ლოჯისტიკური უზარმაზარი პროექტები, ორი წლის განმავლობაში აშენდა და კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა 60-მდე ობიექტს (სასადილოების კაპიტალური რემონტი, თანამედროვე დანადგარები, საყაზარმე ფონდი- ჯარისკაცების საძინებელი ოთახები, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები, სასროლეთი), ანუ სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეულ პირობებში მსახურება შეუძლიათ.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჩვენთან შეიქმნა საინტერესო სამსახური - ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რაც თვისობრივად ახალი მიდგომაა ჯარისკაცის მიმართ. აქ მოწვეულნი არიან საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტები და ისინი ჩაერთვებიან, როგორც რეკრუტირების პროცესში, ასევე, საერთაშორისო მისიებში წამსვლელ და იქიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეთა სულიერი მდგომარეობის ასამაღლებლად.
ნაციონალების დროს ჯარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არეალად იქცა. დღეს რა ვითარებაა?
- ჩემი აქ მოღვაწეობის პერიოდში, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ჩვენთან მუშაობს სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, სამხედრო მოსამსახურემ, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დონეზე მიაწვდინოს ხმა. ერთ-ერთი შუამავალი რგოლი მე ვარ, სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეებსა და მინისტრს შორის სამხედროების მეკავშირის ფუნქცია მაკისრია. ყველა სამხედრო ნაწილში გამოკრულია გენერალური ინსპექციის ტელეფონის ნომრები და მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში, ამ ნომრებზე დარეკავენ. ჩვენ შევქმენით პირობები, რაც არ გამოიწვევს ჯარსკაცებს შორის უკმაყოფილებას, მათ აქვთ ნორმალური პირობები, განახორციელონ თავიანთი ვალდებულები-დაიცვან ქვეყანა.
ამის მიუხედავად, თქვენ მომხრე ხართ, რომ სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნას. რა არის ამის მიზეზი?
- ეს იმიტომ, რომ მომავალში ჯარისკაცის ბედი დამოკიდებული არ იყოს ვიღაცის, ან თუნდაც მინისტრის პირად თვისებებზე. წინა წლების პრაქტიკა გვახსოვს, მაშინ არავინ თვლიდა, რომ სამხედრო მოსამსახრეების უფლება დაცული უნდა ყოფილიყო. ევროპის ბევრ ქვეყანაშია სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა ცალკე ინსტიტუტი, არა სახალხო დამცველის აპარატის ფორმატში, არამედ ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუტი, როგორც გერმანული მოდელია, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის წინაშე. პარლამენტი ირჩევს და ამტკიცებს სამხედრო ომბუდსმენს, მას აქვს უზარმაზარი უფლებამოსილება და ეფექტურად მუშაობს.