„უნდა გავზარდოთ თბილისელების როლი საკუთარი ქალაქის მართვაში!“ - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა „თბილისობის“ დღესასწაულის გახსნაზე განაცხადა. მან ისიც გაიხსენა, რომ მე-19 საუკუნეში დედაქალაქის საკრებულოს უძველეს შენობაში სათათბირო ორგანოს დიმიტრი ყიფიანი უძღვებოდა და მისთვის დიდი პატივია ამ მოღვაწის გზის გაგრძელება.
For.ge-სთან საუბარში გიორგი ალიბეგაშვილი ადასტურებს, რომ თბილისელთა როლი წინა წლებში დამცრობილი იყო, დღეს კი თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს ჩართულობა ქალაქის მართვაში.
„რა თქმა უნდა, დამცრობილი იყო თბილისელთა როლი. მე არ დავიწყებ წარსულის შეფასებას, ყველამ კარგად იცის, რაც ხდებოდა წარსულში. ჩვენი მიდგომაა ისეთი ხედვის შემუშავება, რომელიც ყველა თბილისელის პოზიციას და ყველა თბილისელის ურთიერთობას უნდა გამოხატავდეს. ამიტომ საკრებულოს თითოეულ კომისიას, რომელსაც შეესაბამება კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები, დავალება აქვს მიცემული, შეხვდეს თბილისის მოქალაქეებს, გარკვეულ წრეებს, რათა მათგან უშუალოდ მოისმინოს სატკივარი, რა პრობლემები აქვს ჩვენს ქალაქს. ამ მიზნით გამოყოფილია მაჟორიტარების ბიუროები, სადაც ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობა მიდის მაჟორიტარ დეპუტატთან და გადასცემს თავის სატკივარს. გარდა ამისა, ალბათ, საზოგადოების გამორჩეულ პიროვნებებთანაც მოგვიხდება შეხვედრა, რომლებიც თავიანთ აზრებს, ხედვებს მოგვაწვდიან“, - აცხადებს გიორგი ალიბეგაშვილი.
რაც შეეხება ძირძველ თბილისელთა თვისებას, რომლებიც მაინცდამაინც არ ესწრაფვიან თანამდებობაზე მოკალათებას, ამ თვისების „აღმოფხვრას“ გიორგი ალიბეგაშვილი შემდეგნაირად ფიქრობს: „ადამიანს როდესაც გულწრფელობას და სითბოს აგრძნობინებ, ის ყოველთვის წამოვა შენსკენ და გულს გადაგიშლის. რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანს, იგი გამორჩეული პიროვნება იყო საქართველოს ისტორიაში, ქართულმა ეკლესიამ ის წმინადად შერაცხა და, რაც მთავარია, დიმიტრი ყიფიანს თბილისი უყვარდა, სხვანაირად წარმოუდგენელია“.
თბილისის თვითმართველ ორგანოებს ახსოვთ ის პერიოდი, როცა მათ ხელმძღვანელებად თბილისში დაბადებული ადამიანები ჰყავდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ისეთი კადრით კომპლექტდებოდა სენსიტიური სამსახურები, რომლებსაც თბილისი არ ადარდებდათ და მის ქუჩებს არც იცნობდნენ. მაგალითად, მერიის არქიტექტურის სამსახურში მოკალათებულ ხალხს არ აინტერესებდა დედაქალაქის ისტორიული უბნები და იოლად გასცემდა ძეგლების დამახინჯების უფლებას. ამიტომ თბილისელების აზრით, არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს ნებისმიერი ქალაქის თვითმმართველ ორგანოში ისეთი ადამიანები უნდა მოღვაწეობდნენ, ვისაც თავის ქალაქზე გული შესტკივა და თავისი ქალაქის მკვიდრია.
თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი მურაზ მურვანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წლების განვალობაში ქალაქის მართვაში თბილისელების როლი მართლაც დამცრობილი იყო. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ იყო განსაზღვრული თბილისის მნიშვნელობა. მურაზ მურვანიძის თქმით, რატომ დაიბადა და რატომ გაჩნდა თბილისი? მართლა ხოხობი ჩამოვარდა? ალბათ, ჩამოვარდა კიდეც ხოხობი, ალბათ, ცხელი წყლებიც იყო, მაგრამ თავისთავად, ამ გეოგრაფიულ ადგილს ღმერთმა დაანათლა მსოფლიო მნიშვნელობა.
„მე თბილისელი ვარ, თბილისის საპატიო მოქალაქე გახლავართ და ჩემი სუნთქვა თბილისის სუნთქვასთან მაქვს გაიგივებული. დიდ პატივს ვცემ ჩვენი ქალაქის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩამოვა და ამ უნიკალური ქალაქის აღმშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. მახსოვს, ბაბუაჩემის მეგობრები ჩამოდიოდნენ ამ ქალაქში და ქალაქის დაუწერელი წესი მათთვის სახელმძღვანელო ხდებოდა, ისინი აუცილებლად უნდა გამხდარიყვნენ თბილისელები. ახლა ეს ყველაფერი უგულებელყოფილია, ჩვენ უკვე ლიტერატურული ენა დაგვავიწყდა და კილოკავზე ვიწყებთ ლაპარაკს. ეს არის სოფლის ტელევიზია, „ლასი“-თ მოლაპარაკე არ შეიძლება ცენტრალური ტელევიზიის დიქტორი იყოს. კომუნისტების პერიოდში დაწყებულმა ჩამოსახლების მცდარმა პოლიტიკამ ასეთი შედეგი გამოიღო. იმ დროს გადაიღეს ფილმი „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, რომლის პერსონაჟებმაც ყველაფერი მიატოვეს, დოქები გატეხეს და დაიწყეს მუშაობა ქარხნებში. უკვე მაშინ იყო განსაზღვრული მოსკოვის პოლიტიკა, რომ მიწები გათავისუფლებულიყო, რომ ნებისმიერ დროს ჩვენს მიწებს დაპატრონებოდნენ, მილიტარიზაციისთვის მზადდებოდა ეს ყველაფერი. ეს ვერ განვსაზღვრეთ, მაშინ რთული იყო ამასთან ბრძოლა. 90% უკვე ჩამოსულია ქალაქში, რომელთაც არ იციან ქალაქის წესი. ადამიანი, რომელიც ნაგავს დაყრის თბილისში, შეუფერებელია დედაქალაქისთვის. ვერ ვხედავ ამის გამოსწორების საშუალებას, თუ სათავეში არ დადგა თბილისის ფანატი. როგორ შეიძლება ტროტუარის ხარჯზე უბნების აშენება?! ჩვენს მთავრობას უნდა ვკითხოთ, უნდათ თუ არა ეს ქალაქი? მე ვატყობ, რომ არ უნდათ. ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნა ჩემი გაკეთებულია. ახლა თბილისში აკეთებენ ოლიმპიურ თამაშებს და არავინ არ მეძახის, მოგვახმარეო. თბილისობაზე არავის დავუძახივარ, პეტერბურგის 300 წლისთავზე დამიძახეს, მთავარ მხატვრად დამნიშნეს, ამხელა, უშველებელი ქალაქი მანდეს და თბილისში არ მეძახიან. ხომ არ შეიძლება ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდეს თბილისობაზე - მწვადი, ცეკვა-თამაში, რაღაც კრეატიული აზრი ხომ უნდა არსებობდეს? ამ დროს უამრავი აზრი მაქვს. ყველა დარგში საუკეთესოებს მარხავენ და მე მგონი, ეს არის დივერსია, სამშობლოს ღალატი, როცა საუკეთესოს არ გამოიყენებ, მე თანხაზე არ მაქვს საუბარი, მატერიალურად არასდროს არ ვარ დაინტერესებული. რაც ჩამოვედი, 18 სექტაკლი უფასოდ გავაკეთე, არაფერი მინდა. მინდა, ჩემს ქალაქს ცხოვრების წესი დავუბრუნო“, - აცხადებს მურაზ მურვანიძე.
კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვინც კი ფული იშოვა, თავისებურად „ამკობს“ დედაქალაქს, დამახინჯებულია თბილისი, არ არსებობს გენერალური გეგმა, ამაზე ლაპარაკობენ არქიტექტორები - გიორგი ავსაჯანიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ჯემალ დავითაია. ახლა ცდილობენ ყოფილი სასტუმრო „ივერიიდან“ გრიბოედოვის აღმართის გავლით ფუნიკულიორამდე საბაგირო გზა გაიყვანონ.
„ან სულელი უნდა იყო, ან დიდი ფული უნდა გქონდეს აღებული, რომ დაამახინჯო ქალაქი. ამ დროს გვერდზე არ არის არაჩვეულებრივად გაკეთებული საბაგირო? რაღად უნდათ თავიდან ახალი საბაგიროს გადაჭიმვა? სპორტის სასახლის პირდაპირ იყო პატარა სკვერი დოლიძის ქუჩაზე, ახლა იქაც „შეტენეს“ შენობა. კანონი უნდა კანონობდეს და საქმეში ჩაერთვნენ პროფესიონალი არქიტექტორები. კადრების ამბავი აუტანელია ჩვენთან. კომპოზიტორთა სახლში ვცხოვრობ და არაჩვეულებრივი ხედი მქონდა, 24 საათი მუშაობდნენ და იმხელა მახინა ააშენეს, სასუნთქ ადგილს არ ტოვებენ. არ უყვართ თბილისი. მთაწმინდაც დაფარეს, ვერ ხედავ მთაწმინდას, ეგოიზმმა შეჭამა ჩვენი ხალხი. თბილისელები მაინცდამაინც არ ისწრაფვიან თანამდებობისკენ, ინტელიგენტები არიან და აღზრდილები. ამ დროს ზოგიერთები ჩამოდიან, ზოგს ფული აქვს და იმის მაგივრად, რომ თბილისელებზე ყოფილიყო სწორება აღზრდაში, ქმედებაში, სწორება ფულზე აქვთ. 70 წლამდე თბილისი პატარა, მშვენიერი ქალაქი იყო, წესრიგი და პატივისცემა სუფევდა. ახლა ერთ დაგდებულ კაცს ათი ურტყამს. შარშანწინ მომანიჭეს რუსთველის პრემია, შვიდმა კაცმა ძალზე რთული, 15-კაციანი კომისია გავიარეთ, ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიის მესამედი ჩამოგვაჭრა და რვა კაცს დაურიგა ყოველგვარი კონკურსის გარეშე. არადა, იმ ხალხს კონკურსი არ გაუვლია. ასე შეიძლება? რაღაც ცენზი ხომ უნდა არსებობდეს და არ უნდა შეგადარონ იმას, ვინც არ წარმოადგენს არაფერს. კონსერვატორიის პროფესორობიდან გამომიშვეს. ახლა ნარმანიას ნუ შევჭამთ, ვნახოთ, რას გააკეთებს, ხელი შევუწყოთ ამ კაცს და თუ არ გამოვა, გავუშვებთ“, - აცხადებს ვაჟა აზარაშვილი.
For.ge-სთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია განმარტავს, რომ დედაქალაქის დღევანდელი მერი ერთ-ერთი იშვიათი კაცია, რომელიც საქმიანია და კარგი რაღაცის გაკეთება უნდა, თუმცა მერიის ადმინისტრაციის უმრავლესობა მაინცდამაინც მის აღფრთოვანებას არ იწვევს.