„მექალთანე ბუბა“, ქურდები და...

„მექალთანე ბუბა“, ქურდები და...

საკვირაო სახალისო მოგონებების წინა „სერიალებში“ ჩვენი გმირები ქართველი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და ხელოვანები იყვნენ. დღეს გადავწყვიტე რომ სიტყვა თანამემამულე სამართალდამცველებს მივცე, ანუ მათ, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურად  მილიციონერები, ხალხის ჟარგონზე კი სხვა სახელი ერქვათ.

თავდაპირველად პოლკოვნიკ ლევან კასრაძის ერთ „საინტერესო-ქურდულ“ მოგონებას შემოგთავაზებთ.

„ერთხელ, ცოლის ნათესავის ქორწილში მოვხვდი ქუთაისში, სრულიად შემთხვევით. ჩემი მილიციელობა არავინ იცოდა და რომ გაიგეს, თბილისიდან ვიყავი, არ მომასვენეს, შემომიჩნდნენ და ღვინის სმას მაძალებდნენ, თუმცა თვითონვე დათვრნენ და რომ იტყვიან, გუდას მოხსნეს პირი.

სუფრის წევრთა ნაწილი, ეგრეთ წოდებული შავები იყვნენ და რომ დათვრნენ, ალაპარაკდნენ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეც თავისიანად მიმიჩნიეს და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ამბებს მიყვებოდნენ. განსაკუთრებით ერთ ახალგაზრდას, სახელად პალიკოს, მოვუვედი თვალში. ის ყველაზე მთვრალი იყო და ისე დამიახლოვდა, სულ ვახტანგურად ვსვამდით ღვინოს, თანაც, რატომღაც, მურაზს მეძახდა.

- მურაზია, ბიჯო! - მითხრა ქორწილის ბოლოს გატრეტილმა პალიკომ, - შენთვის ერთი კარგი საქმე მაქვს. უთენია მოგაკითხავ და ჯერ ერთი საქმე გავაკეთოთ, შემდეგ კი „პახმელიაზე“ გამოვიდეთო.

მოკლედ, პალიკო წავიდა. მე კი, მასპინძლის ბინაში დავიძინე. უთენია მართლაც მოვიდა პალიკო, რომელიც აჩრდილივით დამადგა თავზე და სრულიად ფხიზელი ხმით მითხრა:

- მურაზია, ბიჯო, წამო, წავედით! დაგავიწყდა, რაზე შევთანხმდით?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე პალიკოს ნებას დავყევი. წამოვდექი, მის „პობედაში“ ჩავჯექი და წავყევი. ერთ-ერთ სოფელში ჩავედით. პალიკომ მანქანა გააჩერა და მითხრა:

- „ატასაზე“ დადექი, მე მალე მოვალ.

პალიკო მართლაც მალე დაბრუნდა და სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ მანქანაში უზარმაზარი ფუთა ჩადო. შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და უკან გამოვბრუნდით. უკანა გზაზე საჭესთან მე ვიჯექი. პალიკომ ამით ისარგებლა, ფუთიდან სამვარსკვლავიანი კონიაკის ბოთლი ამოიღო და ცოტა მოსვა. შემდეგ მეც შემომთავაზა, მაგრამ მე არ დავლიე და სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით, სულ მთლად გამოსცალა.

უკვე ქუთაისის მილიციის სამმართველოს შენობასთან ვიყავით, როცა პალიკომ ბოლო ყლუპი გადაუძახა სტომაქში და ბოთლი დაუშვა, ნაცნობ შენობას მოჰკრა თვალი და შემცბარმა მითხრა:

- მურაზია, ბიჯო, დაატრიალე უკან, „რული“, თვარა „გაგვსკვანჩავენ“! - თუმცა, უკვე გვიან იყო. მოპარული „პობედა“ და ფუთაში გახვეული ნაქურდალი ნივთები, პალიკოსთან ერთად ჩემს ქუთაისელ კოლეგებს გადავულოცე და შეწყვეტილი ძილის გასაგრძელებლად გავემართე“.

ჩვენი მომდევნო სტუმარი პოდპოლკოვნიკი კარლო პაპავა იქნება.

„ჩემი პროფესიის მიუხედავად, თოთხმეტი თვე პატიმრობაში მაქვს გატარებული და მაგადანში ერთ-ერთი ქურდული ზონის მაყურებელიც კი ვიყავი.

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთ უმაღლეს საბჭოთა ხელისუფალს ძვირფასი ქვების უნიკალური კოლექცია მოჰპარეს ქურდებმა. ბოროტმოქმედების უშუალო მონაწილეები აყვანის ოპერაციის დროს დაიღუპნენ, მაგრამ მოპარული ნივთები გაქრა. ამ საქმეს უშიშროება იძიებდა და მათ რამდენიმე ქურდი ისე დაამუშავეს, რომ შემოაკვდათ, თუმცა მოპარული ნივთების კვალს მაინც ვერ მიაგნეს. ამიტომ, „შეგზავნის“ ოპერაციის ჩატარება გადაწყდა და ამ როლისთვის მე შემარჩიეს.

ერთი თვის განმავლობაში „კაგებემ“ სათანადოდ მომამზადა. შემდეგ სათანადო ქურდული ბიოგრაფია შემირჩია და მაგადანის ერთ-ერთ შავ ზონაში გამამწესეს, სადაც კანონიერი ქურდები და ცნობილი ავტორიტეტები იხდიდნენ სასჯელს. იმ ზონაში ისხდნენ ისინიც, რომლებმაც სავარაუდოდ, მოპარული ნივთების ადგილსამყოფელი იცოდნენ. მე სწორედ მათთან უნდა დამემყარებინა კონტაქტი და მოპარული ნივთები აღმომეჩინა.

იმ პერიოდში 32 წლის ვიყავი და კაპიტნის ჩინი მქონდა. ზონაში „კაპიტნის“ სახელით შევედი. ლეგენდის მიხედვით, ეს ტიტული ახალი შეძენილი მქონდა პერმის ერთ-ერთ ზონაში. ქურდებმა გადაამოწმეს და როდესაც დადებითი პასუხი მიუვიდათ, უკვე თამამად მიმიღეს თავიანთ ქურდულ ოჯახში. ყველა ქურდული „ქსივა“ ჩემ შესახებ, რა თქმა უნდა, „კაგებეში“ იწერებოდა, მაგრამ ეს ქურდებმა არ იცოდნენ და ეგონათ, მეც ქურდი ვიყავი.

მე ჩემი ქურდული განათლების აქტიურად გამოყენება დავიწყე და ქურდული მოძრაობა გავააქტიურე. თან, ის ქურდებიც შევამოწმე, რომლებმაც, სავარაუდოდ, გატაცებული ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი იცოდნენ. მე გამორიცხვის მეთოდით ვმოქმედებდი და ბოლოს ორ ქურდზე შევაჩერე ყურადღება. ჩემი აზრით, სწორედ ერთ-ერთ მათგანთან ინახებოდა ძვირფასი კოლექცია. ამასობაში ზონის მაყურებლად ამირჩიეს და დიდი ძალაუფლების პატრონი გავხდი. სამ ქურდს გავუწიე რეკომენდაცია და ისინი კანონიერ ქურდებად ვაკურთხეთ. თან, იმდენს მივაღწიე, რომ ის ქურდი, რომელზეც ეჭვი მქონდა, ზონის „ობშჩიაკის“ განმგებლად დავნიშნეთ.

ზონაში დიდი რაოდენობით ფული შემოდიოდა და როცა სალაროში 120 ათასი მანეთი შეგროვდა, უშიშროების აგენტებმა ის ოსტატურად მოპარეს სალაროს გამგებელს. მე ეს, რა თქმა უნდა, ვიცოდი და მეორე დღეს მას ვუთხარი:

- ამ დღეებში ეტაპს 30 ათასი მანეთი უნდა გავატანოთ ჩვენს ძმებთან და ხვალისთვის ფული გაამზადე.

- კაპიტანო, ფული გაქრა, მაგრამ ერთი კვირა მაცადე და ყველაფერს უკლებლივ დავაბრუნებ, – მითხრა ზედამხედველმა.

- ხომ არ გაგიჟდი, არ იცი, რომ ამისთვის თავს წაგაცლიან? ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ერთ კვირაში დაკარგულ ფულს იპოვი? – ვუთხარი ზედამხედველს.

- არა, „კაპიტანო“, მოპარულს ვინღა დააბრუნებს, უბრალოდ, გასაყიდი საქონელი მაქვს და ერთ კვირაში ფული აქ იქნება. შენ კი, როგორმე გადადე ფულის გაგზავნა და მთელი ცხოვრება შენი მოვალე ვიქნები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ქურდის მეუღლე მოპარული ქვების კოლექციით დააპატიმრეს მოსკოვში. კოლექცია პატრონს დაუბრუნეს. დაბრუნდა ქურდული ფულიც და სალაროს ზედამხედველი სიკვდილს გადაურჩა. მე კი ისევე მოულოდნელად გავქრი, როგორც გამოვჩნდი. ჩემს შესახებ ხმები გაავრცელეს, რომ თითქოს ზღვაში დავიხრჩვი. საინტერესო კი ისაა, რომ ჩემს მიერ ნაკურთხი ქურდები ცნობილი ავტორიტეტები გახდნენ და დღესაც რუსეთში ცხოვრობენ“.

მომდევნო ისტორიას პოდპოლკოვნიკი ომარ სისაური შემოგვთავაზებს.

„ვისაც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ერთი თვე მაინც უცხოვრია მოსკოვში, მას აუცილებლად გაგონილი ექნება ტიტე „შუსტერის“ სახელი. სინამდვილეში ეს პიროვნება ტიტე ზარქუა იყო. წალენჯიხელ ჯიბგირს „შუსტერს“ სწრაფი ხელების გამო ეძახდნენ, რაც კი მოსკოვის ცენტრში საფულეები იკარგებოდა, მათი 60 პროცენტი ზარქუას მიერ იყო მოპარული. ტიტეს ერთი თავისებურება ახასიათებდა. ის ეგრეთ წოდებულ „დახურულ სივრცეში“ არ მუშაობდა და „საჩალიჩოდ“ ფართო ასპარეზი უყვარდა. ანუ, ის მხოლოდ ქუჩაში ქურდავდა ადამიანებს და ეს საქმე მას უმაღლესი დონის ოსტატობამდე ჰქონდა აყვანილი.

ტიტე მარტოხელა ჯიბგირი იყო და ეს გარემოება მის მოუხელთებლობას აორმაგებდა. თუმცა „შუსტერი“ მთლად მარტო მაინც არ „ჩალიჩობდა“ და მეწყვილეობას მას ბრწყინვალედ გამოწვრთნილი ბოქსიორის ჯიშის ძაღლი უწევდა, რომელსაც ბუბა ერქვა.

ბუბა ტიტეს პირადი მცველიც იყო და ფეხმარდი მხსნელიც. ბუბას შიშით, ტიტეს ზედმეტ სიტყვას აბა, ვინ გაუბედავდა? როდესაც „შუსტერი“ ადამიანს გაქურდავდა, მოპარულ საფულეს ბუბას პირში უდებდა და ძაღლიც წინასწარ შეგულებულ ადგილზე მიაცუნცულებდა, მალავდა იქ და კვლავ თავის პატრონს უბრუნდებოდა. ასეთი ადგილები, ძირითადად ძველი სახლების მიტოვებული სარდაფები იყო, სადაც გონებამახვილი ჯიბგირი წინასწარ ამზადებდა სამალავებს. საღამოს კი, ძაღლი და მისი პატრონი ამ სამალავებს ხსნიდნენ და იქიდან უამრავი ალაფით ბრუნდებოდნენ სახლში. ამგვარად „შუსტერს“ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა და მდიდარიც იყო.

მე იმ პერიოდში „მურის“ ახალბედა ოპერი ვიყავი და ჯიბგირებს ვკურირებდი. რა თქმა უნდა, „შუსტერის“ ამბავიც ვიცოდი, მაგრამ ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჯიბგირის ფაქტზე დაკავებას მაინც ვერ ვახერხებდით. მას, რა თქმა უნდა, ბუბა ეხმარებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, თუ არ ვცდები, 15 ან 16 მაისი იყო, მე და ჩემი კოლეგები ტვერსკოიზე ვსეირნობდით და „შუსტერს“ ვუთვალთვალებდით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბუბაც თან ახლდა. ზარქუამ იცოდა, რომ ვუთვალთვალებდით და ჯინაზე ორი საფულე ძალიან სწრაფად მოიპარა და ბუბას გაატანა.

კოლია ფროლოვმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო, თქვა:

– ფუი, რა სწრაფია ეს ძაღლი. თვალის მოკვრას ვერ მოასწრებ, ისე მოძრაობს.

ამის თქმა იყო და „შუსტერმა“ მორიგი საფულე მოიპარა, შემდეგ ის ბუბას გადასცა და ძაღლი ადგილს მოსწყდა, მაგრამ ხუთიოდე მეტრი რომ გაირბინა, საფულე პირიდან გააგდო და მისივე ჯიშის დედალ ბოქსიორს მიახტა, რომელიც მომხიბვლელ გოგონას თან ახლდა.

- ჩვენი დროა, კოლია, ავმოქმედდეთ! – ვუყვირე ფროლოვს. ძირს დაგდებული საფულე ცხვირსახოცით ავიღე და ცელოფნის პაკეტში ჩავდე. შემდეგ „შუსტერს“ გავეკიდეთ და ხელბორკილებდადებული მილიციის განყოფილებაში მივიყვანეთ.

შევადგინეთ ოქმი, რომელსაც შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაც დაერთო და მოპარულ საფულეზე აღმოჩენილმა „შუსტერის“ თითების ანაბეჭდმა და ბუბას დორბლის კვალმა შესაძლებლობა მოგვცა, ზარქუა ციხეში გაგვეშვა. მას მხოლოდ 3 წელი მისცეს და ამ დროის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ბუბა სწორედ იმ დედალი ბოქსიორის სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ის ასე შმაგად ეძგერა.

სამი წლის შემდეგ ციხიდან დაბრუნებულ „შუსტერს“ „შვილიშვილები“ დახვდა, გოგონა კი ცოლად მოიყვანა“.