„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ, ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას სამი კვირის განმავლობაში უკვე ორჯერ დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავითაიას განმარტებით უცნობი პირი დაინტერესდა, რატომ „თანამშრომლობდა“ იგი რუსეთის სპეცსამსახურებთან და რატომ იყო „კგბ-ს აგენტი“, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ინიცინდენტის შემდეგ ზაზა დავითაია თავის ტვინის შერყევის ნიშნებით თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. თუმცა, ზაზა დავითაია ამბობს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლეს, ილია ნიკოლაიშვილს სასამართლოში უჩივლებს და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50 000 ლარს მოითხოვს.
დავითაიას თქმით, რაც „თავისუფალი ზონის“ მიერ მისი პირველი ცემა განხორციელდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლემ, ილია ნიკოლაიშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „ზაზა დავითაია არ არის ჟურნალისტი, ის არის „ფეესბეს“ დავალებების შემსრულებელი და ლოგიკური იქნებოდა, თუკი პროკურატურა საქმეს აღძრავდა არა ჟურნალისტის, არამეს „ფეესბეს“ აგენტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით“.
„პირველი თავდასხმისას ნეკნის მოტეხილობა და ტვინის შერყევა მივიღე. ამის მიუხედავად, ჩემს ჟურნალისტურ მოვალეობას ვასრულებდი და ამჯერადაც ინტერვიუს ასაღებად მივდიოდი. უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი, მცირე ხანში დავინახე, გვერდზე მიდგას დაბალი, კეპიანი, ლაბადიანი ადამიანი, რომელიც დაჟინებით მიყურებს. ერთხანს დაჟინებით მიყურა, მერე მკითხა, თქვენ ხომ ზაზა დავითაია ხართო? კი-მეთქი, ჩაღუნა თავი და წავიდა. აღარ მივაქციე ყურადღება, თუმცა უცნაურად მომეჩვენა მისი ქცევა. ამასობაში მოვიდა ავტობუსი, რომ უნდა ავსულიყავი, თითქმის ფეხი ადგმული მქონდა, უკნიდან ვიღაცამ ჩამომქაჩა. მოვტრალდი და ისევ ეს ტიპი შემრჩა - კგბ-სთან რატომ თანამშრომლობო. კითხვა თვითონ პროვოკაციულია, რა უნდა უპასუხოს ადამიანმა, რომელსაც არასდროს ჰქონია შეხება ამ საზიზღარ სტრუქტურასთან?!
ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ვიბრძოდი. რა მეთქი? ისევ გაიმეორა ეს კითხვა. შენ გიჟი ხომ არ ხარ-თქო. ამასობაში დამარტყა. პირველი თავდასხმის ტრავმებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ვარ მდგომარეობიდან გამოსული, არც მოტეხილი ნეკნი მაძლევს საშუალებას, ხელები და ფეხები ვიქნიო. ვერ გავუწიე წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, მომერია. ცემის დროს ხმამაღლა ყვიროდა, ვერ უნდა მიხვდე, რომ ქალაქში არ უნდა გამოხვიდე, სადაც გნახავთ, იქ დაგლეწავო“, - ამბობს დავითაია.
დავითაია ამბობს, რომ ზუსტად ასევე მოხდა წინა თავდასხმის დროსაც. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჟურნალისტების თანადგომა ასეთ შემთხვევაში ნაკლებად ჩანს და „მხოლოდ მაშინ მიხვდებიან ისინი ასეთი ფაქტების სიმძიმეს, როცა მათ შეეხებათ“. „მე ეს მომენტი გადატანილი მაქვს, როცა დამიჭირეს, მაშინ პოლიტიკური სპექტრის თანადგომაც არ ჩანდა და რუსეთის აგენტებად გამოგვაცხადეს. მერე ნახევარი საქართველო და ნახევარი პოლიტიკური სპექტრი რუსეთის აგენტებად გამოაცხადა სააკაშვილმა და ჩვენზეც უკვე დაიწყეს ლაპარაკი“.
შენზე პირველი თავდასხმის გამო „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს ხულიგნობის მოტივით.
- ღიმილის მომგვრელია, ნაცმოძრაობისგან არის წამოსული ეს პროვოკაცია. შეიძლება, „თავისუფალი ზონის“, ან კიდევ მათი სატელიტი რომელიმე სხვა ორგანიზაციის წევრი იყო ეს პიროვნება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მოდის ნაციონალებიდან. ხელწერა ერთი და იგივეა, ქმნიან ცრუ იმიჯს, ყალბ ფონს, თითქოს რუსეთის აგენტურა, კგბ-ს აგენტურა ვართ. სინამდვილეში, თვითონ არიან რუსეთის აგენტები. ესენი არიან ზომბირებული ადამიანები, რომლებიც ბრმად ასრულებენ თავიანთ ხელმძღვანელთა და მეთაურთა დავალებებს და ყველაფერი მიჰყავთ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ.
რატომ ამოგირჩიეს მაინცდამაინც შენ? არიან ჟურნალისტები, რომლებიც, ასევე, ეწინააღმდეგებიან ნაცმოძრაობას, მოითხოვენ მათ გასამართლებას. ჩვენ გვახსოვს შენს მიერ დასმული შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით, როცა პრემიერი დაგპირდა, რომ წლის ბოლომდე გახმაურებულ საქმეებს გამოიკვლევდა. შენზე თავდასხმას რომელიმე კონკრეტულ პუბლიკაციას უკავშირებ?
- საკუთარ თავზე რომ ვილაპარაკო, ალბათ, უხერხული იქნება, მაგრამ, ალბათ აქვთ მიზეზი, ჩემს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით განეწყვნენ. მათ ვერ მოახერხეს თვალის ახვევა საზოგადოებისთვის, თითქოს ჩვენ მართლაც ვაწყობდით შეიარაღებულ გადატრიალებას. მსოფლიომ გვაღიარა პოლიტპატიმრებად. ამის შემდეგ მათ აგრესიის საფუძველი მაშინ გაუჩნდათ, როცა აღმოაჩინეს, რომ ვიდრე ციხის ცნობილი სკანდალური კადრები გამჟღავნდებოდა, მანამდე ბედუკაძის ხელით „ასავალ-დასავალში“ სწორედ ჩემი საშუალებით ქვეყნდებოდა ჯალათების ფოტოები და წამების ამსახველი ინფორმაციები. ამის შემდეგ ჩემს ანტინაცისტურ გამოსვლებს და ნაციონალების დასჯის მოთხოვნით აქტიურ ქმედებებს მათი მხრიდან სოციალურ ქსელში არაერთი მუქარა მოჰყვა.
1-ელ სექტემბერს პირდაპირ დაიწყო „თავისუფალი ზონის“ მხრიდან ჩემზე მუქარა და 30 სექტემბერს ამისრულეს ანგარიშსწორება. ანუ მათ აქვთ საფუძველი, მთვლიდნენ მტრად, მაგრამ ეს საფუძველი მათივე შექმნილია და ამ ჩიხიდან ვერ გამოდიან. ისინი მზად არიან, მომკლან, მიმაკრან ეს იარლიყი და გამატანონ საფლავში, როგორც საქართველოს მოღალატის და რუსეთის აგენტის. არადა, თვითონ არიან ამ იარლიყის მატარებელნი. მათ კარგად იციან, რომ ბუნებაში არ არსებობს ჩემზე კომპრომატი, აბსოლუტურად უმწიკვლო ბიოგრაფიით მოვდივარ და გამორიცხულია, ჩემს შესახებ სპეცსამსახურებს ჰქონდეთ რაიმე ზედმეტი ინფორმაცია. არ მინდა, ეს თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ ეს რეალობაა. ყველა დონეზე მზად ვარ ჩემი პიროვნების და ჩემი წარსულის ლუსტრაციისთვის.
თქვენი საშუალებით პირდაპირ მოვითხოვ შს სამინისტროსგან, დაე, საჯარო გახადოს მონაცემები, თუკი მათ ერთი დოკუმენტი მაინც გააჩნიათ ჩემი ე.წ. რეზიდენტული საქმიანობის შესახებ, მზად ვარ, საკუთარი სიცოცხლით პასუხი ვაგო. მაგრამ, თუკი დადგინდება, რომ არანაირი კონტაქტი არ მაქვს რეზიდენტურასთან, რასაც ნაციონალები მაბრალებენ, მაშინ ჩემი სასიკვდილოდ გამეტებისთვის მაქსიმალური სასჯელით დასაჯონ ისინი, ვინც ჩემს მიმართ ცილისწამებას უკვე მე-8 თუ მე-9 წელია აგრძელებს.
კონკრეტულ საქმეებს მსვლელობა რომ მისცემოდა, აღარ მოხდებოდა შენდამი ანგარიშსწორება? რამდენად ადეკვატური იყო შენზე პირველი თავდამსხმის დროს მათ მიმართ გამოტანილი სასჯელი?
- საქმეებს მსვლელობა რომ მისცემოდა, არ მოხდებოდა თავდასხმები. კოაბიტაცია გრძელდება. ჩემზე პირველ თავდასხმაში ამოცნობილი ორი პიროვნება 4 და 6-ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ისინი თავისუფლად კვეთენ საზღვარს. მე ვიცი, რომ დადიან ბაქოში, ხვდებიან სააკაშვილს, ჩამოდიან ახალი დავალებებით, აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა კანონის ფარგლებში არ გააჩნიათ, იმის მიუხედავად, რომ ისინი გირაოთი არიან გამოსულნი. ვლაპარაკობ გოგოხიასა და ჭკადუაზე. მესამე პიროვნებაც არის ამოცნობილი და, ალბათ, მალე წაუყენებენ მასაც ბრალს, თუმცა მიკვირს პროკურატურის პასიურობა, აქამდე რატომ არ წაუყენეს მას ბრალი. ესენი სათანადოდ უნდა დასჯილიყვნენ, წინასწარ პატიმრობაში უნდა დაეტოვებინა ხელისუფლებას, რადგან მათ დიდი საშუალება აქვთ, მიჩქმალონ ჩადენილი დანაშაული, უამრავ მოწმეზე მოახდინონ ზემოქმედება ფულისა და შანტაჟის საშუალებით, საქმეში არსებული გარემოებები გააყალბონ. როდესაც დაინახეს, რომ დაუსჯელები დარჩნენ, შემდეგ ეს ახალ თავდასხმაში გამოვლინდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება ჩემზე თავდასხმა. არც იმას გამოვრიცხავ, შეიძლება უკვე ჩემზე ფიზიკური ლიკვიდაციაც განახორციელონ ტყვიით ან სხვა საშუალებით. ამის რეალური საფუძვლები არსებობს.
შენი ინტერნეტგამოცემის საშუალებით ვაანონსებ, რომ მემუქრება სიკვდილი. თუკი ჩემი ლიკვიდაცია მოხდა, ბრალს ვდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არ უნდა საეჭვო გარემოებებში მოხდეს ეს ამბავი.
ჩვენ გვახსოვს შენდამი გამოგზავნილი მესიჯები- „ხელები შორს ბაჩო ახალაიასგან“. ხომ არ ემთხვევა ეს ყველაფერი დროში ბაჩო ახალაიას პროცესებს?
- ზუსტად ემთხვევა, რადგან ჩემს მობილურში კიდევ მაქვს შენახული „თავისუფალი ზონის“ წევრის, ვაჟა მორგოშიას მიერ გამოგზავნილი მუქარისა და შეურაცხყოფის ამსახველი მესიჯები, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სტატიების წერისგან თავი შემეკავებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი გინება და ანგარიშსწორება იწყებოდა. პოლიციამ მაშინაც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მუქარები აღეკვეთა. ხაბაზი რომ აფრიალებს, თითქოს მე ვემუქრებოდი „თავისუფალ ზონას“, ეს ტყუილია. ჩემი მუქარა და სიტყვიერი აგრესია იყო მხოლოდ გამოპასუხება მათ აგრესიაზე. ახლაც დაუსჯელობა თუ გაგრძელდა, ამას აუცილებლად მოჰყვება ჩემი ლიკვიდაცია. ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ალალი იყოს ჩემი სიცოცხლე. სადაც ორი, იქაც -სამი.
ადრე ალექსანდრე ჭიკაიძემაც განაცხადა, რომ ნაციონალები აპირებდნენ დესტაბილიზაციის მოწყობას, მათ შორის, საბურავების გამოყენებით. ეს ინფორმაცია ირონიის საგნად აქციეს ნაციონალებმა.
- ეს განცხადებები გამომდინარეობს ზუსტი ინფორმაციებიდან. შს სამინისტროს პარალელურად, ამ ინფორმაციებზე დამოუკიდებელი წყაროებით ჩვენც მიგვიწვდება ხელი. გვაქვს ინფორმაცია, როგორ გეგმავენ ნაციონალები შეიარაღებულ გამოსვლებს, დესტაბილიზაციას, რომელიც შემდეგ შეიარაღებულ გამოსვლაში უნდა გადაიზარდოს. ჭიკაიძემდეც ვამხელდით ამ დესტაბილიზაციის პერსპექტივას. რატომღაც მასხრად აიგდო ნაცმოძრაობამ ჭიკაიძის გამოსვლა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს ყველაფერი უკვე დაიწყო. როგორ გაგრძელდება, ეს უკვე საზოგადოებაზე, სახელმწიფოსა და სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი და მარტო ჩემს წინააღმდეგ არ მოხდება ეს ანგარიშსწორება.