„მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი გათხოვდეს, მინდა, ცოცხალი იყოს“; „საქართველოში ყველა ქალი მსხვერპლია“,- ეს და სხვა მსგავსი შინაარსის ფრაზები სოციალურ ქსელებში ბოლო კვირებია აქტუალობას არ კარგავს. საზოგადოების ნაწილი შეშინებულია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრობლემა გაზვიადებულია. გარკვეული ორგანიზაციები კი საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობენ და ქალების დასაცავად სხვადასხვა მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვენ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2014 წელს 23 ქალია მოკლული. ყველა ინდივიდუალური შემთხვევა ტრაგედიაა და მათი სტატისტიკურ რიცხვებში გადატანა, შესაძლოა, უმართებულოა, მაგრამ სტატისტიკა არსებობს და გასული წლების კიდევ უფრო შემზარავ მაჩვენებლებს წარმოგვიდგენს. მაგალითად, 2008 წლის მონაცემებით, საქართველოში, სხვადასხვა მიზეზით, 42 ქალი მოკლეს. 2009 წელს - 32; 2013 წელს - 26....
რამდენად მასშტაბურია საქართველოში ქალების დაუცველობის პრობლემა და რამდენად სწორად არის გამოკვეთილი დღეს აღნიშნული საკითხი.
for.ge ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ნათია, ქმრების და ყოფილი ქმრების მიერ ცოლების მკვლელობის ბოლოდროინდელმა ფაქტებმა ქალების დასაცავად საზოგადოების ცალკეული ჯგუფების ერთგვარი დარაზმვა გამოიწვია - იმართება აქციები, პერფორმანსები... როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავე და მასშტაბურია დღეს საქართველოში ქალების დაუცველობის პრობლემა?
- ალბათ ისევე მასშტაბური, როგორც სხვა ქვეყნებში. უფრო მეტი შეიძლება ვივარაუდოთ მუსლიმანურ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისლამი და არცერთი რელიგია არ მოუწოდებს მრევლს მკვლელობისკენ. ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის საყოველთაო პრობლემა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი. 28 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში იტალიის ელჩის ინიციატივით იმართება ღონისძიებაბა, რომელშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. ყოველი მონაწილე ვკითხულობთ მცირე ზომის მოთხრობას, სხვადასხვა ქვეყნის რეალურ ისტორიას მსგავსი პრობლემის შესახებ. დაპატიჟებული სტუმრები არიან სხვადასხვა პროფესიის და ინსტიტუციის წარმომადგენლები, რომლებსაც, იმედი მაქვს, ეს ღონისძიება დაეხმარება დასკვნის გაკეთებაში და პრობლემის სწორად გამოკვეთაში, ასევე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოების თვითბრალეულობის განცდას, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ „ცუდები“ შეარბილებს. ყველა ადამიანური ტრაგედია ხდება ყველგან, თუმცა, ცხადია, ეს ნუგეშად ნაკლებად გამოდგება.
საქართველო აქტიურად ისწრაფვის ევროკავშირისკენ და აღიარებს დასავლურ ფასეულობებს, ეს არ არის, ვთქვათ, ირანის ტიპის ქვეყანა, სადაც ქალს ბევრი უფლება რეალურად აქვს შეზღუდული. ასეთ პირობებში, რა გახდა საქართველოში ქალების დაცვის კუთხით გააქტიურების მიზეზი?
- ბოლო დროს ტალღასავით გადავლილი, მიწყობილი ფაქტები და ასევე ქართული ხასიათი, რომ მხოლოდ ძლიერ გამღიზიანებლზე აგორდეს მოძრაობა, მერე კი ისევ ჩაცხრეს, ისე, რომ პრობლემისთვის სახელის დარქმევის იქით აღარ არსებობდეს სამოქმედო გეგმა, პროგრამა. იმედს ვიტოვებ, ამ შემთხვევაში მაინც შევინარჩუნებთ მოქმედების რუტინას.
რატომ სჭირდებათ ქალებს დაცვა? რისი მსხვერპლია დღეს საქართველოში მცხოვრები ქალი - კულტურის, ტრადიციების, ეკლესიის?
- ყველაფერი შეიძლება იყოს დამნაშავე და არაფერი ცალცალკე - კულტურაც, ტრადიციაც, ეკლესიაც, ჟურნალისტიკაც, სოციალური ფონიც... და ვერც ამას განვაზოგადებ, რადგან სხვადასხვა სოციალურ წრეში, სხვადასხვა ოჯახში ერთნაირად არ დგას ეს პრობლემა. თუმცა პრობლემაა ის, რომ რაიონებში, განსაკუთრებით მუსლიმანურ რეგიონებში, ჩვენში ჯერ კიდევ ნორმალურად ითვლება არასრულწლოვანის გათხოვება. ხშირად მცირე ასაკის გოგო მშობლების ან გამტაცებლების ძალადობის მსხვერპლია. აქ აუცილებელია სამართალდამცავი სტრუქტურების ადეკვატური ჩართულობა. მასთან ერთად განათლების გაუმჯობესება და სხვა მრავალი ღონისძიება.
სტატისტიკის თანახმად, ქალების მოკვლის ფაქტები გაცილებით მეტი იყო გასულ წლებში, მაგალითად, 2008 წელს 42 ქალი მოკლეს, ხშირია მამაკაცთა მკვლელობის ფაქტებიც. ასეთ პირობებში, ზოგადად, კრიმინალია პრობლემა, თუ მაინც საჭიროა ქალების პრობლემის ცალკე გამოყოფა?
- კრიმინალი საერთო პრობლემაა, რომელიც ყოველთვის იარსებებს, ასპროცენტიანი პრევენცია არ მომხდარა ჯერ არსად მსოფლიოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცალ-ცალკე ქალის იქნება, კაცის, თუ სხვა სახის ძალადობის მიზეზებს არ დავუფიქრდეთ და არ ვეცადოთ ფაქტების მაქსიმალურ მინიმალიზებს.
ქალთა უფლებები საინტერსო თემაა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ამ მიმართულებით საქართველოში გარკვეული ორგანიზაციები წლების განმავლობაში მუშაობენ. თუ პრობლემა პრობლემად რჩება და არაფერი იცვლება, ჩნდება კითხვა, რა აზრი აქვს არასამთავრობოების ამ აქტივობებს?
- აქტივობას აზრი ყოველთვის აქვს, მაშინაც, თუკი შედეგი სწრაფად არ მოჩანს. ფუნდამენტური პრობლემა ერთი ხელის დაკვრით არასდროს არ სწორდება, მითუმეტეს, ფსიქოლოგიური ცვლილება და დამოკიდებულებების ცვლილება. მთავარია, აქტივობა სწორად გააზრებული იყოს და არა ზედაპირულად დაგეგმილი - მიმართული უნდა იყოს შედეგზე.
შექმნილ სიტუაციაში, კონკრეტული შედეგის მისაღწევად, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა - საზოგადოებამ?
- ხელისუფლებამ ბევრი რამ - სოციალური ფონის გაუმჯობესებიდან დაწყებული, საჭიროა ინსტიტუციების მაქსიმალურად ჩართვა; ჟურნალისტებმა - ნაკლებაგრესიული მედია ზომბირება; ეკლესიამ - მეტი სიმშვიდისკენ საქციელით მოწოდება... პრინციპში, ყველა ერთად ვართ საზოგადოება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაზე. თავის ირგვლივ ყველა შეეცადოს, შექმნას სიმშვიდის და კეთილგანწყობის ატმოსფერო. ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და ნებისმიერი ადამიანის წვლილია ზოგადი ფსიქოლოგიური ველის შექმნა.