ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის განცხადება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის განცხადება

მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალეობა, დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ქვეყანამ უკანასკნელ წლებში, აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით. ძალიან სამწუხაროა მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, თავის თავში უნდა გაანადგუროს!

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება. თუმცა გუშინ, რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი... აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა...

ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა ამაოდ...

მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ, მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!