დევნილთა მინისტრი ამ დრომდე წინა მორბედების შეცდომების გამოსწორებით არის დაკავებული. სწორდ, წინამორბედების გულგრილობის შედეგია ის, რომ ფოთში 32 კორპუსი, სადაც დევნილები ცხოვრობენ დანგრევის პირასაა. თუმცა, გადაწყვეტილება მიღებულია - ფოთში დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის 2,5 მილიონი ლარი გამოიყო. საკითხი მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცეს.
დევნილთა და განსახლების მინისტრის ინიციატივით, ფოთში წინა ხელიუფლების მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციის შეფუთვა იწყება. საუბარია 32 კორპუსის შეფუთვაზე, რომელიც წლების განმავლობაში წვიმისგან და ქარისგან ირეცხებოდა. როგორც მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ეს კორპუსები წინა ხელისუფლების დროს აშენდა და საკმაოდ დაბალი ხარისხისაა. მისივე განცხადებით, გამოცხადდება ტენდერი და შესაბამისი სამუშაოები დროულად დაიწყება.
„საუბარია წინა ხელისუფლების დროს აშენებული 32 კორპუსის შეფუთვაზე, ეს ის კორპუსებია, რომლებიც წვიმისგან და ქარისგან ირეცხებოდა და რომლებშიც გათბობა იყო, მაგრამ ცალფად ნაშენი კედლებია და სითბოს შენარჩუნება შეუძლებელია. მითუმეტეს, ისეთი ნესტის პირობებში, როგორიცაა ფოთში. მთავრობამ დაამტკიცა ეს ხაზი. მალე გამოცხადდება კონკურსი. მინდა მივულოცო ჩვენს დევნილებს, რომ ძალიან მალე მათ ექნებათ აბსოლუტურად სტანდარტული სახლები, სადაც გაცილებით ადვილი იქნება სითბოს შენარჩუნება.
ფოთში აშენებული 32 კოპრუსის შეფუთვა აუცილებელია იმიტომ, რომ ამ მშენებლობის ხარისხი ისეთი იყო, ქარი, წვიმა, ნესტი, რაც ფოთში ჩვეულებრივი ამბავია, ფიტავდა ამ შენობებს და პრაქტიკულად რამდენიმე წელიწადში დანგრევის წინაშე აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, გათბობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და 2-ჯერ 3-ჯერ მეტი უჯდებოდა მოსახლეობას გათბობა, ვიდრე შეფუთვის შემდეგ დაუჯდება. ძალიან სამწუხაროა, ზოგადად, რომ ხშირად ჩვენი ქმედებები მიმართულია არა მომავლის მშენებლობებზე, არამედ წარსულის შეცდომების გამოსწორებაზე“, - აცხადებს სოზარ სუბარი.
მინისტრის განცხადებით, 32-ვე კორპუსის შეფუთვა, სადაც 4 000-მდე დევნილი ცხოვრობს, ძალიან მალე დაიწყება. თუმცა მანამდე ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს. კორპუსების შეფუთვისათვის სარეზერვო ფონდიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.
მთავრობის გადაწყვეტილებას დღესვე გამოეხმაურნენ აფხაზეთიდან დევნილები. როგორც ისინი ამბობენ, წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ საცხოვრებელი კორპუსების თბო და ჰიდროიზოლაციით შეფუთვას. როგორც დევნილი ნინო ქარდავა აცხადებს, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დროულია კორპუსის შეფუთვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
„პირველ რიგში მადლობა დევნილთა მინისტრს, რომ გაითვალისწინა ჩვენი პირობები. წლების განმავლობაში უშედეგოდ ვითხოვდით კორპუსის შეფუთვას. იმდენად დაზიანებულია შენობა, რომ წვიმიან და ქარიან ამინდში პატარა ბავშვების სახლში გაჩერების გვეშინია, არ ვიცით როდის დაინგრევა კორპუსი. იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ამ ზამთარს არ გვექნება იმის შიში, როგორ გავთბეთ და რაც მთავარია, შიში იმისა, რომ სახლი თავზე დაგვექცევა“, - აცხადებს ნინო ქარდავა.