კოალიციის დაშლაზე, პრეზიდენტისა და პრემიერის გუნდების ოპოზიციურ ბანაკებად ჩამოყალიბებაზე საკმაოდ დიდი ხანია ისმის მოსაზრებები, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საამისოდ სიტუაცია ამ ეტაპზე მომზადებულია. ფაქტია, კოალიციიდან დამოუკიდებლად თამაშს თუ გადაწყვეტს რომელიმე პოლიტიკური პარტია, იგი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ რეიტინგში.
თავის დროზე კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება იმდენად არაორდინალურ გარემოში მოხდა, რომ მის დაშლაზე საუბარი შექმნისთანავე დაიწყო. ასეთი ვარაუდის საფუძველი კოალიციის ავტორის, ივანიშვილის განცხადებებმაც შექმნა. ამის მიუხედავად კოალიციაში შემავალ ბევრ სუბიექტს აწყობს არსებული სიტუაცია და მომავალ არჩევნებში სავარაუდოდ, კვლავ ივანიშვილის სახელით კვოტის მიღება. ამის მიუხედავად, დროში დაემთხვა, რომ კოალიციში შემავალმა ორმა პარტიამ საკუთარი პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე დაიწყო საუბარი.
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად ზვიად ჯანყარაშვილი აირჩიეს - მოტივად პარტიის გაძლიერება დასახელდა. მეორე სიახლე თავისუფალ დემოკრატებს უკავშირდება - ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია პარტიის თავჯდომარეობას უბრუნდება და გუნდის გაძლიერებას იწყებს, თუმცა ამ პროცესმა სავარაუდოდ, ერთი თვით გადაიწია. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, ეს სავარაუდოდ თავად, პარტიებშიც არ არის ბოლომდე გარკვეული, თუმცა ტენდენცია არც ისე მკაფიო, მაგრამ გარკვეული ვარაუდების გამოთქმის საშუალებას მაინც იძლევა. ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ შესაძლოა, ეს ყველაფერი სულაც არ უკავშირდებოდეს შორსმიმავალ გეგმებს და ეფექტური მართვის, პოლიტიკური სიმწიფის მიღწევაზე იყოს ორიენტირებული.
ვაჟა ბერიძე: დღევანდელი სიტუაცია მაინც და მაინც პროგნოზებისთვის ვერ განგაწყობს, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების განწყობა თანდათან იცვლება. სავარაუდოდ, კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები აცნობიერებენ, რომ ძლიერი პარტიული სტრუქტურტები აუცილებელია ეფექტიანი მმართველობისთვის ხელისუფლების ყველა შტოში და ყველა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არის გარკვეული ძვრები, მაგალითად, „ქართული ოცნების“ დელეგაცია შეხვდა ევროპის სოციალისტური პარტიის ლიდერებს და მათთან აქვთ მოლაპარაკებები.
საკმაოდ საინტერესო ნაბიჯი იქნება ირაკლი ალასანიას დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, რაც ჩემი აზრით, მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს და პარტიულ მუშაობაზე გააკეთებს კონცენტრირებას. უბრალოდ, უფრო პარტიის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯია და არანაირი შეუსაბამობა არ არის, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს მაინც და მაინც პარტიის თავმჯდომარე. თუმცა, ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის, რამდენადაც, თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ამავე დროს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელია. მისი მკაფიოდ გამოხატული პარტიული კუთვნილებაა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებისთვის მთლად მისადაგებული არ მგონია.
თუ კოალიციის დაშლას გამოვრიცხავთ, იმასაც ხომ არ ნიშნავს, რომ დავუშვათ, ალასანიას პარტიის გაძლიერებით ხაზგასმულად გაძლიერდება პროდასავლური ფრთა ხელისუფლებაში?
- ძნელია იმის თქმა, ვინ არის პროდასავლური მათ შორის, ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს პოლიტიკაში და ვინც პოლიტიკურ არენაზეა. დღეს ასეთი ოთხი სუბიექტია - „ოცნება“, ნაციონალები, ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსი“, ყოველ შემთხვევაში თავად აცხადებენ, რომ პროპდასავლურები არიან.
თუ პროდასავლურობაში დასავლეთის მხარდაჭერა იგულისხმება პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, და მოიაზრება ალასანიას პარტია, რომელიც დასავლეთთან შეთანხმებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, სულაც არ ნიშნავს, რომ ალასანია თუ პარტიის თავმჯდომარე გახდება, ამით ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური მიმართულება გაძლიერდბა. მე ვერ ვხედავ ასეთ კავშირს ამ ორ მოვლენას შორის.
შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია, რომ ყველაზე პროდასავლური პოლიტიკური ძალაა საქართველოში, მაგრამ შესაძლოა, „ქართული ოცნება“ უფრო მყარად იდგეს პროდასავლურ ნიადაგზე და საფუძვლიანი იყოს თავის ნაბიჯებში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ათწლიანი, საკმაოდ სერიოზული შეცდომებით და გადაცდომებით. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, ძლიერდება თუ არა ალასანიას პარტიის გაძლიერებით პროდასავლური მიმართულება. ეს ძალიან პირობითია, რადგან საქართველოში პრორუსულობას არავინ არ აღიარებს.
იგულისხმება, რომ თუ პოლიტიკური ძალა არ არის პროდასავლური, მაშინ ის უნდა იყოს პრორუსული, მაგრამ პრორუსულობაზე ხელისმომწერი პარტია მე საქართველოში არ ვიცი ამ ეტაპზე. ძალიან ოდიოზური ჯგუფების ჩათვლით, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის თავგადადებული მომხრეები არიან, აკრიტიკებენ წინა ხელისუფლებას ანტირუსული რიტორიკის გამო, მაგრამ მაინც და მაინც არავინ არ აღიარებს, რომ პრორუსული ძალაა.
ისედაც, საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში რუსების გავლენა საკმაოდ სუსტია. რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს საქართველოს დაშლა-დაქუცმაცებისა და განადგურების გეგმას, რომელიც რუსეთის ამჟამინდელი რეაქციული წრეებიდან მოდის და მეეჭვება ამ პროცესს საქართველოში მომხრეები ჰყავდეს.
საქართველოში არ მეგულება მსურველი იმისა, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეთ გუბერნიის სტატუსით, ან ევრაზიის კავშირში შევიდეთ და მოვწყდეთ დასავლეთს. ამის მომხრე ფაქტობრივად, არავინ არ არის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე საქართველოსთვის იქნება ხელსაყრელი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ესეც შეუძლებელია რუსეთის მხრიდან ანექსიის პოლიტიკის გამო.
შიდა პროცესებს რომ დავუბრუნდეთ, არსებობს მოსაზრება, რომ ჯანყარაშვილის პარტიაში გადასროლა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგალითად, გავლენების გადანაწილებას, თუმცა ისიც საინტერესოა, თავად ჯანყარაშვილის ფიგურა რამდენად შეძლებს პარტიის გაძლიერებას?
- სიმართლე გითხრათ, ეს სახელი და გვარი ბევრს არაფერს მეუბნება, რამდენადაც ვიცი, ძალოვან უწყებებთან დაკავშირებულია, მაგრამ არ არის პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, როგორც პარტიული ორგანიზატორი, რამდენად წარმატებული იქნება. თუმცა მომღერალზე მეტად მისი ფიგურა უფრო წაადგება პოლიტიკური მდივნის თანამდებობას.
იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, საერთოდ არ აპირებდა პოლიტიკური პარტიის შექმნას, შემდეგ მრჩეველთა საბჭომ საწინააღმდეგოში დაარწმუნა, თუმცა „ქართული ოცნება“ სრულყოფილ პარტიულ სტრუქტურად მაინც ვერ ჩამოყალიბდა. პარალელურად ისმის კითხვაც - არის საქართველოში სრულყოფილი პოლიტიკური პარტიები თავისი სტრუქრურებითა და ფინანსური რესურსებით? - ალბათ - ნაკლებად.
რაც შეეხება გავლენის სფეროებს, კულუარებში როგორც ვარაუდობენ, თითქოს ჯანყარაშვილით კალაძის ჩაჩოჩება ხდება, როგორც პარტიაში, ასე კოალიციაში..
- არც როგორც მინისტრს და არც როგორც პარტიულ ფუნქციონერს კალაძეს არაფერი ახალი არ მოუტანია არც ქართულ პოლიტიკაში და არც ქართულ მთავრობაში. ის იყო დიდი ფეხბურთელი, მოვიდა პოლიტიკაში და საკმაოდ კარგ სტაჟირებას გადის პრესტიჟულ თანამდებობებზე პარტიის გენერალური მდივნობით დაწყებული, მინისტრობით დამთავრებული. მისი ჩაჩოჩება-ჩამოჩოჩება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვლიზე იქნება დამოკიდებული.
მართალია ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს. სხვათა შორის, არც არასდროს უარყოფდა რომ პოლიტიკოსი არ არის, მას აქვს ის თვისებაც, რომ ვინც კარგ ადამიანად მიაჩნია, მათ აქცევს ფავორიტებად და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნიშნავს. ამიტომ ზოგი უმართლებს, ზოგი - არა, მაგალითად როგორც მარგველშვილი.
ვერ გეტყვით, ხდება თუ არა ვინმეს ჩაჩოჩება, გავლენის გაზრდა ან შემცირება, უბრალოდ, ივანიშვილის გავლენა ნამდვილად იგრძნობა და თუ არ ჩავთვლით პოლიტიკური გამოცდილების მქონე რესპუბლიკელებს, პოლიტიკური აზრის დეფიციტი მმართველ ძალაში ნამდვილად შეინიშნება. ბევრი მათგანი შესაძლოა, ძალიან კარგი ადამიანი ან ანალიტიკოსია, მაგრამ პოლიტიკოსების მწვავე დეფიციტი, პოლიტიკოსთა გამოუცდელობა ყველგან იგრძნობა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომაც ცდილობენ კოალიციაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე გაძლიერებას, თუ დამოუკიდებელი თამაშისთვის ემზადებიან?
- იმ პოლიტიკურ აჯაფსანდალში რაც კოალიციაშია, არ ვიცი, როგორ შეიძლება გაძლიერდნენ პარტიები. ისიც გაურკვეველია, რატომ არის ეს კოალიცია მხოლოდ ორპარტიული შინაარსის („ოცნება“ და რესპუბლიკელები) და რატომ არ ისმის დანარჩენი პარტიების ხმები.
რაც შეეხება დაშლას, რაც ივანიშვილმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს დაანონსა, ესეც არ ჩანს ამ ეტაპზე, რადგან კოალიციიდან წასვლა ამ ეტაპზე ბევრი პარტიისთვის პოლიტიკურ მოუსავლეთს ნიშნავს. მათ არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი გააჩნიათ დამოუკიდებლად არსებობისთვის. არც საიმისიოდ, რომ საპარლამენტო არჩვნებში დამოუკიდებლად მიაღწიონ წარმატებას და ერთი ფრაქცია მაინც შექმნან პარლამენტში. „მრეწველებმა“ რომ იყარონ კენჭი დამოუკიდებლად ბარიერს გადალახავენ? იგივე შიძლება ითქვას ბევრი სხვა პარტიის მიმართაც.
პრაგმატული თვალსაზრისით, ვფიქრობ, დაშლის პერსპექტივა უახლოეს მომავალში არ ჩანს - თუ ასეთი გადაწყვეტილება თავად კოალიციის შექმნის ინიციატორმა არ მიღო, რომელიც პოლიტიკაში აღარ არის.