დანაშაული და სასჯელი - ახალაია მომდევნო 7 წელს მატროსოვზე გაატარებს

დანაშაული და სასჯელი - ახალაია მომდევნო 7 წელს მატროსოვზე გაატარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის N1006805 ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ განხილვა. ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ბაჩანა ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საკუთარი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა ბაჩო ახალაია. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს.

რაც შეეხება ძებნილ მეგის ქარდავას, მას პატიმრობა 7 წლითა და 6 თვით შეეფარდა. საქმეში ბრალდებულ ლევან ქარდავას და გიორგი მაზმიშვილს ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით 3 ახალგაზრდის მკვლელობა ედებათ ბრლად. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალეულობას, ისინი ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსთავის N1 დაწესებულებაში პატიმრების ცემაში არიან ბრალდებულნი.

კერძოდ, საუბარია იმ პატიმრების ცემაზე, რომლებიც, დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ნავთლუღში მოკლული პირების დახმარებით ციხიდან გაქცევას გეგმავდნენ. გარდა ამისა, ამავე საქმესთან ერთად განიხილებოდა ბაჩო ახალიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ეპიზოდი - სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული პირებისთვის ციხეში შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობების შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, განაჩენის გამოცხადებისას, პროცესის დამსწრეთა უმრავლესობას დარბაზი დაატოვებინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანდატურის სამსახურმა დარბაზის ერთ მხარეს სრულად დაატოვებინა პროცესი. ბრალდებულებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ხმაური მოჰყვა სასამართლოს შენობაში, სადაც მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასამართლოს მანდატურები.

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე რამდენიმეთვიანი განხილვა 17 ოქტომბერს დაასრულა. ამ ხნის განავლობაში აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 32 სასამართლო სხდომა, სადაც დაიკითხა ბრალდების 56 და დაცვის 28 მოწმე, ამათგან სამი ბრალდებული. ასევე გამოქვეყნდა ბრალდების 2 მოწმის წერილობითი ჩვენება.

სამივე ლიკვიდირებული ახალგაზრდა აჭარიდანაა. რომანი და მარად ართმელაძე თანაკურსელები იყვნენ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ, პარალელურად კი, თურქეთში მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. თურქეთში მათთან ერთად მუშაობდა შოთა გორგაძეც. რომანი მეგობრებთან და მამასთან ერთად საქართველოში საახალწლოდ, დეკემბრის ბოლოს დაბრუნდა. 15 იანვრისთვის კი ისევ თურქეთში უნდა წასულიყვნენ.

მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბრალდების მხარისთვის მოსალოდნელი იყო. საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი განმარტავს, რომ სამი ახალგაზრდის მკვლელობა, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, არ დარჩა შეუფასებელი და მკვლელები ციხეში მოიხდიან სასჯელს. პროკურორის თქმით, მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოდ დაიხოცნენ, მათი მკვლელები სასჯელს მოიხდიან ციხეში. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი პროცესების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამაზე პროცესის პირველივე დღიდან ვსაუბრობდით. ვამბობდით, რომ საქმეში იყო უტყუარი მტკიცებულებები და აქედან გამომდინარე, ვფიქრობდით, რომ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

მედიის საშუალებით ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ატეხილი აჟიოტაჟი და დაცვის მხარის განცხადებები იმაზე, რომ პროკურატურა ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე. ეს განცხადებები ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, ადვოკატებმა კარგად იცოდნენ, რომ ამ საქმის მტკიცებულებებით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა და შესაბამისად მათ გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია, რათა საზოგადოება მოემზადებინათ ამისთვის. თუმცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩვენს პოზიციას იზიარებს“, - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა. 

ბრალედებულების დაცვის მხარე თვლის, რომ ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების მიმართ განაჩენი იმ ზეწოლის შედეგია, რაზეც დიდი ხანია ბაჩო ახალაიას ახლობლები საუბრობენ. ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილ სასამართლოს განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარებამდე აცხადებს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი იქნება, ვინაიდან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ დაასაბუთებს სასამართლო.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული? - ანი ნადარეიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისთვის გამამტყუნებელი განაჩენი მოსალოდნელი იყო. ეს უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც ანი ნადარეიშვილი წინასწარ აანონსებს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას მოსამართლის მხრიდან. ეს არის იმის შედეგი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა, რომლის განცხადებით, ახალაიას განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა - გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ, გიორგი დგებუაძესა და დავით ახალაიასთან ერთად, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინეს დანაშაული. ასევე დადასტურდა, რომ ბაჩანა ახალაიამ იმავე დღეს სასურველი ჩვენების მისაღებად სასტიკად აწამა 6 პატიმარი. ამ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კუდ-ის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ახალაიას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და განიხილება მათი საქართველოში ექსტრადირების საკითხი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრები. სპეცოპერაციის დროს მოკლული სურმანიძის მამა, ნოდარ სურმანიძე ამბობს, რომ სამივე მოკლული მუხლებზე დაჩოქილი და თავზე ხელებშემოდებული ეხვეწებოდა პოლიციელებს არ ესროლათ. როგორც სურმანიძე ამბობს, მის შვილს მუხლში ნასროლი ტყვია ფეხის გულში ჰქონდა გასული. რაც ადასტურებს იმას, რომ მათ დაჩოქილებს ესროლეს.

„ველოდი უმაღლეს სასჯელს, ამ ჯალათებს უვადო პატიმრობა ეკუთვნოდათ. თუ რუსთავის ციხეზე გეგმავდნენ თავდასხმას, სამგორში რა უნდოდათ? სამი კაცი თუნდაც შეიარაღებული ყოფილიყო, ისნის მეტროდან რუსთავის ციხეს აიღებდნენ? თუ დამნაშავეები იყვნენ, არ ჯობდა რომელიმე ცოცხალი აეყვანათ, მაგრამ ლიკვიდაცია არჩიეს იმიტომ, რომ სიმართლე არ დადგენილიყო. ამ ბიჭების მოკვლა ახალაიებს დასჭირდათ.

ყველამ ვიცით, რაც მოხდა და რასთან გვქონდა საქმე. თუ ჩემი შვილი შეიარაღებული ციხეზე აპირებდა თავდასხმას, მაშინ ოჯახში რატომ არ მოვიდნენ და არ ჩაატარეს ჩხრეკა, იქნებადა კიდევ მქონდა ავტომატები და კიდევ ვაპირებდი შეიარაღებული ხალხის გამოგზავნას, რატომ არ ნახეს? თუ ბიჭებმა ცეცხლი გახსნეს, რატომ არავინ დაზარალდა? საკონტროლო გასროლა განახორცხიელა დათა ახალაიამ.

პროზექტურაში ვნახე ჩემი შვილის ცხედარი, სუდარა ჰქონდა გადაფარებული. გადმოვაბრუნე ჩემი ბიჭის ცხედარი და რომანის ხელებს რომ დავხედე, ავტირდი, თურქეთში დადიოდა სამუშაოდ, თავი რომ ერჩინა, ჩაის კრეფდა. მაშინ ამტკიცებდა გამოძება, რომ ეს სამი ბიჭი ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეს ემსახურებოდა, სადაც თურმე შეისწავლეს სიტუაცია და რუსთავის დაწესებულებაზე თავდასხმა დაგეგმეს. არადა, ჩემი შვილი 20 დეკემბრამდე თურქეთში იყო, ამას ადასტურებს საბაჟოს გადმოკვეთისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭედიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შოთა სურმანიძის მამა, რომან სურმანიძე.

ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდა მოკლული, მარად ართმელიძის მამა, მიხეილ ართმელიძე. „ძალიან ცოტა სასჯელი მიუსაჯეს, არავითარი 7 წელი, ჩვენ მოვითხოვთ უვადო პატიმრობას ამ პირების მიმართ, არ დავთმობ. მათ არ ჩახოცეს ეს ბიჭები? ამათ არ დაუდეს ავტომატები ბიჭებს? მოკლეს ბიჭები და შემდეგ შეუთითხნეს ბრალდება“, - აცხადებს მიხეილ ართმელიძე.

სასამართლო გამაოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კუდ-ის თანამშრომლების მიერ, არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოაცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო სამი ახალგაზრდა - შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე.

აღნიშნული ქმედება სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით, მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება. კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამება მეშვიდე დაწესებულებაში ელექტოშოკის გამოყენებით განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.