ბათუმში გამართულ აქციაზე მართლმადიდებლები და მუსულმანები ერთად იდგნენ

ბათუმში გამართულ აქციაზე მართლმადიდებლები და მუსულმანები ერთად იდგნენ

ბათუმში, თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან საინფორმაციო ხასიათის, გამაფრთხილებელი აქცია კოკისპირული წვიმის, ქარისა და სიცივის ფონზე გაიმართა. ფუჭი აღმოჩნდა იმათი მოლოდინი, ვინც აქციას შესაძლო გართულებების, “რელიგიური დაპირიპირებისა და ქსენოფობიური გამოხტომების“ მოლოდინის გამო გაემიჯნა. 

საინფორმაციო ხასიათის აქციაზე შეკრებილმა 1500-დან 2 000-მდე ადამიანმა, რომელთა შორის იყვნენ, როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსულმანი ქართველები, სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელიც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, აჭარის ა/რ. მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს გაეგზავნა. რეზოლუცია ასეთი შინაარსის არის:

“ვადასტურებთ რა მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას, 2011 წლის 23 მარტს, ბათუმის გათავისუფლებისთვის 90 წლის წინ დაღუპულ მამულიშვილთა საფლავებთან შეკრებილი საზოგადოება იღებს შემდეგ რეზოლუციას:

1. საქართველო-თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თაობაზე, გახდეს საჯარო, საქართველოს ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების გათვალისწინებით.

2. დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოსა და თურქეთის, სეკულარული სახელმწიფოების ხელშეკრულების საგანი იყოს ახალი საკულტო ნაგებობის აგება. ამასთან, მივესალმებით ორივე ქვეყნის მთავრობების მცდელობას, იზრუნონ არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობისათვის.

3. დაუშვებლად მიგვაჩნია ქალაქ ბათუმში, ოსმალეთის იმპერიის დროინდელი, სულთან აზიზიეს სახელობის არარსებული მეჩეთის ასლი-დუბლიკატის აგება“.    

სამ საათზე დაწყებული აქცია ერთი საათი გაგრძელდა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ მწერლები, მხატვრები, “რეპუბლიკელები“, კონსერვატორები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები. კიდევ ერთხელ ითქვა ის, რომ, როგორც ბათუმში, ისე საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, ან რაიონში სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში თურქეთის ულტიმატუმით მეჩეთის აშენება დაუშვებელია და რომ მუსულმანური საკულტო ნაგებობის აშენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ მას ქართველი მუსულმანები ააშენებენ.

აქციის დასრულების შემდეგ, ჩვენთან საუბრისას ორგანიზატორებმა - “რესპუბლიკური პარტიიდან“ ახლახანს, სწორედ ამ აქციის გამო გარიცხულმა მურმან დუმბაძემ და “კონსერვატორების“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ ასეთი შეფასებები გააკეთეს:

მურმან დუმბაძე: “მე კმაყოფილი ვარ მოსულთა რაოდენობითაც, მიტინგის მუხტითაც, გამომსვლელებითაც და იმ რეზოლუციითაც, რომლითაც დაგვირგვინდა დღევანდელი საინფორმაციო აქცია, რომელმაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ თურქეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკება არის მისასალმებელი, მაგრამ ამ შინაარსით ხელშეკრულების დადება ბათუმელთათვის კატეგორიულად მიუღებელია.

როგორც მოისმინეთ, ჩვენ აქციაზე მიღებული რეზოლუცია გავუგზავნეთ, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში. ვფიქრობ, ჯერი მათზეა. ვფიქრობ, ხელისუფლება შეშფოთდება, ან მინიმუმ დაფიქრდება. და თუ ამ უგუნური გზით სიარულს მაინც გააგრძელებს, მაშინ პასუხი უფრო მკაცრად მოეთხოვება. შესაძლებელია ჩვენ სხვა აქციებიც დავიწყოთ“.

დავით ბაციკაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ამგვარი ფორმით გაფორმება ან საქართველოს ხელისუფლების პიარზე გათვლილი, უგუნური და წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგია, ან მიზანმიმართული, ანტიქართული ქმედება.

დავით ბაციკაძე: “ვთვლი რომ აქცია შედგა. ამათან ერთად, ბათუმის საზოგადოებამ ამ ქარში და წვიმაში თავისი პოზიცია გამოხატა და ხელისუფლებას უთხრა, რომ არ შეიძლება საზოგადოების ზურგს უკან აწარმოო ასეთი ტიპის მოლაპარაკებები. ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ჩვენი დეკლარირებული მეგობარია, ეს მესმის, მაგრამ თურქეთის სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აქვს თავისი ინტერესები, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე სომხეთის, აზერბაიჯანის, სირიის მიმართ. ასეთი ინტერესები ყოფილ იმპერიებს ყოველთვის აქვს.

აქ აზიზიეს მეჩეთის აშენების შემთხვევაში თურქეთის მხარე, თავის მომავალ თაობებს ეტყვის, რომ ეს მათი ტერიტორია იყო. დღეს სწორედ ასე ასწავლიან თურქეთის სკოლებში ბავშვებს, რომ ეს ტერიტორიები მათ რუსებმა წაართვეს და საქართველოს მისცეს“.

ბათუმის თეატრის უკან, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრებილებს შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის მრავლად იყვნენ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრები. პარტიაში დარჩენის, ან დატოვების შესახებ საჯაროდ არანაირი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და გვითხრეს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

იმაზე, თუ რა არგუმენტები აქვთ იმათ, ვინც ხელშეკრულების არსებული ფორმით გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცალკე მასალიდან შეიტყობთ - ბათუმში გამართული აქციის დასრულების შემდეგ შევხვდით და ვესაუბრეთ ისტორიკოსს, რომელიც ამავდროულად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მრჩეველიც არის.