„გაერთიანებული დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ჩინოვნიკებმა თბილისობის დღესასწაული „ფულის კეთებისთვის“ არ უნდა გამოიყენონ.
„გაერთიანებული დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა თანხების დუბლირებაზე საუბრობს. For.ge-სთან საუბარში ზაზა ვეკუა აცხადებს, რომ თბილისობის დღესასწაულის გამართვისათვის დედაქალაქის ცხრა გამგეობა 130 ათას ლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს, მაშინ როცა მარტო მერიის განათლებისა და კულტურის, ასევე, სპორტული ღონისძიებების სამსახურები, ჯამში დღესასწაულის გასამართად 330 ათას ლარზე მეტს დახარჯავენ.
თავის მხრივ, თბილისის მერის განცხადებით, წლევანდელი თბილისობა განსხვავებული იქნება და მისთვის ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარია გამოყოფილი. თბილისობის ტრადიციული დღესასწაული წელს საკრებულოს ახლადგარემონტებული შენობის გახსნით დაიწყება, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისშია აშენებული და რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, ასევე, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ტრადიციულად, ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭებათ.
ჩვენი ინფორმაციით, 25-26 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისობის 35-ე დღესასწაულზე რიყეზე მდგარ უზარმაზარ საწნახელში ღვინოს რეზინის ჩექმებით აღარ დაწურავენ. როგორც ჩანს, ეს ტრადიცია ნაციონალებმა გაიყოლეს...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ია მაკასარაშვილი თბილისობის ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობის ინიციატივით გამოდის. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალური ქსელით, ასევე, მერიისა და საკრებულოს პორტალებით დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე შეძლონ იდეებისა და პროექტების დაფიქსირება.
თავის დროზე ყველას გვახსოვს, რომ ნაციონალებმა თბილისობის დღესასწაულიც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციეს. თბილისობის მსვლელობისას, მხოლოდ ორი დღის განმავლობაში გულუხვად რიგდებოდა მწვადები, მაჭარი, ღვინო, ფელამუში, ხაჭაპური და სხვა საჭმელ-სასმელი და დამშეულ-გაღატაკებული ხალხიც ამ დამამცირებელ რიგებში იდგა, რათა ერთი ულუფა საკვები შეხვედროდა.
შარშანდელი თბილისობაც უპრეცედენტო იყო იმ მხრივ, რომ ამ დედაქალაქობაზე მერიამაც მოილხინა და საკრებულომაც და ეს დუბლირებაც ძვირადღირებული აღმოჩნდა. ფუნიკულიორზე მოწყობილ მერიის ვახშამზე სოლიდური თანხა დაიხარჯა და ამის გასაჯაროებისთვის ოფიციალურად წერილობითი მიმართვა მოგვთხოვეს. რაც შეეხება საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის_ირაკლი შიხიაშვილის სახელით გამართულ მიღებას, რესტორან „წისქვილში“ გადახდილი ალტერნატიული ვახშამი 7 ათასი ლარი დაჯდა. მაშინ ირონიით საუბრობდნენ იმაზეც, რომ ორი სუფრის გამო ერთ საპატიო თბილისელს გადარბენა მოუხდა და ჯერ შიხიაშვილის სუფრასთან მოუწია ყოფნა, შემდეგ ფუნიკულიორზე მოქეიფეებს შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ წელსაც რეალურად თბილისელების ფული იხარჯება.
„სადღაც 850 ათასი ლარი იხარჯება ამ თბილისობასთან დაკავშირებით. წინააღმდეგნი არ ვართ, ნორმალური თბილისობა ჩატარდეს და დღესასწაული მოეწყოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს თბილისელთა ხარჯზე. მაგალითად, ათი რაიონის გამგეობიდან ერთი საერთოდ არ ითხოვს თანხას. საუბარია დიდუბის რაიონის გამგეობაზე. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ითხოვს 1500 ლარს, მაშინ, როცა კრწანისი, მთაწმინდა, ნაძალადევი 25 ათას ლარს ითხოვენ. ეს მაშინ, როცა რიყეზე ისედაც ტარდება ღონისძიებები და საქალაქო სამსახური მაინც გამოყოფს ამხელა თანხებს. აქ მთავარი ის არის, რომ ორი რაიონის გარდა, არავის არ აქვს გაშიფრული, კონკრეტულად თანხას რისთვის ითხოვს. უბრალოდ, თანხას ითხოვენ და მორჩა. ჩემი აზრით, ეს დუბლირებაა. თუ საკრებულომ არ დაითვალა ყველა კაპიკი, დღეს მცირე თანხას მოითხოვენ, ხვალ კი - ბევრად მეტს. ამიტომ უნდა იყოს მკაცრი ხარჯთაღიცხვა, ვინ რაში ხარჯავს დედაქალაქის თანხებს. ბიუროზე აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს, მაგრამ დღევანდელი „ქართული ოცნება“ ძალიან ჰგავს ნაცმოძრაობის საკრებულოს, რომლებიც ხელის აწევით წყვეტდნენ ყველა საკითხს“, - აცხადებს ზაზა ვეკუა.
ამასთან, მიიჩნევს, რომ თბილისობამ ცოტა სხვა დატვირთვა უნდა მიიღოს და არ უნდა დავამახსოვროთ უცხოელებს ჩვენი ქალაქი, როგორც მხოლოდ გართობის, ქეიფის, მწვადებისა და შამფურების ქალაქი. ეს დღესასწაული უნდა ჩატარდეს ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
საკრებულოს დეპუტატისთვის კიდევ ერთი საკითხია გაურკვეველი - დღევანდელი ქალაქის მესვეურნი როგორ შეძლებენ კანონს გვერდი აუარონ, რადგან ყველა ადამიანი, ვინც თბილისობაზე თუნდაც ერთ ჭიქას დალევს, ჯარიმას დაექვემდებარება. ზაზა ვეკუას თქმით, ახლანდელი კანონი ამას ითვალისწინებს და, თუ ერთ ბოთლ ლუდზე ეზოში აკავებენ ადამიანებს, მაშინ უნდა დაისაჯოს ისიც, ვინც ღვინოს სთავაზობს, რადგან იგი აცდუნებს სხვა ადამიანს, ასევე, უნდა დაისაჯოს ის, ვინც ღვინოს სახალხოდ დალევს, რადგან იქ ბავშვებიც იქნებიან.
საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბარში საუბარში არ იზიარებს ზაზა ვეკუას მოსაზრებას და ამბობს, რომ ძალზე შემცირებულია ახლანდელი თბილისობის ხარჯები. მისი თქმით, 130 ათასი, ჯამში, ყველა გამგეობამ მოითხოვა და ეს გამგეობები თანხებს სათავისოდ არ ითხოვენ.
„ჩვენმა ურბანულმა კომისიამ დაამტკიცა ეს ხარჯები, ანუ ჩვენ ეს ხარჯები მოვიწონეთ. ძალზე მცირე თანხებია. რომ გითხრათ, საერთოდ არ უნდა ჩატარდეს თბილისობა, ასეთი განწყობა საზოგადოებაში, მე მგონი, არ არის. ბრალი დავდოთ ჩინოვნიკებს ფულის გათეთრებაში, ესეც გაუგებარია. როგორ უნდა გააკეთონ ჩინოვნიკებმა ამაში ფული, ეს ყველაფერი ხომ ტენდერის მეშვეობით ხორციელდება?! ზოგადად, ძალზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ სახის ღონისძიებებს. მიმაჩნია, რომ ეკონომიურად უნდა ვხარჯოთ საბიუჯეტო სახსრები, რადგან ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მეორე მხრივ, თუ ერთი ხელის მოსმით გავაუქმეთ ყველა დღესასწაული, ამას ვერავინ გაგვიგებს. უბრალოდ, საჭიროა, ეტაპობრივად დავწმინდოთ სიტუაცია“, -აცხადებს სოსო მანჯავიძე და განმარტავს, რომ წლევანდელი ღონისძიებების ხარისხი უკეთესი იქნება და თბილისელები სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩებიან. პირადად მას კი განსაკუთრებით მოსწონს სომელიეთა ასოციაციის ინიციატივა, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, თბილისობა უფრო პერსპექტიულ ღონისძიებად უნდა გადავაქციოთ, ვიდრე მწვადების შეწვა და საწნახელში ღვინის დაწურვაა.