სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარკვლავის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლელა რაზიკაშვილის განმარტებით, თანხა, რომლის გამოც კომპანიის დირექტორი, ანუ მისი ძმა ზაზა რაზიკაშვილი პასუხისგებაში მიეცა, წინა ხელისუფლების მიერ დაკისრებული პოლიტიკური ვალია.
როგორც ლელა რაზიკაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოლიმპიური ვარკვლავი“ ვალებში ხელოვნურად ჩააგდო. ასტრონომიული თანხა - 27-მილიონიანი ჯარიმა კომპანიას ჯერ კიდევ მაშინ წარმოეშვა, როცა წინა ხელისუფლებისგან რეპრესია განიცადა და ეს წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა.
სხვათა შორის, ლელა რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას შთამომავალია. მან ნაციონალებისგან დევნა პირადად იწვნია. იგი წლების განმავლობაში ჩარგალში ვაჟას სახლ-მუზეუმს ხელმძღვანელობდა, თუმცა ნაციონალურმა ხელისუფლებამ „მეოცნებეობა“ არ აპატია და სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
დღეს კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ თავმჯდომარე, შპს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დირექტორი -ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში თანხების მითვისების ფაქტზე მიეცა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან 11 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონკრეტულად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ზაზა რაზიკაშვილმა 2006 - 2010 წლებში მოქალაქეთა მიერ საცხოვრებელი და კომერციული ფართების შეძენის სანაცვლოდ, შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა ქ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ხოლო 14 800 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც 100-ზე მეტ მოქალაქეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
For.ge ლელა რაზიკაშვილს ესაუბრა.
რის საფუძველზე აცხადებთ, რომ ნაციონალების დროს არსებობდა ე.წ. შავი სია, სადაც სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარკვლავის“ გაკოტრება პირველ რიგში შედიოდა?
- თუ ადამიანმა, ამ შემთხვევაში, ზაზა რაზიკაშვილმა თანხა მიითვისა, ეს შეუძლია მოსამართლემ დაამტკიცოს და არა - ყმაწვილმა კაცმა, ფინანსური პოლიციიდან. მტკიცებითი ფორმით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება. ჩემთვის ძალზე გასაკვირი იყო, როცა ტელევიზიით ასტრონომიული ციფრი გავიგონე, რომელიც თურმე ჩემს ძმას მიუთვისებია. არადა, მას შემდეგ, რაც ნაციონალების სადამსჯელო რაზმი შემოვარდა ჩვენს ოფისში, მათ შეკრეს ყველა დოკუმენტი და კონკრეტული ციფრი დაასახელეს. ეს ციფრი ჩვენ დავების საბჭოში გავასაჩივრეთ მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო.
რა ციფრზეა საუბარი?
- საუბარია 14 მილიონზე მეტ თანხაზე, ამას ზევიდან კიდევ რაღაც თანხა დააწერეს და, ჯამში, 27 მილიონი გამოიყვანეს, რის გამოც ვერ დაიძრა ობიექტის მშენებლობა. თუ არ ჩამოიწერა ეს პოლიტიკური ჯარიმა და არ გაირკვა რეალობა, ვერც დაიძვრება ობიექტი. აუდიტები მუშაობენ და ამტკიცებენ, რომ ეს არის აბსურდული ჯარიმა. არადა, ობიექტი არის რესურსიანი, თავისუფლად შეგვიძლია შევიდეთ ბანკში, ავიღოთ კრედიტი და ა.შ. მაგრამ თუ ჯარიმის საკითხი არ გადაწყდა დავების საბჭოზე, მანამდე ვერაფერი ვერ მოგვარდება.
თქვენი აზრით, ეს იყო ნაციონალების მიერ დაწყებული უსამართლობა, რომელიც ინერციით გადაეცა ამ ხელისუფლებას?
- რა თქმა უნდა, ნაციონალების მიერ დაწყებული უსამართლობა გასაჩივრებული გვქონდა დავების საბჭოში. დღეს ეს პროცესი გადავიდა სამართლებრივ ჭრილში. კი ბატონო, ამისთვისაც მზად ვართ, თუ საჭიროა, სასამართლოშიც ვიდავებთ ამ ციფრებზე, ვიტყვით, რომ ეს იყო ხელოვნურად ვალებში ჩაგდებისა და ხელოვნურად გაკოტრების პროცესი. უკვე ყველამ იცის, რომ „შავ სიაში“ ვიყავით. ამას წინათ გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც წერია, რომ ხელოვნურად გასაკოტრებელთა სიის თავში ვწერივართ. ვალებში ჩაგდების მთელი მექანიზმები არსებობდა, როცა სახელმწიფო გვებრძოდა.
ქრონოლოგიურად, დევნის პროცესის დაწყებას თქვენ ზურაბ ზვიადაურის „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას უკავშირებთ?
- დიახ, როგორც კი ზვიადაურმა „ქართულ ოცნებაში“ გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, როგორც კი მე ჩავები ნაციონალების საპირისპირო მხარეს ომში, ჩემი ქმარი დაიჭირეს, ჩემს ძმასთან შევარდნენ. მე რას მომიძებნიდნენ, მაგრამ ჩემს გარშემო ყველას შეეხო ეს ტერორი. ჩვენ დღემდე ვდავობთ ამაზე. აქ კიდევ მეორე მომენტია. ვითომ დაზარალებულების სახელით, კომპანიაში მუშაობს ჯგუფი, სულ რამდენიმე ქალბატონის შემადგენლობით, ერთ-ერთი მათგანი ადეიშვილის დროს ნარკოტიკის დიდი რაოდენობის შემოტანისთვის საზღვარზე დაიჭირეს. ეს ნაციხარი და დავერბოვკებული ქალბატონი, დალი ჩანტლაძე მუშაობდა მაშინაც და ჩვენი კომპანიის წართმევის პროცესში ეხმარებოდა ნაციონალებს. ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას დღესაც მარტო ვერ გაბედავდა, ალბათ, ზურგს უკან ვიღაცები უდგანან, ნაციონალების ნარჩენები და აგულიანებენ მას. ამდენი ხნის განმავლობაში ის ულტიმატუმს უყენებდა ჩემს ძმას. უკვე მეორე წელია, მას ეუბნება, ან გადმომაბარებ უფლებამოსილებას და გადმომიფორმებ ობიექტს, ან არადა, შევქმნი პირობებს, ხალხს ავიყოლიებ, ჩავატარებ მიტინგებს და დავაჭერინებ შენს თავსო. ჩემი ძმა ეუბნებოდა, მომეცი რაიმე გეგმა, რომ ერთი აგურის დადება მაინც შეგიძლია, რომ გყავს ინვესტორი, გაქვს პროექტი. ქალს ერთი აფთიაქი გებარა, იქაც ნარკოტიკს ყიდდი და ამისთვის დაგიჭირეს, შენ როგორ უნდა განდო ობიექტიო?! რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ვერ გადააბარა ობიექტი, მანაც წამოიწყო სკანდალი და საქმეში ჩარია პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ეტყობა, იმისთვის, რომ დაწყნარდეს ეს პროცესი, ჩემს ძმას ბრალი წაუყენეს, მაგრამ ბრალის წაყენება ნიშნავს ბრალის დამტკიცებას. თუ მენეჯმენტში რაიმე შეცდომა დაუშვა, ზაზა აღიარებს. მზად არის ამისთვის. თუმცა აბსურდულად გაბერილი ასტრონომიული ციფრები ჩამოიწერება. ერთი მხრივ, ეს შეიძლება კარგიც იყოს. თუ ვინმეს ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში ობიექტის ხელში ჩაგდების რაიმე სურვილი გაუჩნდა (ვგულისხმობ მათ ულტიმატუმებს), ეს სურვილი და ოცნება დაუმთავრდათ, რადგან საქმე გადავიდა სამართლებრივ დავაში. ზაზა რაზიკაშვილმა კი უფლებამოსილება გადააბარა დაზარალებული ამხანაგობის წევრების ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ მშენებლობის გასაგრძელებლად. დაზარალებული ოლია ახალაია უდგას ამას სათავეში და ის გამოცდილი მეწარმეა.
ანუ აბსურდად მიიჩნევთ ბრალდებას, თითქოს 15 მილიონი თქვენმა ძმამ გაფლანგა?
- მთელმა ქვეყანამ იცის, რაზიკაშვილების ქონება რას წარმოადგენს. ერთი ქოხიდან ვერ გამოვედი, ჩემი ძმა ნაქირავებში ცხოვრობს დიდ დიღომში ოთხ შვილთან, მათ შორის, ერთ ინვალიდ შვილთან ერთად. ეს არის გაბერილი ციფრები, რომელიც დასათვლელია პროფესიონალი აუდიტების მხრიდან.
როგორ გგონიათ, დავების საბჭოს რომ განეხილა თქვენი საჩივარი, ფინანსურ პოლიციაში საქმე არ აღიძრებოდა?
- დავების საბჭომდე ვერ მოვასწარით, რადგან ამ თაღლითმა ქალბატონმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. მან თავმჯდომარის ლეგიტიმაციაც სადაო გახადა, მოიწვია კრება და საბუთი შეიტანა შემოსავლების სამსახურში, თავმჯდომარედ მე ამირჩიესო. შემოსავლების სამსახურში აღმოაჩინეს, რომ თავმჯდომარედ კი არ აირჩიეს, არამედ მან ყალბი სია წარადგინა, ისეთი ხალხი წარადგინა, ვინც არ იყო ამხანაგობის წევრი. ამიტომაც უარი უთხრეს და საბუთი უკან დაუბრუნეს. ახლა ეს საბუთები მე შემაქვს პროკურატურაში, რადგან ეს არის თაღლითობა. ამით რომ ვერ მიაღწია თავის მიზანს, მეორე გეგმა ჰქონდა რეზერვში და პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ამისთვისაც მზად ვართ.
შესაძლოა, ზაზა რაზიკაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეეფარდოს.
- საერთოდ, ეს თეთრი საყელოს დანაშაულებში განიხილება, რაც ნიშნავს, რომ მაღალი კლასის მენეჯერებს საშუალება ეძლევათ, დაამტკიცონ ფინანსური სიმართლე და, პარალელურად, გააგრძელონ მუშაობა, რათა მშენებლობის პროცესს ხელი არ შეეშალოს.
საბოლო მიზანი მაინც მშენებლობის დასრულებაა. ანუ მშენებლობა არ შეფერხდება?
- რაც ამ ქალბატონმა ჩაიდინა, ძალიან ცუდია ხალხის ნერვიულობის თვალსაზრისით, მაგრამ იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემები მშენებლობას, ზაზამ თავად დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფს გადააბარა ეს უფლებამოსილება და ის ხალხი მუშაობს.
ოლიმპიურ ვარსკვლავს რა ვალდებულებები აქვს?
- ამხანაგობის 300 წევრია და ბევრი მათგანი აღშფოთებული და შეშინებულია იმით, რაც ხდება.
თვითონ ზვიადაურის პოზიცია როგორია? ამ თემაზე მას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება.
- მოგეხსენებათ, ზვიადაური პარლამენტშია. ის გავიდა მაშინ, როცა გააკეთა განცხადება პოლიტიკაში წასვლის შესახებ. მას მე ჩავენაცვლე, მივეცი საშუალება, ის პოლიტიკაში ყოფილიყო. ჩემი ომი ეს იყო და მისი ომი პოლიტიკა იყო. ზვიადაურის მაგივრად მე ვარ დამფუძნებლებს შორის, ჩემი ძმა თავმჯდომარე იყო და დარტყმის მთავარი ობიექტიც ის აღმოჩნდა.