პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ და გთხოვოთ, რომ ეს წერილი, მიუხედავად მისი მოცულობისა, წაიკითხოთ გულდასმით და არა სტრიქონებს შორის ან/და სიტყვების გამოტოვებით. ამ წერილის არც ერთი წინადადება და არც ერთი პასაჟი, არ ემსახურება რომელიმე კონკრეტული ადამიანის შეურაცხყოფას, მისი აზრისა და სიტყვის თავისუფლად გამოვლენის შეზღუდვას და არ აკნინებს მის მნიშვნელობას საზოგადოებაში, რომელშიც ვცხოვრობთ. მიზნად არ ისახავს, კონკრეტულ პირთა დისკრედიტაციას. ეს წერილი წარმოადგენს სათქმელს, რომელიც, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მსურს ვუთხრა ასევე რიგით მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
აქვე მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წაიკითხავს ჩემს წერილს, კომენტარის გაკეთებისას დაფიქრდეს რას წერს, რატომ წერს, რა საფუძვლით წერს და რისთვის წერს. ასევე მინდა გთხოვოთ თავი შეიკავოთ ყოვლად უაზრო კომენტარებისგან, რომელიც ეხება ჩემს გარეგნობას, ჩაცმულობას, პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ თუ სხვა კუთვნილებას.
...
ის, რაც დღევანდელ საქართველოში ხდება პოლიტიკურ, სოციალურ, თუ კრიმინოგენურ ჭრილში, ხდებოდა არაერთგზის როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში გუშინ, გუშინწინ და დღესაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შექმნილი ვითარება არის უნიკალური მთელ მსოფლიოში და ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ის რაც არის - ასეთად უნდა მივიღოთ ჩვენ, საქართველოში მცხოვრებმა რიგითმა ადამიანებმა. ვითარება, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში არ არის მიმართული ადამიანის, როგორც სამყაროში არსებული ერთ-ერთი უზენაესი ღირებულების განმტკიცებისაკენ.
ყოვლად ისტერიულ, სტრესულ გარემოში გატარებული ყოველდღიურობა, მნიშვნელოვან დაღს ტოვებს თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ფსიქიკაზე, მოქმედებათა გააზრებაზე, მიზეზებსა და შედეგებზე, ჩვენს გადაწყვეტილებებზე.
ფიქრისათვის აუცილებელი დროისა და ხშირ შემთხვევაში სურვილის (ვინაიდან ასე უფრო „კომფორტულია“) არარსებობის გამო, ადამიანი გადადის რეფლექტორულ, იმპულსურ ქცევაზე, რომელსაც საფუძვლად არ აქვს ამა თუ იმ მოვლენის გააზრება.
საზოგადოებაში, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებში, მედია საშუალებების ნაწილში, საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სეგმენტში, ნორმად არის ქცეული პასუხისმგებლობისაგან თავის აცილებისა და არაკომპეტენტური პერსონალის პრაქტიკა. ასევე ყველაფრისათვის პოლიტიკური ელფერისა თუ პირის პოლიტიკურ, რელუგიურ, ამა თუ იმ სოციალურ თუ „ბომონდურ“ კუთვნილებისა და შესაბამისი იარლიყის მინიჭება/მიწეპების პრაქტიკა („ნაცი“, „ქოცი“ და ა.შ). ფიქრისათვის აუცილებელი დროისა და ხშირ შემთხვევაში სათანადო სურვილის არარსებობით, ასევე განპირობებულია პრობლემების მიზეზის გარეთ ძიების მეთოდი. სამწუხაროდ, ეს ბევრად მარტივია, ვიდრე ის, რაც მოითხოვს შრომასა და ანალიზს. ასევე ხშირია პირის განსჯა, როდესაც მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ფლობ მის და მისი ცხოვრების შესახებ.
რატომ ვართ ამ მდგომარეობაში? ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით (პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ, მენტალურ ჭრილებში), განპირობებულია საკმაოდ ბევრი კომპლექსური ფაქტორით, საბჭოთა კავშირის დროს არსებული საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით და უახლესი 25 წლიანი (დაახლოებით) გამოცდილებით. ჩვენ, როგორც ინდივიდუალობებს, ადამიანებს და ერს, არაერთხელ გქვონდა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით როგორც შემდგარი ერი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, როგორც სახელმწიფო, სადაც მენეჯერებს, რომლებსაც ვირჩევთ დროის გარკვეული მონაკვეთით, აქვთ სამოქალაქო თვითშეგნება, პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება.
რატომ ვერ შევძელით? ვერ შევძელით უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არ გვაქვს გააზრებული ინდივიდუალურ დონეზე თუ რა უნდა თითოეულ ჩვენთაგანს, რატომ უნდა, როდის უნდა, სად უნდა და რომ ექნება ის, რაც უნდა, რა მოხდება, რისთვის მოხდება და რატომ მოხდება შემდგომ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს თუნდაც წარმოსახვითი ღერძი საკუთარი თავის გააზრებისა, ადგილისა და მნიშვნელობის წარმოდგენა ქვეყანაში, რომელშიც ვართ და რომელიც დღეს არ მოგვწონს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ეტაპამდე, სამწუხაროდ არ არის ინდივიდუალობებისგან შემდგარი. საზოგადოება, რომელიც კოლექტიური ქვეცნობიერი მოქმედებებით ხელმძღვანელობს, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში გამორიცხავს მრავალი აზრისა თუ განსხვავების პატივისცემას და მათი არსებობის უფლების აღიარებას.
დომინირებული, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად შექმნილი საზოგადოებრივი აზრი, იმარჯვებს ადამიანთა პირად, ინდივიდუალურ მოსაზრებებზე, რაც შემდგომ იწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ნიველირებას და დაცინვას.
იქმნება პოლიტიკური პოლარობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ასოცირდება „პროგრესულის“ და „რეგრესულის“ იარლიყებთან. ჩვენი პოლიტიკური „კულტურა“, უკულტურობის ნათელი მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის, რაც ასევე პრაქტიკულად თითოეული ჩვენგანის „მონაპოვარია“. ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვსურს, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვამ გააკეთოს და ამადროულად, იმ სხვას ვირჩევთ არა პროფესიული (კვალიფიციურობის თვალსაზრისით) არამედ „მეგობარი/ნაცნობი/პოლიტიკური გუნდის წევრი“ - პრინციპით.
ჯამში, თითოეული ჩვენთაგანის მიერ გასაკეთებელი საქმის, სხვაზე დაკისრების ილუზიაში გადის წლები.
საკვანძო პრობლემები, რომლებიც სახეზეა ხშირ შემთხვევაში: არ გვაქვს გააზრებული ადამიანის, როგორც სამყაროში ერთ-ერთი უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა; არ გვაქვს გააზრებული ჩვენი საკუთარი თავი (სურვილები, ღირებულებები, მისწრაფებები, მიზნები, ამოცანები, განხორციელების გზები); არ გვაქვს გააზრებული ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის, როგორც სამყაროში არსებული ერთ-ერთი უზენაესი სიკეთის განმტკიცებას; ზემოხსენებული პრობლემების დაუძლევლად, შეუძლებელია ინდივიდუალური, დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნება.
მნიშვნელოვანი როლი ყოველი საზოგადოებისათვის არის განათლება. დაწყებითი (სასკოლო) განათლებიდან - უმაღლესი განათლების ჩათვლით. განათლებაში ასევე ვგულისხმობ იმ ღირებულებების შესახებ ცოდნას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. სამწუხაროდ, უახლოესი 25 წლის განმავლობაში, ამ საკითხის ირგვლივ ჯერ არ ჩამოყალიბებულა ქვეყანაში ერთიანი გრძელვადიანი ხედვა. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი არის მხოლოდ იმპულსური. განათლებაში მნიშვნელოვანი ფინანსური თუ ინელექტუალური რესურსის ინვესტირების გარეშე, შეუძლებელია ვისაუბროთ ქვეყნის მიზანმიმართულ, გრძელვადიან და გააზრებულ წინსვლაზე.
სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუციები: საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, ტენდენციების, კმაყოფილება/უკმაყოფილების განსაზღვრისათვის, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) ხელისუფლებაში დასაქმებული პირები იყვნენ კომპეტენტურნი, პასუხისმგებელნი და იზიარებდნენ (გააზრებული ჰქონდეთ), რომ სამყაროში ერთ-ერთ უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მიუხედავად პოლიტიკური, სოციალური, სქესობრივი, რასობრივი და სხვა კუთვნილებებისა. ჩვენ, ჩვენი უახლოესი წარსულის განმავლობაში (ხელისუფლებაში არსებული მცირერიცხოვანი კამონაკლისების გარდა) ასეთი ხელისუფლება არასდროს გვყოლია. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ არ ვართ ასეთნი.
პასუხისმგებლობა
შეუძლებელია პირმა სხვას მოსთხოვოს რეალურად იყოს პასუხისმგებელი, თუ თვითონ არ არის პასუხისმგებელი ყველა იმ მოქმედებაზე, რომელსაც ანხორციელებს. ბუნებრივია, ნაცნობობით, მეგობრის თხოვნით ან თუნდაც სპონტანურად, ან წინა ხელისუფლების (ან მისი რომელიმე კონკრეტული პირის) ჯინაზე გაკეთებული არჩევანი (საარჩევნო ყუთთან) არ არის გააზრებული ქმედება. თუ არ არის გააზრებული, ესე იგი არ არის პასუხისმგებლობით დატვირთული.
ჩვენ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, ერმა და საზოგადოებამ, მთლიანობაში უნდა შევძლოთ ვისწავლოთ ვიყოთ პასუხისმგებელნი. საკუთარ თავზე ავიღოთ მხოლოდ ის, რაც ვიცით რომ შეგვიძლია გავაკეთოთ და მხოლოდ ის, რაშიც ვართ კომპეტენტურნი.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, ქვეყანაში მოხდა რამდენიმე ათეული მკვლელობა. საზოგადოება ბჭობს მკვლელობის მიზეზებზე, ხშირ შემთხვევაში ამართლებს მკვლელს და ა.შ. ჩვენ სულ ვბჭობთ. არ ვიცნობთ ადამიანებს, მაგრამ განვიხილავთ. არც ერთ შემთხვევაში (თვითმოგერიების გარდა, თუმცა ესეც შეიძლება საკამათო იყოს) ადამიანის მკვლელობას არ აქვს გამართლება!
კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაში ასევე ყველას მიგვიძღვის ჩვენი წილი ბრალეულობა. მიგვიძღვის უმოქმედობისათვის. რა უნდა გავაკეთოთ? ამ და სხვა ბევრ შემთხვევაში, როდესაც საუბარია სამოქალაქო საზოგადოებაზე, პასუხისმგებლობაზე, კომპეტენტურობაზე, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ჩვენს თავს და ასევე იმ პირებს, ვის უშუალო სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის ასეთი ვითარებისგან საზოგადოების წევრთა დაცვა - პასუხი და მოქმედება.
საქართველოში, რატომღაც მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივმა აზრმა თქვა“, რომ დემოკრატია არის, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თითოეული პირი, რომელიც ჩვენ მიერ არჩეულია იყოს იმ ვადის განმავლობაში, რა ვადითაც არის არჩეული. ეს ასე არ არის. ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა მოვთხოვოთ ყველას, ვის უფლება-მოვალეობაშიც შედის კონკრეტული საქმის კეთება - აკეთოს ეს საქმე, კეთილსინდისიერად, საგნობრივად, ხარისხიანად.
ქვეყანაში არსებული ვითარება ასევე მნიშვნელოვნად არის განპირობებული ორი დიდი ძალით - მედია საშუალებების მოქმედება/უმოქმედობით და საქართველოს საპატრიარქოს ინსტიტუციაში შემავალი კონკრეტული პირების დამოკიდებულებით ადამიანის, როგორც სამყაროში ერთ-ერთი უზენაესი ღირებულების მქონე სიკეთის მიმართ.
ორივე ინსტიტუციას აქვს ძალიან დიდი როლი და ფუნქცია საზოგადოებრივი აზრისა თუ დაკვეთის ფორმირების ასპექტში.
მედია საშუალებების ფორმატი გულისხმობს „ყურებადი“ ინფორმაციის მიწოდებას, ხოლო „ყურებად“ ინფორმაციას (დაკვეთას) განსაზღვრავს საზოგადოება. ამ წრეში ჩემ მიერ ამ წერილის სხვადასხვა მონაკვეთში ნათქვამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მედია მესაკუთრის მიერ საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებისას იმ ურთიერთკავშირის გააზრება, რომელიც პირდაპირ კავშირშია საზოგადოების ჯანსაღ (მენტალური თვალსაზრისით), ხოლო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.
მნიშვნელოვანია ასევე სასულიერო პირთა როლი, ვინაიდან მათ ყოველდღიური შეხება უწევთ მრავალრიცხოვან მრევლთან. მათ შეიძლება გააღვივონ ადამიანთა შორის სიყვარულის და ურთიერთობების მნიშვნელობის ღირებულებები, ასევე შეიძლება გააღვივონ განსხვავებულის სიძულვილის, ერთის მიერ მეორის დამორჩილების ჩვეულებრივობის ღირებულებები.
გამიგრძელდა წერილი და დასასრულისკენ შევაჯამებ კონკრეტული მაგალითის მოყვანით. რომელზეც მესმის, რომ როგორც წერილის შინაარსთან მიმართებაში, შესაძლოა გაგიჩნდეთ განსხვავებული აზრი.
2014 წლის 17 ოქტომბერს მოხდა ქალბატონის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლის, მკვლელობა. ვინ არის პასუხისმგებელი? ვინ არ გააკეთა ის, რაც იყო მისი სამსახურეობრივი, ან/და მოქალაქეობრივი მოვალეობა და გამოიჩინა გულგრილობა? - პირველ რიგში საზოგადოება (მათ შორის მე), რომელიც ვუყურებთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მაყურებლის თვალით და ვმოქმედებთ იმაზე ბევრად ნაკლებს, ვიდრე პირი, რომელიც შეიძლება იწოდოს სამოქალაქო საზოგადოების სრულუფლებიან წევრად.
ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფალი, რომელსაც სათანადოდ არ ვთხოვთ პასუხს (ზემოთ ვისაუბრე ამ არჩევანის გააზრებაზე).
უშუალოდ პასუხისმგებელი პირები: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია მუქარის შესახებ და რეაგირების გარეშე (გულგრილობა) დატოვეს ეს შემთხვევა; ყველა ის ადამიანი, ვინც იცოდა ამ მუქარის შესახებ და არავითარი რეაგირება არ მოუხდენია; ყველა, ვინც რაიმე ფორმით ამართლებს ამ და სხვა მკვლელობებს; ის ადამიანები, რომლებსაც ეხებათ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება/პრევენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; მკვლელობის შემდეგ - ყველა ის პირი, რომელიც საკუთარი თანამდებობის დაკარგვის გამო საზოგადოებას აწვდის „ნაგვის“ ვერბალურ ლუკმას. ყველა ზემოჩამოთვლილი ადამიანი არის მრავალგზის დამნაშავე საზოგადოების დანარჩენი წევრების წინაშე, რადგან არ იღებს და არ ინაწილებს პასუხისმგებლობის საკუთარ წილს და ისევ, მეასიათასეჯერ მიუთითებს თითით იმაზე, რომ პრობლემა და ამ პრობლემის მიზეზები სხვაგან არის.
რა იქნებოდა ადეკვატური რეაქცია?
მესმის, ბევრი ასე არ ფიქრობს, მაგრამ მაინც - ჩემთვის ადეკვატური რეაქცია იქნებოდა, რომ: დავფიქრებულიყავით ამ ყველაფერზე... დათხოვილი ყოფილიყო პარლამენტი, ან პარლამენტართა დიდ ნაწილს საკუთარი ნებით ეთქვა უარი თანამდებობაზე; მინისტრთა კაბინეტს ეთქვა - „ხელახლა გამომიცხადეთ ნდობა თუ არ მენდობით“; თანამდებობებიდან განთავისუფლებულიყო ძალოვანი სტრუქტურის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეეძლო ძალადობის აღკვეთა (ჰქონდა ინფორმაცია და არ განახორციელა პირდაპირი პრევენციული მოქმედებანი); სტუდენტებს მოეთხოვათ უნივერსიტეტების უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, ასევე მოეთხოვათ უსაფრთხოების სამსახურის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და რექტორის პასუხისმგებლობა; სასულიერო პირებს მოეწოდათ მრევლისთვის ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემის შესახებ და დაეგმოთ მომხდარი; სატელევიზო ეთერი ყოფილიყო საგნობრივი და არა შოუ, რომელიც ყურებადია; საზოგადოების „ბომონდ“-ს გაენალიზებინა, რომ სხვისი (ამ შემთხვევაში თუნდაც ჩემი) მისამართით გაკეთებული განცხადებები მათ მხრიდან, ეწინააღმდეგება პრაქტიკულად ყველაფერს, რაც ზემოთ დავწერე; უბრალოდ ადამიანებს, რომლებსაც სურთ რამე დაწერონ იმის გააზრების გარეშე თუ რას წერენ, არ დაეწერათ და ამ დროის განმავლობაში ეფიქრათ...
ბოლოს...
სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ, როგორც ერი, საზოგადოება და სახელმწიფო არ(ვერ) შევდექით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შეუძლებელია.
შეუძლებელია გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება ამ ცხოვრებაში.
ამიტომ, მინდა გთხოვოთ დავფიქრდეთ, გავიაზროთ, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს...
მოვთხოვოთ პასუხი და მოქმედება პირველ რიგში ჩვენს თავს, შემდგომ კი ყველა იმ პირს, ვინც პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება.
ჩვენი ცხოვრება განსაზღვრულია გარკვეული დროით...
მინდა მადლობა გითხრათ რომ წაიკითხეთ ის, რისი თქმაც თქვენთვის მინდოდა.