პირი, რომელმაც „ილიაუნის“ ინგლისური ენის ლექტორი, მაკა წივწივაძე მოკლა მისი ყოფილი ქმარი, ლაშა მაღრაძეა. ლაშა მაღრაძე ორჯერ ნასამართლევია და 2012 წელს მასშტაბური ამნისტიისას გათავისუფლდა. შემთხვევა, „ილიაუნში“ დილით მოხდა. ყოფილმა ქმარმა, წივწივაძე ოთახიდან გამოიყვანა და რამდენიმეჯერ ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მაღრაძე ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხება წივწივაძეს ის „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაკა წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მაკა წივწივაძის ახლობლები, მომხდარში პოლიციას ადანაშაულებენ. მათივე განცხადებით, მაკა წივწივაძეს ქმარი მოკვლით ემუქრებოდა, რაზეც მან პოლიციას არაერთხელ მიმართა. მათი თქმით, მაკა წივწივაძე ერთი თვის განმავლობაში პატრულს სთხოვდა, რომ ქმრის მუქარის საწინააღმდეგოდ ზომები მიეღო, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
გარდაცვლილის დედა, ამბობს, რომ მის ყოფილ სიძეს დიღმის პოლიციის უფროსის მოადგილე მფარველობდა. როგორც ეკა წივწივაძის დედამ აღნიშნა, ლაშა მაღრაძე ორჯერაა ნასამართლევი და ამნისტირებულია. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი პარალელური კლასელები იყვნენ და ისინი ერთად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
„ჩემმა შვილმა დაოჯახების შემდეგ შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნარკომანი იყო. ყოფილი სიძე მაკა წივწივაძეს ემუქრებოდა, რასთან დაკავშირებითაც პოლიციას მუდმივად ვატყობინებდით, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ყოველ დღე დანის ტრიალში ყავდა. 1 წელია რაც გაჰყვა და თვენახევრის წინ კი გაშორდა.
სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ემუქრებოდა, ეშინოდა და მე ვეუბნებოდი რომ წამოსულიყო, ყოველდღე პოლიციაში ვიყავით და ვწერდით განცხადებებს, ვვარაუდობ, რომ ყოფილმა ქმარმა ნაცნობი მოძებნა. ის ბიჭი დიღმის პოლიციის უფროსია, მასაც ლაშა ჰქვია, ის მფარველობდა და ამიტომაც არაფრის არ ეშინოდა. საშიშროებიდან გამომდინარე, მაკა უნივერისტეტში მე მივაცილე“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.
შსს-ში ადასტურებენ, რომ წივწივაძე პირველად 22 სექტემბერს, რუსთავის განყოფილებაში, მეორედ 26 სექტემბერს კი, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ მეუღლე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულზე პოლიციამ რეაგირება მოახდინა, შედგა გასაუბრების ოქმები, როგორც მარიამ წივწივაძესთან, ისე მის მეუღლესთან.
„წივწივაძე ითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ შეეწუხებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შემაკავებელი ორდერის გამოწერა მომხდარიყო. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ პირობა დადო, რომ აღარ შეაწუხებდა ყოფილ მეუღლეს და ბოდიში მოიხადა. მეორედ მარიამ წივწივაძემ დიდუბე-ჩუღერეთის რაიონულ განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ ლაშა მაღრაძე შეურაცხმყოფელ მესიჯებს უგზავნიდა და თან შერიგებას სთხოვდა. მაღრაძე 29 სექტემბერს ამავე განყოფილებაში დაიბარეს და გაფრთხილება მისცეს, რომ თუ ყოფილ მეუღლეს ისევ შეაწუხებდა, კანონის შესაბამისად აგებდა პასუხს. ამის შემდეგ მარიამ წივწივაძეს პოლიციისთვის აღარ მიუმართავს“, - განაცხადეს შსს-ში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით, ერთხმად, საკანონდმებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით ცვლილებები საკუთრივ „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში და მთელ რიგ სხვა კანონებში შედის. პროექტის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები დამატებითი უფლებებით ისარგებლებენ. საკანონმდებლო პაკეტით დაზარალებულთათვის უფლებებისა და დაცვის გარანტიების გაზრდა ხდება. კენჭისყრის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარე „ილიაუნში“ მოხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„პროექტს ჩვენ კენჭს ვუყრით იმ საზარელი ტრაგედიის ფონზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში დატრიალდა. იქნებ ამ კანონებით შევეხმიანოთ ამ უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ კანონი ვერაფერს უშველის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ტრაგედიის მიზეზების დადგენა, რადგან ოჯახური ძალადობის დროს მკვლელობა უმიზეზოდ არასოდეს ხდება.
„მოხდა ოჯახური ძალადობის მორიგი ტრაგიკული შემთხვევა. ჩვენ დღეს კენჭი ვუყარეთ პაკეტს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისთვის პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებას და გამკაცრებას. ჩვენ ამისთვის კანონებს ვცვლით. ვამკაცრებთ და ვითვალისწინებთ ვითარებას, რომელიც არის შექმნილი. ეს არ არის საკმარისი.
ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევას სჭირდება სიღრმისეული შესწავალა. რა იყო ამ შემთხვევაში ამ ტრაგედიის მიზეზი, რადგან არც ერთი მკვლელობა არ ხდება უმიზეზოდ განსაკუთრებით როცა ოჯახური ძალადობაა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი ეს საქმე. შეიძლებოდა თუ არა პრევენცია და რა ფრომით, ვინ იყო პასუხისმგებელი“, - განცხადა ეკა ბესელიამ.
ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე განმარტავს, რომ აგრესიას ადამიანი რთავს მაშინ, როდესაც თვლის, რომ სამართლიანია მისი აგარესია.
„მკვლელობა ხშირად ხდება შელაპარაკების მიზნით, მაქვს მოტივი, რომ თუ მართალი ვარ ხელი აღვმართო, აი ეს „სიმართლე“ რომელიც ჩადებულია კულტურაში, აძლევს მას შელაპარაკების შედეგად მკვლელობის საფუძველს. ამ ტრაგედიების იქით იკითხება ის, რომ ქმრები თავიანთ საკუთრებად განიხილავენ ცოლებს და თვლიან, რომ თუ ცოლი გაშორდა, ეს მათ უფლებას მაინც არ წყვეტს, ეს მათ აძლევთ უფლებას განაგონ ცოლის ცხოვრება ისე, როგორც ადრე.
ეს არაა ცალკეული პიროვნებების პრობლემა, ეს კულტურაშიც არის ჩადებული, რაც უბიძგებს ამ ტიპის ნაბიჯისკენ და ეს არის დასაფიქრებელი, გასაანალიზებელი და საპოვნელი ის ღილაკი, რომელიც რთავს ამ აგრესიას. აგრესიას ადამაინი რთავს მაშინ, როდესაც თვლის, რომ მისი აგრესია სამართლიანია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.