„ჯერ, პროცესია შესაჩერებელი, რომ ადამიანები არ წავიდნენ და მერე ვიფიქროთ მათ დაბრუნებაზე“

„ჯერ, პროცესია შესაჩერებელი, რომ ადამიანები არ წავიდნენ და მერე ვიფიქროთ მათ დაბრუნებაზე“

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ფიქრობს, რომ მრავალი ქართველი, რომელიც თავის დროზე საქართველოდან გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდეს და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს. აღნიშნული განცადება ნორლანდმა დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„და ეს არ არიან მხოლოდ ცნობილი ადამიანები, ისეთები, როგორიც მაგალითად იყო ალექსანდრე ქართველი, წარმოშობით ქართველი ამერიკელი ავიაინჟინერი, ან ჯორჯ ბალანჩინი, ცნობილი ქორეოგრაფი, ესენი არიან პროფესიონალები სხვადასხვა დარგში, მათ შორის, ექიმები და სხვა, რომლებიც დღესდღეობით ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ მათი სამშობლოს აღორძინებაში“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ერთ მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია გასული. მინისტრის აზრით, ეს მონაცემები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ამ ადამიანების პოტენციალი გამოიყენოს ქვეყანამ და ქვეყნის ეკონომიკაში მათი ჩართულობის ხარისხი იყოს მაღალი.

ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მხრიდანაც არაერთი მოწოდება გაისმა ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. უფრო ადრე მსგავსი მოწოდება ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა გააკეთა და სანანებლად გაუხადა სამშობლოში დაბრუნება იმ ემიგრანტებს, ვინც მას ენდო.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესდღეობით ქართველი ემიგრანტების დაბრუნების პროგრამა მთავრობის კანცელარიაში დევს, მაგრამ გაუგებარ ბიუროკრატიულ ბარიერთა გამო, პროგრამის განხორციელებას მსვლელობა არ ეძლევა. ამ ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენ მთავრობის კანცელარიაში შევეცადეთ, თუმცა არც დადებითი პასუხი მიგვიღია, არც უარყოფითი.

სამაგიეროდ, დიასპორის ეკონომიკურ ფორუმზე გაირკვა, რომ ქართული დიასპორის ინვესტიციების სამიზნე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებია. ფორუმზე ჩამოსულ ქართველ ემიგრანტთაგან ზოგს აბასთუმანში საკალმახე მეურნეობის გაშენების იდეა იზიდავდა და საამისოდ 100 ათას ლარს აბანდებდა, ზოგს - წალკის რაიონში კარტოფილის კულტურის მოყვანა აინტერესებდა, ზოგსაც მეცხოველეობა, ბიზნესკონსალტინგი და ტურიზმის განვითარება. თუმცა ასეთები ერთეულნი იყვნენ საქართველოდან გასულ ერთ მილიონ ემიგრანტს შორის.

საქართველოში ემიგრანტების მასობრივ დაბრუნებას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე უტოპიურად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ზედმეტ ილუზიას და მოლოდინს ნუ შევიქმნით, რადგან ეს ადამიანები წასულნი არიან იმიტომ, რომ საქართველოში საკუთარი თვითრეალიზება ვერ მოახდინეს. ამდენად, არარეალურია, რომ ეს ადამიანები თავს დაანებებენ თუნდაც არალეგალურ 2000 ან 2500-დოლარიან სამსახურს ევროპაში და ჩამოვლენ საქართველოში, სადაც საშუალო ხელფასის დონე 700-800-ლარია.

მისი თქმით, ამდენი ადამიანის დასაქმების თეორიული შანსი დღესდღეობით საქართველოს არ აქვს და 50 %-იანი უმუშევრობაა. ამის გათვალისწინებით, მოლოდინი იმისა, რომ რაღაც მოტივაციური ფაქტორი აიძულებს ადამიანს, დატოვოს ანაზღაურებადი სამუშაო ევროპაში, აზიაში, რუსეთში თუ უკრაინაში და ჩამოვიდეს საქართველოში სამუშაოდ, ან ეძიოს სამსახური, არარეალისტურია.

„არ ვიცი, ემიგრანტთა დაბრუნების დოკუმენტი არსებობს თუ არა. ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პროექტების ინიციატორები პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რეალობას მოკლებულ და არა წმინდა ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებულ ინიციატივას აჟღერებენ. ქართულ ეკონომიკას ჩვენი ემიგრანტები ვერ გააძლიერებენ, ჩვენი ეკონომიკა უნდა გააძლიეროს ბიზნესმა. თავად ბიზნესი უნდა გაძლიერდეს, რისთვისაც საჭიროა სპეციალური სახელმწიფო ხედვის, ერთიანი კონცეფციის, ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვეცმს ათი წლის შემდეგ ვიფიქროთ ამ ადამიანების დაბრუნებაზე.

დღეს საქართველოდან გადინების პროცესი ცალსახად გამოკვეთილია. ამიტომ, ჯერ, ეს პროცესია შესაჩერებელი, რომ ადამიანები არ წავიდნენ და მერე ვიფიქროთ მათ დაბრუნებაზე. თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა დაახლოებით 10%-ს არ მიაღწია, მერწმუნეთ, ამ ადამიანების დაბრუნების პერსპექტივა მინიმალურია“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში იხსენებს, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფციას ამუშავებდნენ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“, მათთვის საინტერესო იყო ემიგრანტების რეალური მდგომარეობა და მათი თანდათანობითი მობრუნება. აღმოჩნდა, რომ ხარკოვში მცხოვრები ემიგრანტი მერაბ სტურუა ამ თემაზე მუშაობდა. არჩევნების შემდეგ, როცა მთავრობამ ეს კონცეფცია გვერდზე გადადო, მერაბ სტურუამ გააგრძელა ბრძოლა და ყველაფერი კანცელარიაში წარადგინა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღია.

„არადა, აბსოლუტურად ნორმალური პროგრამაა, იგი ითვალისწინებს იმ საკანონმდებლო გარანტიებს, როცა ადამიანებს შეეძლებათ აქ შემოიტანონ მათ მიერვე გამომუშავებული ფული. ცხადია, ემიგრანტი ქართველი, რომელმაც იშრომა და სრულიად უცხო გარემოში გამოიმუშავა ფული, უფრთხილდება ამ ფულს და მას სჭირდება გარანტიები. ამიტომ ინვესტიციის მოცულობის მიხედვით, შეიძლება დაუწესდეთ გარკვეული საგადასახადო რეჟიმები, სამუშაო ადგილების შექმნასთან მიბმული რეჟიმები და ა.შ. განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება საკუთრების უფლების დაცვაზე, სამართლიანობაზე, რომ დავის შემთხვევაში, ობიექტურ სასამართლოში შეეძლოთ მისვლა. საღად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა გვჭირდება, სადაც განსაზღვრული იქნება ემიგრანტების სერიოზული წვლილი და როლი“, -აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს, საკმაოდ ბევრი ემიგრანტი, შეძლებული ადამიანი მზად არის, ბიზნესი განავითაროს საქართველოში. ანალიტიკოსი იმ სამწუხარო ფაქტსაც იხსენებს, როცა საფრანგეთში მცხოვრებმა შეძლებულმა ქართველმა დამოუკიდებელი ინიციატივით, საქართველოში სერიოზული ბიზნესი ააწყო, შესანიშნავი ტექნიკა შემოიტანა, თუმცა მას ისე ცუდად მოექცნენ, რომ გაიქცა კაცი, არ მოერიდა დანაკარგებს და თქვა, მორჩა, აქ უკვე მუშაობა აღარ შეიძლება. ასეთი უარყოფითი ქმედებები დაიწყო ძველმა ხელისუფლებამ და გააგრძელა ახალმა.

რაც შეეხება მილიონი ქართველის მასობრივ დაბრუნებას, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ამით დაიღუპება ქვეყანა, რადგან დამატებით მილიონი უმუშევრის გამოკვება ტოტალური უმუშევრობის მქონე ქვეყანაში შეუძლებელია. მილიონმა ადამიანმა შესაძლოა, დანაზოგით გარკვეულ ხანს გაძლოს, მაგრამ დიდხანს უსაქმურად ვერ გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები მიჩვეულნი არიან შრომას. მათ ხომ სრულიად უცხო გარემოში ფული გამოიმუშავეს. ამიტომაც არ ჩამოდიან აქ, რადგან შესანიშნავად იციან, არაერთი ქართველი ემიგრანტი ბიზნესმენის სავალალო მდგომარეობა.

„თავის დროზე ჩვენ შევთავაზეთ ინფორმაციის სამინისტროს შექმნა, რომელიც ყოველდღიურად სრულ ინფორმაციას განათავსებდა ინტერნეტში. აქ იქნებოდა ყველა გადარიცხვა, ყველა გადაწყვეტილება, ბრძანება. ეს მთლიანად ცვლიდა ბიუროკრატიულ მექანიზმს, რაზეც მთავრობა ჯერჯერობით ვერ წავიდა. არადა, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ შეგვიძლია, ყველა მაღალჩინოსნის საქმიანობა გამჭვირვალე გავხადოთ და ეს იქნება უზარმაზარი შემაკავებელი ბერკეტი მათ მერკანტილურ ინტერესთა დაკმაყოფილების წინააღმდეგ“.